Friday, December 2, 2011

ბრძენ კაცს უთქვამს, ქალს რად უნდა განათლებაოო...

–რამდენი გოგო ხართ გუნდში?
–სამი
–ა, ანუ მოგების ნაკლები შანსი გაქვთ, სამი გოგო გუნდში... ბიჭები მაინც უფრო ჭკვიანები ვართ, ხო იცი...

სიტყვა "ვბრაზდები" მსუბუქია იმასთან შედარებით, რაც მემართება, როცა ასეთ დიალოგებს ვისმენ.
ეს და სხვა ბევრი ასეთი "გენიოსური იდეა" არის ქალის ძააალიან ღიად გამოხატული დისკრიმინაცია. არაერთი მამრისგან გამიგონია, რომ გოგო ვერასდროს მივა ბიჭის ინტელექტამდე, რომ ქალები სულელები არიან და მხოლოდ დეკორატიული თვისებები გააჩნიათ სამყაროში.
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამქვეყნად ბევრი სულელი გოგო არსებობს?!
და ის თუ იცით, რამდენი იდიოტი ბიჭი არსებობს??
მე ვიცი.
და ჩამონათვალი შემიძლია მათგან დავიწყო, ვინც ზემოთქმულ აზრებს საჯაროდ აფრქვევს.
ჯერ ერთი ხომ იმაზე არ ჰყოფნით ტვინი, რომ რადგანაც მეტი მწერალი კაცი არსებობს (?), ესე იგი თვითონ ვინმეზე უკეთესები არიან. და მეორეც, იმდენი კულტურა არ გააჩნიათ, რომ ეგ გოგოებს არ უთხრან.
შედეგად საკუთარი სქესით გაამაყებული პირები მხოლოდდამხოლოდ უზრდელ (იდიოტების სიის სათავეში მოქცეულ) მამრ არსებებად რჩებიან.

და მაინც, რატომ არსებობს მეტი მწერალი მამაკაცი, მხატვარი მამაკაცი, მუსიკოსი მამაკაცი...? (?)
იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე ისინი დისკრიმინაციას უწევდნენ ქალების ნიჭს და საერთოდ პიროვნებას.
ყოველთვის კაცებს ენიჭებოდათ უპირატესობა, ეძლეოდათ განათლების საშუალება და უფლება, რომ საკუთარი ოჯახების გარდა სხვა საკითხებზეც ეფიქრათ. ქალის მხრიდან კი იგივე, სავარაუდოდ, ჩაქოლვით დასრულდებოდა.

უკანასკნელი წლების გამოჩენილ ქალებს კი ნუღარ ჩამომათვლევინებთ, ისედაც კარგად იცით.

P.S. ჯ.კ. როულინგი ჩემი საყვარელი მწერალია :)

P.P.S. თუ ამას დღევანდელი გმირები ნახავენ (ან რომელიმე მამრი თავს ამოიცნობს) და ეწყინებათ, აი დარდი :) მე თქვენგან განსხვავებით ზრდილობა მაინც მყოფნის, რომ პირში არ მიგითითოთ საკუთარი ინტელექტის სიმცირეზე...

Tuesday, November 1, 2011

ჟურნალისტებმა ბიძინა დატროლეს

ბიძინა ივანიშვილმა ნანატრი პრესკონფერენცია ჩაატარა. მივიდნენ ჟურნალისტები. დაისვა უამრავი კითხვა. ერთი შეხედვით ყველაფერი ბუნებრივია. მაგრამ....




ანი ჩახნაშვილის კომენტარი facebook-ზე:


აჰა, ჩავკალი ბიძინას პრესკონფერენცია (თუ საერთოდ ეგ ერქვა მაგას) დასკვნა:
1) ჟურნალისტიკა საქართველოში არ არსებობს.
2) ჟურნალისტები საქართველოში არ არსებობენ.
3) ბიძინას პრესმდივანი მაგარი საკაიფო კაცია :დ
4) იმედის ჟურნალისტს რაღაც დამამშვიდებელი აქვს საშოვნელი.. საწყალი გოგო.
5) საქართველოში ელემენტალური კულტურაც არ არსებობს.. :(
6) რეალ თV-ში ტროლები მუშაობენ.. (თან არც მალავენ.. ცოტა ხანში ლაშას მამას მკვლელობასაც ბიძინას დააბრალებენ..)
7) ამ საოცრებაში ვერაფერიც ვერ გავიგე ბიძინას გეგმებზე.. ისევ.. :დ




და არ შემიძლია, არ დავეთანხმო


წესით - ჟურნალისტი როცა მიდის პრესკონფერენციაზე დგება მომენტი, როცა მას კითხვის დასმის საშუალება ეძლევა. ჟურნალისტი დგება. ამბობს საკუთარ სახელს და გვარს, მედიასაშუალებას, ვისი წარმომადგენელიც არის. სვამს კითხვას. ჯდება. ისმენს პასუხს. თუ რესპონდენტმა გაურკვეველად უპასუხა, ჟურნალისტი კიდევ ერთხელ ცდილობს კითხვის დასმის უფლების მოპოვებას. თუ მოიპოვა ატრიალებს თავის შეკითხვას სხვა მხრიდან და ისე იმეორებს. ხოლო თუ ვერ მოიპოვა, იმას  უნდა დასჯერდეს, რომ თავის მაყურებელს აჩვენოს, როგორ აუარა რესპონდენტმა მის შეკითხვას გვერდი.

რა ხდება რეალურად - ჟურნალისტები აჟიტირებულები არიან. იბრძვიან მიკროფონისთვის. თავის მხრივ დაცვის წევრები (თუ ვინც არიან)  ეჯაჯგურებიან აღნიშნულ მიკროფონებს და ცდილობენ, მალე გამოსტაცონ ხელიდან ჟურნალისტებს. ჟურნალისტები აღშფოთებულები არიან, რომ არ ეძლევათ თავისივე დასმული კითხვის დაზუსტების საშუალება. დისკუსიაში შედიან რესპონდენტთან. ეჩრებიან ლაპარაკში.

წესით, ვიმეორებ - წესით, ჟურნალისტი, ერთი მხრივ, არის ამბის მიმტანი ერთი ადგილიდან მეორეზე. და მეორე მხრივ, საზოგადოექბისთვის საინტერესო კითხვების დამსმელი მნიშვნელოვანი პირებისთვის.

ამ დროს მიდის რეალტივის ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე, და მაშინ, როცა - 

1. ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობს
2.ხალხს უამრავი კითხვა აქვს
3.ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე კონკრეტული არაფერია ცნობილი
სვამს კითხვას, თუ რატომ არ უყვარს ბეღურები. და თან იქვე სავარაუდო პასუხებსაც სთავაზობს რაღაც მეცხლებზე და პინგვინებზე. 


უკაცრავად, მაგრამ რაში მაინტერესებს მე, საქართველოს რიგით მოქალაქეს, თუ რატომ არ უყვარს ბიძინას ბეღურები. არ უყვარს და ნუ უყვარს. მე ობობები არ მიყვარს. მერე რა... (თუ ოდესმე პრეზიდენტი გავხდები, ყველა ობობას გავწყვეტ ქვეყანაში O_o )


ჟურნალისტური ისტერიკების ფონზე არც ივანიშვილის (ალბათ) პრესმდივანი დამვიწყებია, რომელმაც პრესკონფერენცია გაკვირვების გამოხატვით დაიწყო. თურმე ნუ იტყვით და 15 წელია მედიასთან შეხება არ ჰქონია და ახალი სახეები დახვდა. ჯულიეტა ვაშაყმაძის მისვლას ხომ არ ელოდა პრესკომფერენციაზე? (თუმცა შეიძლება ისევ ჯულიეტას ეჯობნა ამათთვის) 


სამწუხაროდ, ისეთი ფრაზებს, როგორებიცაა "ჟურნალისტი ცოტა თავხედი უნდა იყოს", " კარს რომ მოგიხურავენ, ფანჯრიდან უნდა გადაძვრე" და  "სიტყვის თავისფლება", ზედმეტად პირდაპირ იგებენ. 


შედეგად კი ბიძინას გეგმებზე ისევ არავინ არაფერი იცის წესიერად... ნუ, არც არაწესიერად, პრინციპში.. 


P.S. მგონი მართლა დატროლეს 


Monday, October 31, 2011

დრაკონი გოგონას ტატუთი

- რა იდიოტურად დამთავრდა - გავიფიქრე და წიგნის უკანა ყდას დავაჩერდი. ანოტაციაში თვალი მოვკარი, რომ „გოგონა დრაკონის ტატუთი“ სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველი წიგნი ყოფილა...
-   მაშინ ხო... ალბათ, გაგრძელდება.

უკანასკნელ აბზაცის წაკითხვამდე, მეგონა, რომ სხვანაირად დასრულდებოდა. თითქმის ყველა ფურცელი ახერხებდა ჩემს გაკვირვებას და მანამდე ნავარაუდევი ვერსიების გაფანტვას. საერთოდ კი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სანამ პირველ გვერდს გადავშლიდი სულ სხვა წარმოდგენა მქონდა წიგნზე. „დრაკონის ტატუმ“ შეცდომაში შემიყვანა. ვიფიქრე, რომ მოვლენები ჩინეთში განვითარდებოდა, ან მინიმუმ აღნიშნული „გოგონა“ მაინც იქნებოდა ჩინელი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან წამოსული მეტროში ჩავედი და დაჯდომისთანავე წიგნი გადავშალე და თავი შვედეთში ამოვყავი. ჩინელი გოგონა შესახებ დაწერილი რომანტიკული ისტორიის მაგივრად კი ხელში (მეტად უცნაური) დეტექტივი შემრჩა.


რამდენიმე ადამიანის ისტორია, დანაშაული, მაქინაციები და საიდუმლოებები
ერთმანეთშია გადახლართული. ჟურნალისტ ბლუმკვისტს თავისდაუნებურად დაუჯერებელი დანაშაულის დაუჯერებელ კვალზე გავყავარ. ლიზბეთ სალანდერი კი აღმაფრთოვანებს ჰაკერული შესაძლებლობებით, უცნაური ქცევით და, რა თქმა უნდა, გარეგნობით. 

როცა ბლუმკვისტის გამოძიება ერთგვარი happy end-ით დამთავრდა, წასაკითხი დაახლოებით კიდევ 100 გვერდი მქონდა. სანამ კითხვას გავაგრძელებდი /ყავა და სენდვიჩები/ მოვიმზადე და დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლება მომხდარიყო ამ 100 გვერდზე. ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ, თვითონ ნახეთ.

და მაინც, რა იდიოტურად დამთავრდა... იმედია, „მილენიუმის“ ტრილოგიის მეორე წიგნი პირველი ისტორიის გაგრძელება იქნება. 

P.S. ხო მართლა, წიგნის შვედური ეკრანიზაცია უკვე არსებობს. სულ მალე კი ჰოლივუდურ ვარიანტსაც ვიხილავთ... 


P.P.S. ამ წიგნმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაყოლისკენ მიბიძგა :D 

Saturday, October 1, 2011

მენტალიტეტგაზარმაცებულები


ეროვნული გამოცდებით აღსავსე ზაფხული დასრულდა. სწავლა იწყება (ზოგან უკვე დაიწყო). 
კითხვები “სად აბარებ?” “რა გიწერია პირველი?” “მეოთხეს რას აბარებ?” ეტაპობრივად ჩაანაცვლა შეკითხვებმა “რა ქენი?” “როგორ დაწერე?” “რომელი ვარიანტი იყავი?” რა თქმა უნდა, მშობლებისმიერი თანმხლები შეფასებებით – “რთული ყოფილა ძალიან” “შეუცვლიათ შემოსახაზები” “შეამცირეს დრო და რას მოასწრებდა” ზაფხულის ბოლოსთვის კი, ბუნებრივია, სახლში, გარეთ, ტელეფონზე, ფეისბუქზე, ავტობუსსა თუ გაჩერებებზე ასეთ გადაძახილებს გაიგონებ – “რა ქნა, მოხვდა?” “ეყო ქულები?” “კი, მოვხვდი სადაც მინდოდა” “მთავარია ერთი მოხვდე, თორე მერე გადახვალ სადაც გინდა” 


“სადაც გინდა” გადაცვლის პერსპექტივა საქართველოში დიდი გვაქვს. Aამის და ამის სახელობის სახელმწიფო (ან ეროვნულ) უნივერსიტეტებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუ არა, ყოველ კუთხეში მაინც შეხვდებით. ეს აკრედიტებულები, თორემ აკრედიტაციის გარეშე დარჩენილებს ვინ მოთვლის. ამ ყველაფრის მერე პირდაპირ მიკვირს, როგორ ახერხებენ აბიტურიენტები “გარეთ დარჩენას”, როგორც მათი მშობლები ამბობენ. ანდა რატომ აქვს უკლებლივ ყველა აღნიშნულ მშობელს უნივერსიტეტდამთავრებული შვილების ყოლის პრეტენზია. 


რამდენიმე დღის წინ ერთგვარ ნათესაურ შეკრებაზე ამოვყავი თავი. ერთ-ერთმა ბიცოლამ (რომელმაც, ალბათ, ბოლოს ბაღის ასაკში თუ მნახა) ზრდილობიანად მოიკითხა ჩემი “მოხვედრის” და სტუდენტობის ამბები. მერე კი უკმაყოფილებაც კი გამოთქვა, მაინც ვერ იმუშავებ შენი პროფესიითო და მაგალითად თავის ორი შვილი მოიყვანა. ეროვნულგამოცდებამდელი სტუდენტები არიან. დიპლომიც აქვთ, ყველაფერიცო, მაგრამ მაინც ვერ მუშაობენო, ამ ქვეყანაში რას იმუშავებო. რაღას სწავლობ წადი სამსახური იშოვეო – ეს აღარ უთქვამს, მაგრამ, მგონი, იგულისხმა.

მართლაც საინტერესოა რა შანსი შეიძლება ჰქონდეს ყოველ წელს უამრავი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს რომელიმე საერთაშორისო პროფესიით. მგონი უფრო, სამუშაოს მოლოდინში მყოფი დაუსაქმებელი თუ დასასაქმებელი მოქალაქეების არმიას ემატებიან და თანაც ყველაფერში სხვას ადანაშაულებენ. სასწავლო კურსების მომატებასთან ერთად დედაჩემი სულ უფროდაუფრო მეტი ინტენსივობით ჩამჩიჩინებს საზღვარგარეთ თუ არ წახვედი სასწავლებლად, არაფერი გამოგივაო. მართალია, საზღვარგარეთ სწავლა შემდგომში დასაქმების შანსს ერთიორად ზრდის (თუ მეტად არა) მაგრამ პრობლემა მაინც რჩება – გამოდის, რომ საქართველოში სტუდენტს არ შეუძლია არჩეული პროფესიისთვის შესაბამისი განათლება მიიღოს. და არც არაფერი კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად – შეძლებული ან წარჩინებული სტუდენტები მიდიან საზღვარგარეთ. არც ისე შეძლებულები ან არც ისე წარჩინებულები კი რჩებიან აქ და უკეთეს შემთხვევაში ჩვენშიპრესტიჟულ უნივერსიტეტებს ამთავრებენ. ისე, წარჩინებაზე მეტად მოხერხებულობაა საჭირო, ბევრი ნიჭიერი სტუდენტი ვიცი, სხვა ქვეყნებისკენ რომ არც გაუხედავს (ჯერჯერობით მაინც). 


მეორე და უფრო დიდი თუ არა არც არაფრით ნაკლები პრობლემა ქართული სიზარმაცეა. “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო” ამაზე იმდენი ილაპარაკეს და იმდენიც იხუმრეს, რომ უკვე ერთ ბანალურ ფრაზად იქცა. რავიცი, მთლიანად ერის ნიჭიერების რა გითხრათ, მაგრამ მისი დიდი ნაწილის სიზარმაცეში დარწმუნება კი არც ისე ძნელია. ორიოდ წლის წინ, როცა მეც ეროვნულგამოცდებიანი ზაფხული მიახლოვდებოდა ჩემმა ერთმა “პროფესორმა” ლექტორად მომუშავე ნათესავმა მირჩია (უნივერსიტეტის სახელობას არ დავასახელებ) ჩვენთან ჩააბარე და ოთხი წელი ნიშნებზე პრობლემა არ გექნებაო. რაც მართალია, მართალია. აბიტურიენტებისა და მათი მშობლების უმრავლესობას მხოლოდ ის უნდა, რომ ბავშვი სადმე მოხვდეს, მოვალეობის მოხდის მიზნით იაროს ლექციებზე, ზოგჯერ არც იაროს. გაერთოს. უნივერსიტეტის ეზოში “დააბირჟაოს” და როგორც კი საკუთარი ცოდნის ტაძრიდან (?!) ხელდიპლომიანი გამოდგამს ფეხს, ეგრევე დამსაქმებლები მიესიონ და აქეთ წამობრძანდით ბატონო, აი, თქვენი კაბინეტი და ხელფასსაც თვის ბოლოს მოგართმევთო უთხრან. დიპლომი აიღო და, აბა, როგორ გინდათ. კი, კი, ვიცი, რთულია ცხოვრება, და მითუმეტეს სამუშაოს შოვნა. (ეს ორი რაღაცნაირად ერთმანეთზეა დამოკიდებული). ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა (რომელმაც თავის დროზე ამერიკაში ისწავლა) იქაც ისეთივე უნივერსიტეტები და ლექტორები არიან როგორც აქ, თუ თქვენ თვითონ არ იმუშავეთ თქვენი თავის დახვეწაზე სრულ განათლებას ვერავინ მოგცემთო. ეს კიდევ მენტალიტეტგაზარმაცებული ხალხისთვის ხანდახან ცხოვრებაზე და სამსახურის შოვნაზე უფრო რთულიც კია. აი, სადაა ძაღლის თავი დამარხული. ოღონდ ახლა იმის მოყოლას ნუ მომთხოვთ, თუ რამ გააზარმაცა ჩვენი მენტალიტეტი, დიდ პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა. :)



Tuesday, August 16, 2011

კალათბურთელები "პლავკებით" და ისრაელი ფაჩულიას წინააღმდეგ

დღეს კალათბურთზე ვიყავი...
როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში ვერც მე გავიგე და ვერც იმან, ვინც დამპატიჟა.
ჩვენს ნაკრებს რაღაც მოუგია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდაო. ახლა კიდე ისრაელს ვეთამაშებოდით.
მოვიმარჯვე საქართველოს საშუალო ზომის დროშა და წავედი.

ჩემი ცოდნა კალათბურთის დარგში:
1.მოწინააღმდეგეები ცდილობენ ერთმანეთის კალათებში ბურთის ჩაგდებას.
2. არსებობს 1,2 და 3 ქულიანი "გოლები" (არ ვიცი კალათბურთულად მაგას რა ქვია)
3. კალათბურთს მაღალი ბიჭები თამაშობენ
4. ზაზა ფაჩულია წარმატებული ქართველი კალათბურთელია.

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წამში მივაგენით ჩვენს სკამებს. კიდევ რამდენიმე წამიც იმისთვის დაგვჭირდა, რომ ჩვენს ადგილზე თვითნებურად მოთავსებული მაყურებლები გვერდით გადაგვეწია.
- რა არის ეს, რას დადიხართ, საათი არ გაქვთ თუ რა?! - აბუზღუნდა კან იგში ყოფი ანშიშესული ამაკაცი. რომელიც მერე საბჭოთაკავშირისდროინდელი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა.
მიწის თხილის ამოღებაც ვერ მოვასწარი ჩანთიდან, მაყურებლებმა ტაში დაუკრეს.
- რა ხდება? - გადავიხარე გვერდით და ჩუმად ვკითხე სანდროს.
მხრები აიჩეჩა.

სანდროს ცოდნა კალათბურთის დარგში:
1. კალათბურთი სპორტია.
 (თუ ვაკნინებ, მაპატიოს)

ისევ გავერთე ჩემი თხილით. ამასობაში მეორედაც დაუკრეს ტაში.
- რა ხდება? - ჩუმად მკითხა სანდრომ.
მე მხრები ავიჩეჩე.

ნელ-ნელა გავერკვიეთ სიტუაციაში:
1. ჩვენგან მარცხნივ იყო მოწინააღმდეგის ფარი და იქ რომ წითელმაისურიანი ბიჭები ბურთს აგდებდნენ, გვიხაროდა.
2. მოწინააღმდეგეები ჩვენს ფარს არ აცილებდნენ.
3. თამაში მიდიოდა იზრაელის ნაკრებსა და ფაჩულიას შორის.
4. ლამის ჭერთან გამოკიდებულ ტაბლოზე ანგარიში ეწერა.
5. ზემოთმოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე გაურკვეველი რჩებოდა, რატომ ვიგებდით მთელი თამაშის მანძილზე ორიოდქულიანი სხვაობით.

ჩვენ მარჯვნივ ორი რიგი ეკავათ შუახანს გადაცილებულ ქალბატონებს. ძირითადად საუბრით ირთობდნენ თავს:
-რა ქნა ნიკამ, მოიყვანა ცოლი?
-არა, გოგო, ხო იცი მაგის ამბავი.
-რამდენი ხარ სიმაღლეში ბიჭო შენ? - მიმართავს წინ მჯდომ ფაჩულიასმაისურიან ბიჭს.
-1,74
- დედააა... მეტი არაა??

კიდევ უფრო წინ ორი მელოტი ისრაელელი იჯდა და მედგრად ცდილობდა მთელ დარბაზში ატეხილი "უუუუუუუ"-ს ძახილი ტაშით ჩაეხშო.

კან იგში ჯდომი ანშიშესული ამაკაცი - ახლა გინდა უუუ იძახე და რაც გინდა ის! ჩაგიგდეს ჯარიმა!
ჩვენებმა დაკარგეს ბურთი.
ურმხმ - მალადეც!! (ნიშნისმოგებით)
მოწინააღმდეგემ ჩაგვიგდო ორქულიანი.
ურმხმ - ამ უბედურს ხო შარვლის ჩაცმა ვერ ვასწავლე. გაიხადა იმ დღეს პიჟამა და დარბოდა მარტო პლავკებით.
ჩემი ფიქრები ამ დროს: რად უნდოდა კალათბურთელს მოედანზე "პიჟამა" და "პლავკები" O_o
ჩვენებმა ჩააგდეს სამქულიანი.
ურმხმ - დაუკარით ტაში ხო დაუკარით... ზაზა რო ამოაცალო მაგათ დარჩება 0!!!
ჩემი ფიქრები: ეს კაცი ამათ სალანძღავადაა მოსული? O_o
ურმხმ - რას ჩამოიყვანეს ეს ამერიკელი. ჩამოწერილი ამერიკელია ეგ. წესიერი ვერავინ იშოვეს??!
ჩემი ფიქრები: არადა თითქოს კარგად თამაშობს.
ურმხმ - ნახე ერთი, იმ დაბალს ხო ხედავ. (მიმართავს გვერდით მყოფს) მაგას რო გამოიყვანს მოედანზე უკვე წააგებ. ნახე, ერთს თავი არ აქვს, მეორეს ტანი.
ჩემი ფიქრები: O_o

შესვენებაზე უეცრად ნაცნობი ხმა მომესმა (თუმცა, ნეტა, რას ველოდი):
- აქაც ეეეეს???
- ხო, ხო, აქაც მე ვარ - ჩაიცინა დუტამ.
როგორც ჩანს, მარტო მე არ აღმომხდა მსგავსი შინაარსის გმინვა.
იისფერი ბურთი უნდა "დაგვემუხტა" ჩვენი ენერგიით და მერე ევროპის ჩემპიონატზე გაგვეტანებინა ნაკრებისთვის. ბურთმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, კალათბურთში ცოტა გავერკვიე. საერთო მღელვარებაც გადმომედო. დროშაც ვიქნიე. მოგებაც გამიხარდა (97:91)
ბევრი რომ არ ვილაპარაკო - მე მომეწონა ^_^

P.S. ქალი მსაჯი გვყოლია. როგორც ურმხმ (უკან რიგში მჯდომი ხანშიშესული მამაკაცი) ირონიით ამბობდა - მანდილოსანი. აი, დაახლოებით ასეთი.

Saturday, July 16, 2011

მე მხატვარი ვარ

მე მხატვარი ვარ. ყოველ დილით ვხატავ ჯერ ცას, მერე მზეს, მერე ჩემს გაღვიძებას. სანამ ყავას დავხატავდე, ხშირად ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ წინა ღამეს ნახატი სიზმრები წავშალო. საშლელის გათავებამდე ვშლი სურათებს სიზმრებიდან, შეგრძნებებს კი ნელ-ნელა თვითონ გასდით ფერი.
თითქმის ყოველ დღე ყვითლად ვაფერადებ მოსახვევში გამოჩენილ ავტობუსს და მივდივარ სადმე - ან ქაღალდის უნივერსიტეტში, ან წარმოსახვით მთაზე, რომელიც არ არსებობს, ან ძალიან რეალურ მეგობართან. მეგობარი იმდენად რეალურია, რომ ნამდვილი სიმშვიდე გოგება, არანახატი.
ყველა მხატვარივით მეც ზოგი ნახატი-დღე ლამაზი, გამორჩეული და შესამჩნევი გამომდის. ზოგი კი ისეთი, რომ როცა შემდეგი ნახატის თვალიერებაზე გადახვალ აღარც კი გაგახსენდება.
ცაზე ხან ლურჯი საღებავი მექცევა, ხან მუქი მელანი, ხან კი ყველაფერი მედღაბნება და ქარი იწყებს ქროლას.
ფერების გამოყენება მიყვარს უხვად და ჭრელად. ჰაერში გავლებული ფერების უმეტესობა ფერადია. ოღონდ ყოველ საღამოს გასდის ფერი და ყოველ დილით თავიდან მიწევს გაფერადება. ძალიან მიყვარს გასაფერადებლები, მაგრამ ხან მეზარება ან მავიწყდება, ან ვერ ვასწრებ. იმ დღის ნახატები შავ-თეთრია ხოლმე და წვიმიანი, მოჟამული.
შავი და თეთრი ფერები არ არიან. თეთრი ის ადგილია, სადაც ჯერ არცერთი ფერი არ მოხვედრილა, შავი კი ის - სადაც ყველა ერთად მოხვდა.
იისფერი მიყვარს.
იისფერია ია, იისფერია სითბო, იისფერია ჩემი დახატული ბუშტები და ჩემი თმა, იისფერია მეშვიდე ხაზი ცისარტყელაზე, იისფერია ქოლგები.
შემიძლია ყველა ნახატი იისფერი იყოს... რეალური მეგობრის გარდა... რეალური მეგობარი ყველა ფერია, ყველაფერია, ყველა ფერიაა.
სანამ მე წარმოსახვით მთამდე მისასვლელ ტროტუარებს ვხატავ, სანამ მე ქაღალდისფერ უნივერსიტეტამდე მისასვლელ ავტობუსებს ყვითლად ვაფერადებ, სანამ მე სუნს და შეგრძნებებს ვხატავ, სხვა ადამიანები, რომლებისთვისაც მე მხოლოდ ნახატი ვარ და მეტი არაფერი, ხატავენ თავიანთ კაფეებს, მეგობრებს, წიგნებს, ზღვას, ხეებს, ტანსაცმელს, ქუჩებს. ზოგი ფერადს, ზოგი უფეროს. ზოგი აცნობიერებს, რომ მხატვარია, ზოგი არა... მაგრამ ყველა კი ხატავს. და ეს ყველა ნახატი, ყველა ოცნება, ყველა ფანტაზია რეალობაა... იმიტომ, რომ არსებობს. 

Wednesday, May 11, 2011

"იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც"

დღეს უნივერსიტეტის მშობლიური მეექვსე კორპუსის წინ სტუდენტებმა თვითორგანიზებული ჯგუფის "ლაბორატორია 1918"-ის მანიფესტი გაგვაცნეს.
ძალიან კარგი, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარმა ამბებმა ერთი აქციით არ გადაიარა.
ძალიან კარგი, რომ სტუდენტების ნაწილი გამოფხიზლდა.
ძალიან კარგი, რომ გვექნება ჯგუფი, სადაც შეგვეძლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი პრობლემების შესახებ და რაიმე ქმედებაც მოვაყოლოთ.
ძალიან კარგი, რომ ამ ამბავში ლექტორების ჩართვის მცდელობა არის.
ძალიან კარგი, რომ პრინციპით "სხვამ იყვიროს და მეც ვიყვირებ", ის "სხვა" გამოჩნდა.
და საერთოდაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით უამრავი "ძალიან კარგი"-ს ჩამოთვლა შეიძლება.
(თქვენთან მიგულეთ, ბავშვებო)


მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც, რაც დღეს დიდად არ მომეწონა . არც პატარად. და საერთოდ არ მომეწონა.
მანიფესტის წარდგენის შემდეგ ყველანი მეორე კორპუსისკენ დავიძარით. უნდა გაგვეგო პასუხი ჩვენ მიერ მოთხოვნილი ოთახის შესახებ.
ვუახლოვდებით მეორე კორპუსს და უცებ ჩვენს მცირე მანიფესტაციას სათავეში რატომღაც შალვა რამიშვილი უდგება. განკარგულებას გასცემს, წინ მიგვიძღვის. შესასვლელში დაცვა გვხვდება და შიგნით არ გვიშვებს. წინ ისევ შალვა რამიშვილი მიდის და უნივერსიტეტში შეშვებას ითხოვს...
ეს კიდევ არაფერი...
შევდივართ. გვეუბნებიან, რომ კანცელარიაში მხოლოდ ორ კაცს შეუშვებენ, კამერების გარეშე.
კანცელარიაში შესულ ორ ადამიანს შორის ერთი შალვა რამიშვილია.
რატომ?
მე მგონია, რომ უნივერსიტეტში უამრავი პრობლემაა. მე მიხარია, რომ სტუდენტები ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ (პერსპექტივაში მაინც). მე ვერ ვხვდები, რატომ ერევა ამ პროცესში ის, ვინც არაა სტუდენტი.
მე არ ვითხოვ ვიღაცების გადადგომა-გადმოდგომას, ჯანყს და რევოლუციას.
მე ვითხოვ, რომ თავისუფლად გამოვხატო ჩემი აზრი პრობლემების შესახებ და დავინახო შედეგი.
მე მინდა, რომ ვსწავლობდე კარგ უნივერსიტეტში, სადაც რაღაცის შეცვლა შემიძლია.
ამისთვის ბრძოლა, აქციები, მანიფესტები, შეკრებები და დისკუსიები სრულიად გამართლებულად და სწორად მიმაჩნია.
მე არ მინდა, შალვა რამიშვილის მოწოდებებს აყოლილ შტერ სტუდენტეს ვგავდე.
მგონი, ჩვენ თვითონ შეგვიძლია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

P.S. თუკი ვინმე დამისაბუთებს, რომ შალვა რამიშვილის უშუალო ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "ლაბორატორია 1918"-სთვის და კონკრეტულ შედეგს მოგვიტანს, მზად ვარ ჩემი სიტყვები უკან წავიღო.

Thursday, May 5, 2011

ალოჰომორა ანუ როგორ გავემგზავრე ჰოგვორტში

2003 წელი. 15 იანვარი. 11 წლის ვარ. მაღალი სიცხე მაქვს და ვწევარ. ჩემი ბუ 4 თვის დაგვიანებით მოფრინდა.
სამი დღე ვკითხულობდი შეუწყვეტლივ. თავიდან არ მჯეროდა, რომ ჯადოქარი ვიყავი (გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ მაინც...) პირველ დღეს არ მჯეროდა, მეორე დღეს ეჭვი შემეპარა, მესამე დღეს კი უკვე ვეღარავინ გადამარწმუნებდა.
მე ჰოგვორტსში წავედი.

- გრიფინდორიიი - იყვირა გამანაწილებელმა ქუდმა ჩემს თავზე და იმ დღიდან ვეღარავინ დამავიწყებდა მის არსებობას. ჯადოსნურ ჯოხს, მანტიებს, დიდ დარბაზს, პროფესორებს და სანდომიან დირექტორს.
წლების მანძილზე ვსწავლობდი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში. ვისწავლე შხამ-წამლების მომზადება, ტრანსფიგურაცია, აპარაცია, ცოცხზე ფრენა, პატრონუსის გაჩენა...
ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ჯადოქარია. (თუმცა მაგლების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს)
15 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ განსაკუთრებული უნარი მქონია - მეტამორფოზმაგია. იმის მერე აღარ ვიცი, ჩემი თმის ბუნებრივი ფერი რომელია.

რაღაც პერიოდის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მანტია მოვირგე და ”დილის მისანში” ვწერდი. ფენიქსის ორდენის წევრი ვიყავი და მაგიის სამინისტროშიც კი ვმუშაობდი.
ჰოგვორტსის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის მაგიურ განყოფილებაში გავაგრძელე სწავლა, ჟურნალისტიკაზე. მაგლმა სტუდენტებმა არაფერი იციან რაიმე სხვა განყოფილების და საერთოდ ჩვენი არსებობის შესახებ. მათ ჩვენ ჩვეულებრივი ბავშვები ვგონივართ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვიცნობთ ერთმანეთს. საიდუმლო გასასვლელები და აუდიტორიებიც ვიცით. თავიდან მიწისქვეშა მომწვანო დერეფანმა ძალიან გამაკვირვა მეორე კორპუსში. იმ პატარა ოთახმაც, კოშკში. მაგრამ რაც საიდუმლო ოთახის შესასვლელიც ვიპოვე, აღარაფერი მაკვირვებს. იმის მერე პროფესორი სნეიპის გამოსვლასაც კი ველი იმ კოლბებით სავსე ოთახიდან რომელსაც მაგლების თვალის ასახვევად ”ქიმიის აუდიტორია” აწერია.
მაგლურ სამყაროში რთულია ერთმანეთის პოვნა და გაცნობა, მაგრამ მაინც ვახერხებთ. უკვე ვისწავლე ჯადოქრების ქცევებით ამოცნობა. შეიძლება ამას აურაც დაერქვას.
მაგლები უარყოფენ ჩვენს არსებობას.. მაგრამ ჩვენ მაინც ყველგან ვართ..


P.S. ვინც ჯადოქარია, ბევრი ექნება ჩემსავით მოსაყოლი. ვინც მაგლია და - ობლივიატე!! 

Wednesday, April 20, 2011

ოთახი 133 - თვითმხილველის მონაყოლი

თსუ-ში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე არაერთი პოსტი დაიწერა და იწერება. მართალია არც ისე დიდმა ნაწილმა, მაგრამ სტუდენტების გარკვეულმა რაოდენობამ გამოიღვიძა, ხმა ამოიღო, არ შეეგუა. ეს კარგია.
სწორედ სტუდენტების მიერ გამართულ მშვიდობიან აქციაზე ჩემმა ერთ-ერთმა ჯგუფელმა, ნიცა ბუხნიკაშვილმა მითხრა, რომ "თარგმნეს" პრეზენტაციის მეორე დღეს თვითმმართველობის ოთახში იმყოფებოდა ასევე ჯგუფელ გოგონასთან ერთად და საინტერესო რაღაცის მომსწრე გახდა, შემომთავაზა/მთხოვა, რომ მისი სტატია აქ დამედო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ნიცას ნაწერს უცვლელად გთავაზობთ:

"ოთახი 133 - თვითმმართველობა

16 აპრილს, შაბათს, მე და თაკო ლონდარიძე (ასევე თსუ-ს სტუდენტი) თვითმართველობის ოთახში ვიყავით. მე მინდა ზუსტად მოგიყვეთ, რაც იქ ხდებოდა, სანამ თქვენც ამოხვიდოდით. არ ვიცი, რამდენად გადმოქცემთ იმ ემოციას, რაც მაშინ გამიჩნდა, გულწრფელად გეტყვით, თვითმმართველობის პრეზიდენტს რომ შევხედე და წამიერად დავაფიქსირე, როგორ ნერვიულობდა მომინდა ჩავხუტებოდი.

მე და თაკოს გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ მათი წევრი იყო ერთ-ერთი პირი, (პირობითად მოვიხსენიებ, როგორც “ჯანო”) რომელმაც სტუდენტები სცემა. თვითმმართველობის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ "ჯანო" არ არის მათი წევრი უკვე 5-6 თვეა, მაგრამ იყო. დამადასტურებელი დოკუმენტი ან თვითმმართველობის წევრების სია მოვითხოვეთ. პრეზიდენტმა მიმართა იქ მყოფ კიდევ ერთ წევრს, რომელმაც თქვა, რომ თვითმმართველობის წევრების სიის ელექტრონული ვერისა “ფლეშაკაზე” ჰქონდა შენახული, “ფლეშკა” მის ძმასთან იყო, მისი ძმა კი - სახლში. ზღაპარს გავს არა? მანვე თქვა, კანცელარია დაკეტილია, მაგრამ გავაღებინებთ და ბრძანებას მოგიტანთ, რომ "ჯანო" აღარ არის ჩვენი წევრი. პრეზიდენტიც მას გაჰყვა ბრძანების მოსატანად.


ამასობაში მოვიდა ვიცეპრეზიდენტი. იგი გვიმტკიცებდა, "ჯანო" თვითმმართველობის წევრი არასდროს ყოფილაო. მიხვდით, ალბათ, ხო? პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი სადღაც აცდნენ.
- როგორ თუ არ ყოფილა, სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში თათბირებს მიტარებდა, მერე კი მონიტორინგის სამსახურში გადაიყვანეს.
- არ არის თვითმართველობის წევრი.
- იყო?
- არ არის თვითმართველობის წევრი.
-იყო?
- არ არის თვითმართველობის წევრი.

სანამ სიტუაცია ასე გამწვავდებოდა, თქვა, რომ თვითმართველობასთან დაახლოებული პირი იყო.
სამწუხაროდ, მე და თაკომ არ ვიცოდით, რომ ეს ვაჟკაცი სწორედ ის იყო, პირველი რომ გავარდა სტუდენტების საცემად. ეს, რომ გვცოდნოდა, იქნებ საკუთარ თავზე მაინც არ ეთქვა, რომ არ არის და არც ყოფილა თვითმართველობის წევრი. (ბოლოსდაბოლოს კაცი ვიცეპრეზიდენტია)



ლამის იყო ის ვიფიქრეთ, მგონი ისიც არ იცის, სტუდენტები რომ სცემესო, ამიტომ თაკომ სთხოვა, მოეყოლა, რა მოხდა გუშინ პრეზენტაციაზე. მან თანმიმდევრობით დაიწყო მოყოლა. თხრობისას იქამდეც მივიდა, სადაც თქვა, რომ ჩვენ (თვითმმართველობა) და პირადად მეც ძალიან მოვიშალეთ ნერვებზე, როდესაც ტაშფანდურები და კომკავშირელები გვიწოდესო. მერე რამდენიმე სტუდენტი გარეთ გავიდაო. საკუთარ თავზე განსაკუთრებით აღნიშნა, რომ იგი დარჩა დარბაზში. ვინც გავიდა, არ ვიცი ვინ იყვნენო.


დოკუმენტის ლოდინში აღმოვაჩინე თვითმმართველობის წევრების კედელზე გაკრული სია, სადაც "ჯანო" არ ეწერა. მეორე კედელზე იგივენაირი სია იყო გაკრული, სადაც "ჯანოს" სახელი და გვარი ეწერა მონიტორინგის მეორე მოადგილის პოზიციაზე.. ამ სიაზე გვითხრეს, რომ ძველი სიაა. (ე.ი. თვითმართველობის ყიფილი წევრი ნამდვილად არის, რასაც ვიცეპრეზიდენტი უარყოფს) იმ სიაში კი სადაც "ჯანო" არ ეწერა მის ადგილზე გრაფა ცარიელი იყო. როგორც ჩანს, უკეთესი “ჯანო” ვერ ეპოვათ.

ძველი და ახალი სიის ასლების გადაღება მოვითხოვეთ, მაგრამ ოთახში ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა (?), ამიტომ ფოტოს გადაღება მოვინდომეთ. ამ დროს ერთ-ერთი წევრი წინ გადამიდგა და გაიძახდა “რატომ უნდა გადაუღო?”. ამ დროს ხელი მოკიდა თაკომ და ამბობს: ”ამას უყურე, რა დღეში ხარ?”. ”სხეული ისეთი დაჭიმული ჰქონდა, რომ ვიფიქრე მკვდარს შევეხე”_თაკო. მერე გამოფხიზლდა და გაგვეცლა - “აჰაა და გადუღეთ, მაგრამ ეს ძველი სიაა”. ვუთხარით, რომ ძველსაც გადავუღებთ და ახალსაც და იმასაც ვიტვით, რომ ეს ძველია. (რეალურად კაცმა არ იცოდა ძველი სია იყო თუ არა) იმდენად ძველი იყო, ჯერ არც ჩამოუხსნიათ. შევთავაზეთ მიეწერა, რომ ძველია, მაგრამ გვითხრა: ”თქვენც ეგ გინდათ, რომ დავაწეროთ, მერე იტყვით მიაწერეს რაღაცებიო”.
ფოტო გადავუღეთ ორივეს და შემდეგ მოხდა ეს: ბრძანება მოგვიტანეს კანცელარიიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ "ჯანო" მოხსნილი იყო მინიტორინგის მეორე მოადგილეობიდან. ამ ბრძანების ქსეროქსის გადასაღებად გავედით. უკან დაბრუნებულებს (დაახლოებით 3 წუთი იქნებოდა გასული) სია, სადაც "ჯანოს" სახელი და გავრი ეწერა ჩამოხეული დაგვხვდა. როგორც ჩანს, ლურსმების მოხსნა ვერ მოასწერეს, კედელზე კვადრატული ფორმით იყო დარჩენილი. ვეკითხები: “სად გააქრე სია? რატო ჩამოხიე?”. მპასუხობს - “მე რა ვიცი” (სულ გამოიშტერა თავი, თითქოს ციდან ჩამოფრიდა) თაკომ იქვე მყოფ ასევე თვითმმართველობის წევრ გოგონებს კითხა: “ვერ დაინახეთ, ვინ ჩამოხია?” პასუხი: “არა, ჩვენ ჟურნასლ ვათვალიერებიდით, არაფერი დაგვინახავს”.

ყველა დაბლა მყოფი სტუდენტი რომ ამოვიდა მახსოვს, მარიამ უგრეხელიძე ჩამოხეულ სიას ფურცლების ნაგავში ეძებდა. მეც ამოვიღე რამდენიმე ფურცელი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ იმას ექნებოდა ჯიბეში, ვინც ჩამოხია.

პ.ს. მე არ გამოვდივარ დაზარალებული სტუდენტების დამცველად, არც ის გრძნობა მაქვს ჩემს კურსელებზე ხელი როგორ აწიეს-მეთქი. ეს არის ფაქტი, რომ თვითმმართველობამ მოაზროვნე სტუდენტებს სცემა, იმის მაგივრად, რომ თანამოაზრეები ყოფილიყვნენ პრობლემის გადასაჭრელად. ადამინისტრაციის მხრიდან წინააღმდეგობა რაღა გასაკვირია? გასაკვირი კი არა მე თუ მკითხავ მომხდარ ანომალიასთან შედარებით ზედმეტად ნორმალურია."






Saturday, April 16, 2011

თვითმმართველობის "კარგაზრი"

აზრადაც არასდროს მომსვლია, რომ მე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგითი სტუდენტი, ჟურნალისტი, ოდესმე ჩემი თვალით ვნახავდი (უფრო სწორად კი ყურით მოვისმენდი) ისეთ რამეს, რაც მოვისმინე.
როცა ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ ლექციაზე თქვა, რომ თუ რაიმე შეკრებაზე ან შეხვედრაზე ხმას ამოიღებ, მეორეს უკან გაყავხართ და "საქმეს გირჩევენო", ვიფიქრე, რომ ის უბრალოდ კონტექსტისთვის ამძაფრებდა წინადადებას.
როცა, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემმა მეორე მეგობარმა თვითმმართველობასთან შეხვედრაზე, რამდენიმე წევრი დამანახა და და თქვა - ნახე, როგორ უყურებენ ჩვენს ბიჭებს, მგონი რაღაც ცუდი მოხდებაო, ვიფიქრე, რომ უბრალოდ ნერვიულობდა. მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან, მთავარს რამდენიმე წინადადების მერე მოვყვები...
როცა მომავალ ჟურნალისტებს სტუდენტური ინიციატივის პრეზენტაციის ჩატარება საკუთარი უნივერსიტეტის საკუთარ კორპუსში აგვიკრძალეს, ჩემმა მეგობრებმა სხვა კორპუსში მოძებნეს დარბაზი.
ვიცოდი, რომ ამ შეკრებას გართულებები მოყვებოდა, ვიცოდი, რომ ყველაფერი ისე უბრალოდ არ ჩაივლიდა (აკრძალვის მერე რთული არ იყო ამის მიხვედრა). მაგრამ ამდენს არ ველოდი.
სტუდენტები საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ და მათ გადაჭრას ცდილობენ... რას შვება ამ დროს თვითმმართველობა (ადმინისტრაციას რომ თავი დავანებოთ)? რას და საკუთარ კურსელებს, თანაფაკულტეტელებს, თანაუნივერსიტეტელებს ფიზიკურად უსწორდება.
ხო, ზუსტად ის თვითმმართველობა, რომლის კანონით გათვალისწინებული მოვალეობაც ექსკურსიების და ტურნირების მოწყობის გარდა სტუდენტური პრობლემების მოსმენა და ადმინისტრაციამდე, დეკანატამდე ან რექტორამდე მიტანაა.
- პირადი ანგარიშსწორება ყველას, ვინც შეხვედრაზე ხმას ამოიღებს! - ეს ჩემი დასკვნა არ გეგონოთ. სწორედ იმ ერთი თვის წინ გამართული შეხვედრიდან დროზე ადრე გამოსულმა სრულიად შემთხვევით მოვისმინე ჩვენი ძვირფასი თვითმმართველობის რამდენიმე წევრის საუბარი (თუ ამას საუბარი შეიძლება ერქვას). ვეცდები მაქსიმალურად ზუსტად აღვადგინო აზრი:
-ცხოველებს იცი როგორ წრთვნიან? თან ურტყამენ და თან ეუბნებიან რაღაცას და ისინი სწავლობენ, აზე ხარ? და თუ მაინც არ ისწავლიან მერე უკვე სხვანაირად უსწორდებიან რა, დაავიწყდათ ამათ, თავებს რო ვაჩაჩქუნებინებდით გაჩერებაზე?! გამოვლენ და ყველა მეორეს უკან გაგვყავს. დედას ........ ამათ ბიჭო!..
აღნიშნული "საუბრის" შემდეგ რამდენიმეგან გადარეკეს და შემდეგ ისევ იმ დარბაზში შევიდნენ, ორიოდ დღის წინ ჩვენ რომ არ დაგვითმეს.
ამ ინფორმაციის ნაწილობრივ გავრცელების და თვითმმართველობის თავმჯდომარის (და არა მარტო მისი) გაფრთხილების შემდეგ, რომ ყველაფერი ვიცოდით, რასაც აპირებდნენ, იმ დღემ (რამდენადაც მე ვიცი) მშვიდად ჩაიარა. მაგრამ, აი, არ გასულა ერთი თვე და იგივე მეორდება.. (თუ უარესი არა).
ჩემს მეგობრებს ისე მოუნდომეს გაწრთვნა, როგორც ცხოველებს (c) თვითმმართველობა.
გუშინ ზუსტად ერთ-ერთი ამ მეგობრის ბლოგზე წავიკითხე "1984" გამახსენდაო. გეთანხმები, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არის - შეიძლება გვცემონ, თუმცა თავიანთ "კარგაზრზე" მაინც ვერ მოგვაქცევენ.
მარტო თვითმმართველობიდან მოსახსნელები და უნივერსიტეტიდან გასარიცხები კი არა, დასაჭერები არიან.

P.S. ისე თუ იცით, გოგოებსაც ცემენ ხოლმე? :D

Sunday, April 3, 2011

ვაჟთა სახეები lady gaga-ს შემოქმედებაში

lady gaga XXI საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია. მისი შემოქმედება გამოირჩევა უცნაური ჩაცმულობით, სიმღერის არაორდინალური სტილით და ასეთივე ვიდეოკლიპებით, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში მკვეთრად გამოკვეთილი, თანმიმდევრული შინაარსი აქვთ.
არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ lady gaga-ს პირად ცხოვრებაში ძალიან დიდი და ბევრი უბედურება გადაუტანია.. ეს მის ზემოთ ნახსენებ ვიდეოკლიპებზეც ნათლად აისახება. მათი მეშვეობით მე შევეცადე გამეგო მომღერლის პირადი ტრაგედია და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. 

თუ კლიპების შინაარსს დავაკვირდებით, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ ეს ტრაგედია ახლობელი მამაკაცის წყალობით დატრიალდა. ვიდეოების უმეტესობაში lady gaga კლავს თავის პარტნიორს… მკვლელობის ხერხები სხვადასხვაგვარია და სინანულიც არსად ვლინდება. ჩვენ ვხვდებით დიდი სიამაყით მოწამლულ პაპარაცის და ფრაზას იმის შესახებ, რომ მან just მოკლა თავის boyfriend. ვხვდებით ასევე დამწვარ-დაშაშხულ “მეგობარ ბიჭს” რომლის ნეშტიც (უფრო ზუსტად კი გაჭვარტლული ჩონჩხი) მშვიდად განისვენებს თავის მხრივ დამწვარ საწოლზე… გამურულ-შეტრუსული lady gaga-ს გვერდით. გულნატკენმა მომღერალმა ესეც არ აკმარა ბიჭებს და ციხიდან გამოსულმა, beyonce-სთან ერთად, მთელი კაფე ამოწყვიტა (საწყალი ძაღლიც კი მოკლა, რომელსაც არ გაუმართლა და მამალ ლეკვად მოევლინა ქვეყანას). 

უფრო მეტიც, თავისუფლად შეგვიძლია გავიგოთ იმ მამაკაცის სახელი, რომელმაც გაბედა და საწყალ გაგას აწყენინა.. ალეხანდრო, ჩვენებურად კი ალექსანდრე (ale alejandrooo). აი, ზუსტად ის მზაკვარი არის, ჩემი აზრით, მთელი შემოქმედების მთავარი გმირი, რომელიც აღნიშნულ კლიპში იმთავითვე მკვდარია და უფრო მეტიც, უკვე კუბოშიც კი წევს. გაგა მხოლოდ მას კი არა, ფერნანდოს და რობერტოსაც კი უკრძალავს მისი სახელის ხსენებას… (ეგენიც მზაკვრები აღმოჩდნენ),
                  “Don't call my name.
                    Don't call my name, Alejandro.
                    I'm not your babe.
                    I'm not your babe, Fernando.

                    Don't wanna kiss, don't wanna touch.
                    Just smoke my cigarrette and hush.
                    Don't call my name.
                    Don't call my name, Roberto.”
თუმცა იმ კლიპში იმდენი გადასარევი აღნაგობის ბიჭი მონაწილეობს, რომ ვის რად უნდა ალეხანდრო, ფერნანდო და რობერტო.

lady gaga-ს აქტუალობა და არაორდინალურობა კი სიმღერიდან-სიმღერამდე იზრდება. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?




P.S. პოსტში იყო კიდევ ერთი აბზაცი, რომელიც შემდგომ თვითცენზურის გამო ამოვიღე :D



Friday, March 18, 2011

დრო მშვიდობისა იაპონიას

დღეს შუადღისას შუა ლექციაზე მორიდებით ავიწიე ხელი, ფილმებზე მსჯელობაში გართულ ლექტორს შეძლებისდაგვარად შესაძლებელ მომენტში გადავწყვეტინე სიტყვა და ვთხოვე - შეიძლება წავიდე?
მოწიწებული ღიმილიც არ დამვიწყებია და ჩემმა ლექტორმაც ღიმილითვე დამრთო წასვლის ნება. (სანამ კარს გავიხურავდი, გავიგონე, როგორ განაგრძო ფილმზე მსჯელობა)
უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ გზად აფთიაქში შევირბინე.
-გამარჯობა, პირბადე მინდა თუ გაქვთ.
-რამდენი?
-ერთი.
გაკვირვებული სახე.
-25 თეთრი, ინებეთ.
სასწრაფოდ ჩავჩურთე ჩემი შენაძენი ისედაც ათასი რამით გავსებულ ჩანთაში და ისევ რუსთაველისკენ წავედი. გზაში ვფიქრობდი, რაში დაეხმარება იაპონიას ჩვენ მიერ რამდენიმე წუთში მოსაწყობი ფლეშ-მობი, ან საერთოდაც მსოფლიო სოლიდარობა. კონკრეტულად არაფერში. მაგრამ, ალბათ, ის ფაქტი, რომ მსოფლიო შენ გვერდითაა, თავისთავად სანუგეშოა.
ჩვენ მიერ გამოსახატი სოლიდარობის ფორმა კი საკმაოდ ორიგინალურად მეჩვენება. უნდა დავდგეთ მუხლებზე, პირბადეებით და იაპონურად მივესალმოთ გამვლელებს. ვფიქრობ, ამით სხვებსაც შევახსენებთ იაპონურ ტრაგედიას (მგონი არავის სჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც) და იმასაც დავანახებთ, რომ ჩვენ გვახსოვს და განვიცდით.
დათქმულ დროზე ცოტა ადრე მივედი. ჩემი მეგობრები უკვე იკრიბებოდნენ. ცოტა ხანში კი ორგანიზატორმა, რომელმაც 20-30 მონაწილე facebook-ის საშუალებით შეკრიბა, დაწყების ნიშნად ხმამაღლა დაიძახა "კონიჩიუა".  ყველანი დავდექით მუხლებზე. გაკვირვებულ გამვლელებს თავის დაკვრით ვესალმებოდით (რა თქმა უნდა, იაპონურად). ვცდილობდი თვალებით მომეძებნა ადამიანი, რომელიც მიყურებდა, რომ მეც თავი დამეკრა. (პირბადის შიგნიდან სუნთქვის გამო სათვალე მეორთქლებოდა და მაბნევდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი)

ხალხის რეაქცია განსხვავებული იყო. ზოგმა სურათების გადაღება დაიწყო. რამდენიმე ახალგაზრდა შემოგვიერთდა. ზოგმა გაიკვირვა, ზოგი ვერც მიხვდა რა გვინდოდა, ზოგი მიხვდა. ზოგი გაჩერდა და უბრალოდ ყურება დაგვიწყო (მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდებოდა, ალბათ) ზოგმა თვითონაც სიამოვნებით დაგვიკრა თავი და მოგვესალმა.
რამდენიმე წუთში უბრალოდ ავდექით, მოვიხსენით პირბადეები და გავიფანტეთ.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტების გარეშე არაფერი მომხდარა :) დაგვაკვირდნენ, გადაიღეს, ინტერვიუები ჩაწერეს. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, თავად ეს ფლეშ-მობი ჟურნალ "დრო მშვიდობისას" რედაქციის მიერ დაიგეგმა.


P.S.დრო მშვიდობისა, ეს ისაა, რაც ახლა ნამდვილად სჭირდება იაპონიას.

Thursday, March 10, 2011

ჩემი როიალია და სადაც მინდა იქ დავდგამ

12 წლიდან ჟურნალისტობა მაქვს გადაწყვეტილი. სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვისმენ ასობით მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი. ზოგი რას ფიქრობს, ზოგი რას მირჩევს, ზოგი რას მასწავლის. რამდენიმე კრიტერიუმი კი ყველგან უცვლელია - კომუნიკაბელურობა, წერის ნიჭი, ობიექტურობა…
სკოლის ასაკში რამდენიმე წრეზე დავდიოდი. ამ წრეებზეც და ახლაც -  უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორ ვიყო ობიექტური, მიუკერძოებელი, როგორ გავაშუქო თანაბრად ყველა მხარე, როგორ არ დაეტყოს სტატიას ჩემი აზრი. რა გამომდის ან არ გამომდის, სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა თუ რა პრობლემას წავაწყდი სულ ცოტა ხნის წინ.
მგონი ჯერ ერთი თვეც არაა, რაც ბლოგი გავაკეთე (გადაწყვეტით დიდი ხანია გადავწყვიტე, მაგრამ თავის მობმა უნდა ყველაფერს). ერთი შეხედვით უადვილესია ბლოგზე წერა. გაქვს სივრცე, სადაც ჟურნალისტიც ხარ და რედაქტორიც. თემის შერჩევა ერთ პრინციპს ექვემდებარება - რაც ბლოგის მფლობელს (გინდ ავტორს) მოესურვება. შეგიძლია წერო ყველაფერი, რაც შენი აზრით აქტუალურია, და მკითხველს დააინტერესებს, ან შეიძლება არ დააინტერესოს, მაგრამ შენ ასე მოგინდა. მოკლედ, შენი როიალია და სადაც გინდა იქ დადგამ :) ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი (თუ როგორც არის)
ეს ერთი შეხედვით. ორი (ან მეტი) შეხედვით კი რა მოხდა? დავწერე ერთი სტატია (დიახ, სტატია და არა პოსტი) მერე მეორე, მესამე და ასე… ერთ დღესაც, როცა მეგობარს გამოქვეყნებამდე წავაკითხე, მითხრა, რომ სერიოზული ჟურნალისტივით ვწერ და ბლოგისთვის ცოტა სხვა რამეა საჭირო.
მართალია და მგონი ამას ვერც ვამჩნევდი, სანამ პირადად არ გადავაწყდი (უფრო სწორად კი, ვერ ვაცნობიერებდი).
ბლოგზე საგაზეთო სტატიის წერა, მგონი, ისევე სასაცილო გამოვა, როგორც ის, რომ ერთ დღესაც დიკო ჯოჯუამ (ან რომელიმე მსგავსმა) ეთერში გვითხრას, დღეს პარლამენტში ძალიან საინტერესო სხდომა გაიმართა , დიდი ხნის უნახავი ბევრი მეგობარი ვნახე და კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდებაო. P.S.-ად კი დათო კიკალიშვილმა დაამატოს, ყველაზე ძაან ბაქრაძის გამოსვლა მომეწონა, დღეს რაღაც საყვარელი იყო და ჯონდიზეც მაგარი ვიხალისეო.
ხო, სოციალური მედია, კერძოდ კი ე.წ. ბლოგინგი ის მოვლენაა, რომელმაც გვაიძულა მანამდე არსებულ მედიას “ტრადიციული ჟურნალისტიკა” ვუწოდოთ.
წერე შენი აზრი მოვლენების, პრობლემების და საერთოდ რის შესახებაც გინდა

P.S. მგონი მოვახერხე სისხლში გამჯდარი ტრადიციის დარღვევა (რომელმაც კინაღამ დეპრესიში ჩამაგდო) და “გავიხსენი” :)


როიალის მფლობელი კიარადა ბლოგის ავტორი :)

Friday, March 4, 2011

5 მარტი

1993 წლის 5 მარტს ბედნიერი დღე გამითენდა. თბილისის რომელიღაც სამშობიაროში ის დაიბადა. მე მაშინ წლის და რამდენიმე თვის ვიყავი.
მე ვიზრდებოდი ნუცუბიძეზე. ის - კანდელაკზე.
მე ვიყავი ქაჯი გოგო. ის - არა.
მე ეზოში შტაბი მქონდა და ხეზე დავდაყირა ჩამოკიდება მიყვარდა. ის სახტუნაოთი თამაშობდა.
მე ჩემს ბარბის კაბებს ვუკერავდი. ის ვარდისფერი პანდათი თამაშობდა.
მე სკოლაში მივედი. ის 4  წლის იყო. დანა-ჩანგლით ისწავლა ჭამა და წიგნების კითხვა.
მე ხანდახან "ვახალტურებდი" გაკვეთილებს. ის ბეჯითი მოსწავლეა.
მე კომპიუტერთან ვჯდებოდი. ის კომპიუტერთან ჯდებოდა.
მე მივწერე ერთხელ skype-ში: სანდროს მალე დასვამ? ის აღშფოთდა და მითხრა: არა.
მე არ ვიცოდი რა მეკეთებინა და დავიწყე უცნობ გოგონასთან ლაპარაკი. მან, შიძლება, იცოდა, რაც უნდა ეკეთებინა, მაგრამ მაინც დაიწყო უცნობ გოგოსთან ანუ ჩემთან ლაპარაკი.
მე როცა ცუდად ვარ, ის მეხმარება.
მე როცა ცრემლები მომდის, ის მწმენდს.
მე როცა კარგად ვარ და ხშირად ვსულელობ, ის მისმენს და მიგებს.
მე, როცა ახალი რაღაც მოხდება, პირველ რიგში მასთან გავრბივარ. ის ყოველთვის მზადაა ჩემი (ხშირად) მრავალსაათიანი ლაქლაქის მოსასმენად.
მე მისი მობილურის კონტაქტებში პირველი ვწერივარ. ის ჩემი მობილურის კონტაქტებში პირველი წერია. (ბუნებრივია, ჩვენი სახელები ხომ ა-ზე იწყება :)
მე რომ რუსული კარგად არ ვიცი, ის ყველაფერს მითარგმნის (სამი წიგნის გადათარგმნა და დაწერა ხუმრობა არ გეგონოთ :)
მე რომ რაღაცას ვერ ვპოულობ, ის ეძებს და მიგზავნის.
მე რომ ჭირდება, ის ყოველთვის ჩემთანაა.
მე რომ ჩვეულებრივად ვარ, ის მაინც ჩემთანაა. :)
მე რომ ვზარმაცობ, ის მამეცადინებს.
მე რომ გამოცდების მეშინოდა, ის ჩემთან რჩებოდა, გულზე ხელს მადებდა და მაწყნარებდა.
მე რომ მტკივა, ის მარჩენს.
მე რომ მცივა, ის მათბობს.
მე მისი მეგობარი ვარ. ის ჩემი მეგობარია.
მე ამ სიას ვერასდროს დავამთავრებ. ის ახლა მეტყოდა, ნუ სულელობო. <3
მე მალე თინეიჯერი აღარ ვიქნები. ის დღეს 18 წლის გახდა.



გილოცავ, ანუც. მე შენ ძალიან მიყვარხარ!



Friday, February 25, 2011

"მარათონი" საგნებისთვის და დროში მოგზაურობის აუცილებლობა

ახლოვდება მეორე სემესტრის დასაწყისი და დაიწყო დიდი მღელვარება საგნების არჩევა-ვერარჩევასთან დაკავშირებით. ყველა მხრიდან: სტატუსიდან, მესიჯიდან თუ უნივერსიტეტის ეზოდან ისმის წუხილი, წუწუნი, მოთქმა და გოდება იმის გამო, რომ რომელიმე კონკრეტულ საგანზე ადგილები აღარაა, ვერ მოასწრეს არჩევა, ახლა რაღა გვეშველება და ასე შემდეგ. ზოგი ახერხებს ადგილშევსებულ ჯგუფში ტუტორების მეშვეობით ჩაეკვეხოს, ზოგი ვერა, ზოგს საერთოდ არ აფიქრდება ამდენი. შედეგად კი 50 კაციან ჯგუფში უკვე 91 ვართ. (არა, სტუდენტებს კი არ ვსაყვედურობ, წინა სემესტრში მე თვითონ 93-ე ვიყავი)
ისმის კითხვა - რატომ?
რამდენიმე დღის წინ ჩემი ჰუმანიტარულფაკულტეტელი მეგობრები ვნახე, რომლებიც ძალიან მშვიდად და აუღელვებლად მიდიოდნენ მეხუთე კორპუსში საგნების ასაღებად. ჩემს კითხვაზე - იქნებოდა თუ არა ადგილები დარჩენილი, გაოცება ვერ დამალეს. უფრო მეტიც, რატომ არ უნდა იყოსო, მკითხეს. მაშინ, როცა მე და ჩემი ჯგუფელები 16 თებერვალს ლამის მთელი დღე ჩასაფრებულები ვისხედით საკუთარ კომპიუტერებთან და სისტემატურად "ვარეფრეშებდით" sms.tsu.ge-ს.
მაგრამ ამას კიდევ რა უშავს. ის იყო დასაძინებლად ვაპირებდი წასვლას, რომ როგორც იქნა გაიხსნა საგნები (კიდევ კარგი არ წავედი). ნამდვილ მარათონში ჩაბმის შემდეგ ავირჩიე სასურველი საგნები. ზუსტად 15 წუთში (ან ცოტა ნაკლებში) ყველა ადგილი შეივსო.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა.. ალალ ბედზე მონიშნული ჯგუფები ცხრილში უნდა შეთავსებოდა ერთმანეთს. გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს ვერ მოხდა?
ერთი საგანი ემთხვევა მეორეს, მეორე მესამეს, მესამე ლექტორი მეხუთეს, მეხუთე პირველს და მესამეს თითო-თითო საათით. მეშვიდე კი თავის მხრივ ემთხვევა მეექვსეს, ოღონდ ნაწილობრივ. ისევ იგივე კითხვა ისმის - რატომ?
სხვა ფაკულტეტეზეც ასეა?
თუ კი, მაშინ რატომ არის ასე?
და თუ არა, მაშინ რატომ მარტო ჩვენთან?
ხანდახან მგონია, რომ ჩვენთან ეს სპეციალურად ხდება, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მომავალი მოღვაწეები მივეჩვიოთ პრობლემებს, იქ "შეკვეხებას", სადაც ადგილი არაა, ვიღაცის აწრიალებას და ტვინის წაღებას.
მაგრამ არა, მაპატიეთ, ფანტაზიებში გავიჭერი...

P.S. სადაცაა სემესტრი დაიწყება და ერთი საგნის ქულა ჯერ კიდევ არ დევს... არა, არა, არ გეგონოთ, რომ "შემეტენა". უბრალოდ მგონი ლექტორს დაავიწყდა, ან არ სცალია :)
ყველაფრის მიუხედავად
P.P.S. დროის მდევარი მჭირდება. (მაგიური ნივთი, რომელის საშუალებითაც ადამიანს შუძლია ერთდროულად რამდენიმე ადგილას ყოფნა, უფრო ზუსტად კი დროში მოგზაურობა)

Tuesday, February 22, 2011

Vladimir Kush

ვლადიმირ კუში - ეს არის მხატვარი, რომელიც მე ჩემმა მეგობარმა სრულიად შემთხვევით აღმომაჩენინა, როდესაც ერთ-ერთი დავალების შესრულებაში დახმარება ვთხოვე. ეს არის მხატვრობა, რომლითაც პირველივე დანახვით მოვიხიბლე, მომხიბლა სილამაზემ ანუ ფერებმა, იდეებმა, შესრულებამ. ყველაზე მეტად კი ნახატების უცნაურობა მომეწონა. ყვავილებისაფრებიანი გემები, პეპელა-როიალი და ნიჟარის სასახლე ძალიან შორს არიან რეალობისგან, უფრო ოცნებებს ჰგავს, ანდა - სიზმრებს. ხო, ნამდვილი სიზმრების სამეფოა.


პეპლები და ყვავილები, მართლაც, მრავლადაა მის მხატვრობაში. უცნაური და არარეალური შეხამებები, ადამიანები ფრთებით, ღრუბლის ჩიტზე მონადირე, ქალი ვარდის თმით, უფრო სწორად კი ვარდები - ქალის ტანით... 


და რაც (ჩემი აზრით) ყველაზე მომაჯადოვებელია - ფერები, ფერები, ფერები...


მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ექსპერტი ამ დარგში. საერთოდაც, ადვილი შესაძლებელია, რომ ძალიან ცუდად ვერკვეოდე მხატვრობაში, მაგრამ ამ მხატვარმა და მისმა შემოქმედებამ არაერთხელ შემიკრა სუნთქვა აღფრთოვანებისგან.

მთვარის სონატა
მეტი ინფორმაციისთვის და მეტი ნახატისთვის იხილეთ მისი საიტი

Thursday, February 17, 2011

Peace Times / დრო მშვიდობისა

გუშინ, ანუ 16 თებერვალს ლიტერატურულ კაფე "ქარავანში" გაიმართა ჟურნალ "დრო მშვიდობისას" პრეზენტაცია. იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა რედაქტორების მიერ გამოიცემოდა, გუშინ კი, როგორც ამჟამინდელმა რედაქტორმა თქვა, გაახალგაზრდავებული სარედაქციო ჯგუფით და ახალი იდეებით დაგვიბრუნდა.
გაახალგაზრდავებული სარედაქციო ჯგუფი
პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. ძველი რედკოლეგიის წევრისა და ახალი რედაქტორის მიმართვების შემდეგ გვაჩვენეს მცირე ვიდეოკოლაჟი. მანამდე კი წამყვანმა აგვიხსნა, რომ თითქმის მთელ დარბაზში დალაგებული "თეთრი მტრედები" სულაც არ იყო ხელსახოცები, არამედ ჩვენ ისინი უნდა გაგვეხსნა და აღმოგვეჩინა ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ წარმოთქმული სიტყვები. ვიდეოკოლაჟში გამოყენებული სამი "გამარჯვებული სიტყვის" მფლობელი კი საჩუქრად მიიღებდა ჟურნალის არა მხოლოდ პირველ ნომერს, არამედ შემდეგ ნომრებსაც მთელი წლის განმავლობაში. გამარჯვებულები სახალხოდ დააჯილდოვა ჯეოსტარელმა ოთო ნემსაძემ, რომელმაც შემდეგ რამდენიმე სიმღერა შეგვისრულა მერაბ ნუცუბიძესთან ერთად.

რაც შეეხება თავად ჟურნალს. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, facebook-ზე დაიპოსტა და მთავარი რედაქტორის (მეტად ორიგინალურ) სარედაქციო სიტყვაში დაიწერა, ჟურნალის მთავარი მიზანია ყურადღების გამახვილება იმ პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლიან დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს არსებობას. მე, როგორც რიგითი მკითხველი თვალის ერთი გადავლებით მოვიხიბლე და რაც უფრო მეტ სტატიას ვკითხულობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჟურნალი საკუთარ მიზანს ნამდვილად ამართლებს. ორიგინალური დიზაინი, ორიგინალური იდეები, ორიგინალური და მრავალფეროვანი მასალა და ყველაფერი ერთი მიზნისთვის - თავისუფლების, მშვიდობის, სიყვარულის გაძლიერებისთვის. 

მე ნამდვილად არ შემიძლია მთლიანად გადმოვცე ის სიამოვნება, რომელსაც მკითხველი მიიღებს ჟურნალისგან. თავად სცადეთ...


Saturday, February 12, 2011

back to school

ჩემი სკოლა ყველაზე უფრო საჯაროა საჯარო სკოლებს შორის. ფანჯრებგამოცვლილი გახუნებული კედლებით, მერხებგამოცვლილი გასარემონტებელი კლასებით და რადიატორებგამოცვლილი შესაღები დერეფნებით. ეს ყველაფერი სასწავლო რეფორმასთან ერთად შემოიჭრა უსაჯაროეს სკოლაში. მანამდე კი საშუალო იყო, საშუალო ბავშვებით და საშუალო მასწავლებლებით.

სკოლაში პირველი დღე არ მახსოვს. მხოლოდ რამდენიმე კადრი და აზრი შემომრჩა - მესამეკლასელები ზრდასრული ადამიანები მეგონა, პირველი სართული - სამყაროს ცენტრი. ვერ ვხვდებოდი დედაენაში რატომ ვკითხულობდი თოხს და თხას, როდესაც ყოველდღიურობაში უფრო საჭირო სიტყვები არსებობდა, მაგალითად ჭიქა, ქურთუკი ან ტელევიზორი.

2003 წლის ცნობილი მოვლენების დროს, იმით აღშფოთებულმა, რომ ჩვენი სკოლა სხვა სკოლების მსგავსად არ გაიფიცა აჯანყება მოვაწყე, უფროსკლასელებიც ავიყოლიე და მიზეზად ღუმელის გაუმართავობა დავასახელე. მაშინ პირველად მოვხვდი დირექტორის კაბინეტში (უკანასკნელად კი ბოლო ზარზე. “საროჩკაზე” სამახსოვრო წარწერის გაკეთების მიზნით) ურჩობისთვის სკოლიდან გარიცხვას მიპირებდნენ. საბოლოოდ კი ის დირექტორი უფრო მალე წავიდა სკოლიდან, ვიდრე მე.

ამის შემდეგ ნამდვილი ბრძოლა დაიწყო. ზოგი მასწავლებელი მხარს მიჭერდა სკოლაში “ოპოზიციონერობისთვის”, ზოგი კი პირიქით. ყველაფერი ბანკეტით დასრულდა, სადაც შავი კაბით და მოტეხილი ხელით გამოვცხადდი… კლასელებმა მითხრეს, რომ ჩემი ხელი ახალი ცხოვრების სიმბოლური დასაწყისი იყო. ფიზიკის მასწავლებელმა კი (უკვე მერამდენედ) გამიმხილა, რომ მისთვის ასუცნობიან განტოლებად დავრჩებოდი სამუდამოდ.


ორი წლის შემდეგ

ღიმილით შევაბიჯე სკოლის ეზოში. უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ და ლექტორის მიერ მოცემული დავალების შესასრულებლად ვბრუნდები სკოლაში. უნდა გავატარო “ერთი საათი სადმე”. მე გადავწყვიტე, რომ ეს “სადმე” სკოლა ყოფილიყო.
ნაცნობ ყავისფერ კარზე დავაკაკუნე. დარაჯმა ჯერ გაკვირვებულმა შემათვალიერა, შემდეგ კი მანდატურების ოთახისკენ გამიძღვა. არ ვიცოდი დამთანხმდებოდნენ თუ არა ისინი, მაგრამ კარი მაინც შევაღე. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ რაღაცის თხოვნა მინდოდა, ახალგაზრდა სიმპატიურმა მანდატურმა ცალკე დალაპარაკება შემომთავაზა. თუმცა თხოვნის გაგების შემდეგ ოფიციალური სახით მითხრა, რომ მაგის უფლებას თვითონ ვერ მომცემდა და მირჩია დირექტორი მენახა…
დირექტორის მდივანმა ძლივს მიცნო, რატომღაც შეშფოთდა და სასწავლო ნაწილთან გამიშვა. სასწავლო ნაწილი შეყოყმანდა (შევამჩნიე, რომ ჟურნალისტის სახელი აშინებდათ, არადა ცუდი განზრახვით არ მივსულვარ) ბოლოს დირეტქორი მოვიდა და მანდატურთან გამიშვა ნებართვის ასაღებად.. მას შემდეგ რაც მათი ბიუროკრატიული წყობა და ჩემი ზემოთ-ქვემოთ სირბილის ამბავი მთლიანად მოვუყევი ბოლოსდაბოლოს შევაღწიე “აუღებელ ციხე-სიმაგრეში” – VIII კლასში ქართულის გაკვეთილზე… შევასრულე ჩემი მოვალეობა - 45 წუთის მანძილზე აქტიურად აღვწერდი ბავშვებს, საკლასო ოთახს, მასწავლებელს და სასწავლო პროცესს.
შესვენებაზე კარგად დავათვალიერე დერეფნები და ჩემი ყოფილი საკლასო ოთახის კარი. ახლა იქ პატარები არიან. ოდესმე ისინიც იქნებიან სტუდენტები. რაიმე მიზეზით დაბრუნდებიან უკან - სკოლაში, ნახავენ საკუთარ საკლასო ოთახებს და იფიქრებენ “ახლა აქ პატარები არიან”

და თქვენ რას გრძნობთ საკუთარი ყოფილი სკოლების დანახვისას? 

წინასიტყვაობა

მე ანი ვარ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი (მრისხანედ ჟღერს). ვაპირებ ვიყო თავისუფალი ჟურნალისტი (იმედი მაქვს ორივე გამომივა). მიყვარს საწერი კალმების (იგივე პასტების) შეგროვება, აბრუსდული კითხვების დასმა, მზე, ცისარტყელა და მაკდონალდსში სტუმრობა. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი... ასე რომ ჯობია იმაზე ვთქვა ორიოდ სიტყვა, თუ რამ მიბიძგა ბლოგის გახსნისკენ.


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, მეც გავხსნა ბლოგი. წერის კულტურაო, კრიტიკის მიღებაო, თავის წარმოჩენაო, სოციალურ სივრცეში ამინდის შექმნაო და, საერთოდაც, ვინ დათვლის მის ყველა სიკეთეს :) მეც გადავწყვიტე ამ დიად საქმეს შევეჭიდო... მისი მიზანდასახულობის ვრცელ ჩამონათვალში შედის ჩემი, როგორც ჟურნალისტის დახვეწა და განვითარება, სოციალური მედიის საერთო სივრცეში (თუნდაც)მცირედი წვლილის შეტანა, ცუდის და დასაგმობის დაგმობა, კარგის და საქებარის შექება, პოტენციური დამსაქმებლებისთვის მისი ავტორის გაცნობა და ა.შ.  ჩემი ბლოგი ჯერ პატარაა, მე კი ახალბედა, ამიტომაც ნუ დაგვზრახავთ, ჯანსაღ კრიტიკას კი დიდი სიხარულით მივიღებთ და გავითვალისწინებთ.


ბლოგს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ (წითელილენტისგაჭრასმაილი)