თსუ-ში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე არაერთი პოსტი დაიწერა და იწერება. მართალია არც ისე დიდმა ნაწილმა, მაგრამ სტუდენტების გარკვეულმა რაოდენობამ გამოიღვიძა, ხმა ამოიღო, არ შეეგუა. ეს კარგია.
სწორედ სტუდენტების მიერ გამართულ მშვიდობიან აქციაზე ჩემმა ერთ-ერთმა ჯგუფელმა, ნიცა ბუხნიკაშვილმა მითხრა, რომ "თარგმნეს" პრეზენტაციის მეორე დღეს თვითმმართველობის ოთახში იმყოფებოდა ასევე ჯგუფელ გოგონასთან ერთად და საინტერესო რაღაცის მომსწრე გახდა, შემომთავაზა/მთხოვა, რომ მისი სტატია აქ დამედო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ნიცას ნაწერს უცვლელად გთავაზობთ:
"ოთახი 133 - თვითმმართველობა
16 აპრილს, შაბათს, მე და თაკო ლონდარიძე (ასევე თსუ-ს სტუდენტი) თვითმართველობის ოთახში ვიყავით. მე მინდა ზუსტად მოგიყვეთ, რაც იქ ხდებოდა, სანამ თქვენც ამოხვიდოდით. არ ვიცი, რამდენად გადმოქცემთ იმ ემოციას, რაც მაშინ გამიჩნდა, გულწრფელად გეტყვით, თვითმმართველობის პრეზიდენტს რომ შევხედე და წამიერად დავაფიქსირე, როგორ ნერვიულობდა მომინდა ჩავხუტებოდი.
მე და თაკოს გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ მათი წევრი იყო ერთ-ერთი პირი, (პირობითად მოვიხსენიებ, როგორც “ჯანო”) რომელმაც სტუდენტები სცემა. თვითმმართველობის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ "ჯანო" არ არის მათი წევრი უკვე 5-6 თვეა, მაგრამ იყო. დამადასტურებელი დოკუმენტი ან თვითმმართველობის წევრების სია მოვითხოვეთ. პრეზიდენტმა მიმართა იქ მყოფ კიდევ ერთ წევრს, რომელმაც თქვა, რომ თვითმმართველობის წევრების სიის ელექტრონული ვერისა “ფლეშაკაზე” ჰქონდა შენახული, “ფლეშკა” მის ძმასთან იყო, მისი ძმა კი - სახლში. ზღაპარს გავს არა? მანვე თქვა, კანცელარია დაკეტილია, მაგრამ გავაღებინებთ და ბრძანებას მოგიტანთ, რომ "ჯანო" აღარ არის ჩვენი წევრი. პრეზიდენტიც მას გაჰყვა ბრძანების მოსატანად.
ამასობაში მოვიდა ვიცეპრეზიდენტი. იგი გვიმტკიცებდა, "ჯანო" თვითმმართველობის წევრი არასდროს ყოფილაო. მიხვდით, ალბათ, ხო? პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი სადღაც აცდნენ.
- როგორ თუ არ ყოფილა, სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში თათბირებს მიტარებდა, მერე კი მონიტორინგის სამსახურში გადაიყვანეს.
- არ არის თვითმართველობის წევრი.
- იყო?
- არ არის თვითმართველობის წევრი.
-იყო?
- არ არის თვითმართველობის წევრი.
სანამ სიტუაცია ასე გამწვავდებოდა, თქვა, რომ თვითმართველობასთან დაახლოებული პირი იყო.
სამწუხაროდ, მე და თაკომ არ ვიცოდით, რომ ეს ვაჟკაცი სწორედ ის იყო, პირველი რომ გავარდა სტუდენტების საცემად. ეს, რომ გვცოდნოდა, იქნებ საკუთარ თავზე მაინც არ ეთქვა, რომ არ არის და არც ყოფილა თვითმართველობის წევრი. (ბოლოსდაბოლოს კაცი ვიცეპრეზიდენტია)
ლამის იყო ის ვიფიქრეთ, მგონი ისიც არ იცის, სტუდენტები რომ სცემესო, ამიტომ თაკომ სთხოვა, მოეყოლა, რა მოხდა გუშინ პრეზენტაციაზე. მან თანმიმდევრობით დაიწყო მოყოლა. თხრობისას იქამდეც მივიდა, სადაც თქვა, რომ ჩვენ (თვითმმართველობა) და პირადად მეც ძალიან მოვიშალეთ ნერვებზე, როდესაც ტაშფანდურები და კომკავშირელები გვიწოდესო. მერე რამდენიმე სტუდენტი გარეთ გავიდაო. საკუთარ თავზე განსაკუთრებით აღნიშნა, რომ იგი დარჩა დარბაზში. ვინც გავიდა, არ ვიცი ვინ იყვნენო.
დოკუმენტის ლოდინში აღმოვაჩინე თვითმმართველობის წევრების კედელზე გაკრული სია, სადაც "ჯანო" არ ეწერა. მეორე კედელზე იგივენაირი სია იყო გაკრული, სადაც "ჯანოს" სახელი და გვარი ეწერა მონიტორინგის მეორე მოადგილის პოზიციაზე.. ამ სიაზე გვითხრეს, რომ ძველი სიაა. (ე.ი. თვითმართველობის ყიფილი წევრი ნამდვილად არის, რასაც ვიცეპრეზიდენტი უარყოფს) იმ სიაში კი სადაც "ჯანო" არ ეწერა მის ადგილზე გრაფა ცარიელი იყო. როგორც ჩანს, უკეთესი “ჯანო” ვერ ეპოვათ.
ძველი და ახალი სიის ასლების გადაღება მოვითხოვეთ, მაგრამ ოთახში ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა (?), ამიტომ ფოტოს გადაღება მოვინდომეთ. ამ დროს ერთ-ერთი წევრი წინ გადამიდგა და გაიძახდა “რატომ უნდა გადაუღო?”. ამ დროს ხელი მოკიდა თაკომ და ამბობს: ”ამას უყურე, რა დღეში ხარ?”. ”სხეული ისეთი დაჭიმული ჰქონდა, რომ ვიფიქრე მკვდარს შევეხე”_თაკო. მერე გამოფხიზლდა და გაგვეცლა - “აჰაა და გადუღეთ, მაგრამ ეს ძველი სიაა”. ვუთხარით, რომ ძველსაც გადავუღებთ და ახალსაც და იმასაც ვიტვით, რომ ეს ძველია. (რეალურად კაცმა არ იცოდა ძველი სია იყო თუ არა) იმდენად ძველი იყო, ჯერ არც ჩამოუხსნიათ. შევთავაზეთ მიეწერა, რომ ძველია, მაგრამ გვითხრა: ”თქვენც ეგ გინდათ, რომ დავაწეროთ, მერე იტყვით მიაწერეს რაღაცებიო”.
ფოტო გადავუღეთ ორივეს და შემდეგ მოხდა ეს: ბრძანება მოგვიტანეს კანცელარიიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ "ჯანო" მოხსნილი იყო მინიტორინგის მეორე მოადგილეობიდან. ამ ბრძანების ქსეროქსის გადასაღებად გავედით. უკან დაბრუნებულებს (დაახლოებით 3 წუთი იქნებოდა გასული) სია, სადაც "ჯანოს" სახელი და გავრი ეწერა ჩამოხეული დაგვხვდა. როგორც ჩანს, ლურსმების მოხსნა ვერ მოასწერეს, კედელზე კვადრატული ფორმით იყო დარჩენილი. ვეკითხები: “სად გააქრე სია? რატო ჩამოხიე?”. მპასუხობს - “მე რა ვიცი” (სულ გამოიშტერა თავი, თითქოს ციდან ჩამოფრიდა) თაკომ იქვე მყოფ ასევე თვითმმართველობის წევრ გოგონებს კითხა: “ვერ დაინახეთ, ვინ ჩამოხია?” პასუხი: “არა, ჩვენ ჟურნასლ ვათვალიერებიდით, არაფერი დაგვინახავს”.
ყველა დაბლა მყოფი სტუდენტი რომ ამოვიდა მახსოვს, მარიამ უგრეხელიძე ჩამოხეულ სიას ფურცლების ნაგავში ეძებდა. მეც ამოვიღე რამდენიმე ფურცელი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ იმას ექნებოდა ჯიბეში, ვინც ჩამოხია.
პ.ს. მე არ გამოვდივარ დაზარალებული სტუდენტების დამცველად, არც ის გრძნობა მაქვს ჩემს კურსელებზე ხელი როგორ აწიეს-მეთქი. ეს არის ფაქტი, რომ თვითმმართველობამ მოაზროვნე სტუდენტებს სცემა, იმის მაგივრად, რომ თანამოაზრეები ყოფილიყვნენ პრობლემის გადასაჭრელად. ადამინისტრაციის მხრიდან წინააღმდეგობა რაღა გასაკვირია? გასაკვირი კი არა მე თუ მკითხავ მომხდარ ანომალიასთან შედარებით ზედმეტად ნორმალურია."
No comments:
Post a Comment