გუშინ, ანუ 16 თებერვალს ლიტერატურულ კაფე "ქარავანში" გაიმართა ჟურნალ "დრო მშვიდობისას" პრეზენტაცია. იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა რედაქტორების მიერ გამოიცემოდა, გუშინ კი, როგორც ამჟამინდელმა რედაქტორმა თქვა, გაახალგაზრდავებული სარედაქციო ჯგუფით და ახალი იდეებით დაგვიბრუნდა.
|
გაახალგაზრდავებული სარედაქციო ჯგუფი |
პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. ძველი რედკოლეგიის წევრისა და ახალი რედაქტორის მიმართვების შემდეგ გვაჩვენეს მცირე ვიდეოკოლაჟი. მანამდე კი წამყვანმა აგვიხსნა, რომ თითქმის მთელ დარბაზში დალაგებული "თეთრი მტრედები" სულაც არ იყო ხელსახოცები, არამედ ჩვენ ისინი უნდა გაგვეხსნა და აღმოგვეჩინა ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ წარმოთქმული სიტყვები. ვიდეოკოლაჟში გამოყენებული სამი "გამარჯვებული სიტყვის" მფლობელი კი საჩუქრად მიიღებდა ჟურნალის არა მხოლოდ პირველ ნომერს, არამედ შემდეგ ნომრებსაც მთელი წლის განმავლობაში. გამარჯვებულები სახალხოდ დააჯილდოვა ჯეოსტარელმა ოთო ნემსაძემ, რომელმაც შემდეგ რამდენიმე სიმღერა შეგვისრულა მერაბ ნუცუბიძესთან ერთად.
რაც შეეხება თავად ჟურნალს. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, facebook-ზე დაიპოსტა და მთავარი რედაქტორის (მეტად ორიგინალურ) სარედაქციო სიტყვაში დაიწერა, ჟურნალის მთავარი მიზანია ყურადღების გამახვილება იმ პრობლემებზე, რომლებიც ხელს უშლიან დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს არსებობას. მე, როგორც რიგითი მკითხველი თვალის ერთი გადავლებით მოვიხიბლე და რაც უფრო მეტ სტატიას ვკითხულობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჟურნალი საკუთარ მიზანს ნამდვილად ამართლებს. ორიგინალური დიზაინი, ორიგინალური იდეები, ორიგინალური და მრავალფეროვანი მასალა და ყველაფერი ერთი მიზნისთვის - თავისუფლების, მშვიდობის, სიყვარულის გაძლიერებისთვის.
მე ნამდვილად არ შემიძლია მთლიანად გადმოვცე ის სიამოვნება, რომელსაც მკითხველი მიიღებს ჟურნალისგან. თავად სცადეთ...
No comments:
Post a Comment