Saturday, October 1, 2011

მენტალიტეტგაზარმაცებულები


ეროვნული გამოცდებით აღსავსე ზაფხული დასრულდა. სწავლა იწყება (ზოგან უკვე დაიწყო). 
კითხვები “სად აბარებ?” “რა გიწერია პირველი?” “მეოთხეს რას აბარებ?” ეტაპობრივად ჩაანაცვლა შეკითხვებმა “რა ქენი?” “როგორ დაწერე?” “რომელი ვარიანტი იყავი?” რა თქმა უნდა, მშობლებისმიერი თანმხლები შეფასებებით – “რთული ყოფილა ძალიან” “შეუცვლიათ შემოსახაზები” “შეამცირეს დრო და რას მოასწრებდა” ზაფხულის ბოლოსთვის კი, ბუნებრივია, სახლში, გარეთ, ტელეფონზე, ფეისბუქზე, ავტობუსსა თუ გაჩერებებზე ასეთ გადაძახილებს გაიგონებ – “რა ქნა, მოხვდა?” “ეყო ქულები?” “კი, მოვხვდი სადაც მინდოდა” “მთავარია ერთი მოხვდე, თორე მერე გადახვალ სადაც გინდა” 


“სადაც გინდა” გადაცვლის პერსპექტივა საქართველოში დიდი გვაქვს. Aამის და ამის სახელობის სახელმწიფო (ან ეროვნულ) უნივერსიტეტებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუ არა, ყოველ კუთხეში მაინც შეხვდებით. ეს აკრედიტებულები, თორემ აკრედიტაციის გარეშე დარჩენილებს ვინ მოთვლის. ამ ყველაფრის მერე პირდაპირ მიკვირს, როგორ ახერხებენ აბიტურიენტები “გარეთ დარჩენას”, როგორც მათი მშობლები ამბობენ. ანდა რატომ აქვს უკლებლივ ყველა აღნიშნულ მშობელს უნივერსიტეტდამთავრებული შვილების ყოლის პრეტენზია. 


რამდენიმე დღის წინ ერთგვარ ნათესაურ შეკრებაზე ამოვყავი თავი. ერთ-ერთმა ბიცოლამ (რომელმაც, ალბათ, ბოლოს ბაღის ასაკში თუ მნახა) ზრდილობიანად მოიკითხა ჩემი “მოხვედრის” და სტუდენტობის ამბები. მერე კი უკმაყოფილებაც კი გამოთქვა, მაინც ვერ იმუშავებ შენი პროფესიითო და მაგალითად თავის ორი შვილი მოიყვანა. ეროვნულგამოცდებამდელი სტუდენტები არიან. დიპლომიც აქვთ, ყველაფერიცო, მაგრამ მაინც ვერ მუშაობენო, ამ ქვეყანაში რას იმუშავებო. რაღას სწავლობ წადი სამსახური იშოვეო – ეს აღარ უთქვამს, მაგრამ, მგონი, იგულისხმა.

მართლაც საინტერესოა რა შანსი შეიძლება ჰქონდეს ყოველ წელს უამრავი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს რომელიმე საერთაშორისო პროფესიით. მგონი უფრო, სამუშაოს მოლოდინში მყოფი დაუსაქმებელი თუ დასასაქმებელი მოქალაქეების არმიას ემატებიან და თანაც ყველაფერში სხვას ადანაშაულებენ. სასწავლო კურსების მომატებასთან ერთად დედაჩემი სულ უფროდაუფრო მეტი ინტენსივობით ჩამჩიჩინებს საზღვარგარეთ თუ არ წახვედი სასწავლებლად, არაფერი გამოგივაო. მართალია, საზღვარგარეთ სწავლა შემდგომში დასაქმების შანსს ერთიორად ზრდის (თუ მეტად არა) მაგრამ პრობლემა მაინც რჩება – გამოდის, რომ საქართველოში სტუდენტს არ შეუძლია არჩეული პროფესიისთვის შესაბამისი განათლება მიიღოს. და არც არაფერი კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად – შეძლებული ან წარჩინებული სტუდენტები მიდიან საზღვარგარეთ. არც ისე შეძლებულები ან არც ისე წარჩინებულები კი რჩებიან აქ და უკეთეს შემთხვევაში ჩვენშიპრესტიჟულ უნივერსიტეტებს ამთავრებენ. ისე, წარჩინებაზე მეტად მოხერხებულობაა საჭირო, ბევრი ნიჭიერი სტუდენტი ვიცი, სხვა ქვეყნებისკენ რომ არც გაუხედავს (ჯერჯერობით მაინც). 


მეორე და უფრო დიდი თუ არა არც არაფრით ნაკლები პრობლემა ქართული სიზარმაცეა. “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო” ამაზე იმდენი ილაპარაკეს და იმდენიც იხუმრეს, რომ უკვე ერთ ბანალურ ფრაზად იქცა. რავიცი, მთლიანად ერის ნიჭიერების რა გითხრათ, მაგრამ მისი დიდი ნაწილის სიზარმაცეში დარწმუნება კი არც ისე ძნელია. ორიოდ წლის წინ, როცა მეც ეროვნულგამოცდებიანი ზაფხული მიახლოვდებოდა ჩემმა ერთმა “პროფესორმა” ლექტორად მომუშავე ნათესავმა მირჩია (უნივერსიტეტის სახელობას არ დავასახელებ) ჩვენთან ჩააბარე და ოთხი წელი ნიშნებზე პრობლემა არ გექნებაო. რაც მართალია, მართალია. აბიტურიენტებისა და მათი მშობლების უმრავლესობას მხოლოდ ის უნდა, რომ ბავშვი სადმე მოხვდეს, მოვალეობის მოხდის მიზნით იაროს ლექციებზე, ზოგჯერ არც იაროს. გაერთოს. უნივერსიტეტის ეზოში “დააბირჟაოს” და როგორც კი საკუთარი ცოდნის ტაძრიდან (?!) ხელდიპლომიანი გამოდგამს ფეხს, ეგრევე დამსაქმებლები მიესიონ და აქეთ წამობრძანდით ბატონო, აი, თქვენი კაბინეტი და ხელფასსაც თვის ბოლოს მოგართმევთო უთხრან. დიპლომი აიღო და, აბა, როგორ გინდათ. კი, კი, ვიცი, რთულია ცხოვრება, და მითუმეტეს სამუშაოს შოვნა. (ეს ორი რაღაცნაირად ერთმანეთზეა დამოკიდებული). ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა (რომელმაც თავის დროზე ამერიკაში ისწავლა) იქაც ისეთივე უნივერსიტეტები და ლექტორები არიან როგორც აქ, თუ თქვენ თვითონ არ იმუშავეთ თქვენი თავის დახვეწაზე სრულ განათლებას ვერავინ მოგცემთო. ეს კიდევ მენტალიტეტგაზარმაცებული ხალხისთვის ხანდახან ცხოვრებაზე და სამსახურის შოვნაზე უფრო რთულიც კია. აი, სადაა ძაღლის თავი დამარხული. ოღონდ ახლა იმის მოყოლას ნუ მომთხოვთ, თუ რამ გააზარმაცა ჩვენი მენტალიტეტი, დიდ პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა. :)



No comments:

Post a Comment