Showing posts with label როიალი. Show all posts
Showing posts with label როიალი. Show all posts

Thursday, March 10, 2011

ჩემი როიალია და სადაც მინდა იქ დავდგამ

12 წლიდან ჟურნალისტობა მაქვს გადაწყვეტილი. სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვისმენ ასობით მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი. ზოგი რას ფიქრობს, ზოგი რას მირჩევს, ზოგი რას მასწავლის. რამდენიმე კრიტერიუმი კი ყველგან უცვლელია - კომუნიკაბელურობა, წერის ნიჭი, ობიექტურობა…
სკოლის ასაკში რამდენიმე წრეზე დავდიოდი. ამ წრეებზეც და ახლაც -  უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორ ვიყო ობიექტური, მიუკერძოებელი, როგორ გავაშუქო თანაბრად ყველა მხარე, როგორ არ დაეტყოს სტატიას ჩემი აზრი. რა გამომდის ან არ გამომდის, სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა თუ რა პრობლემას წავაწყდი სულ ცოტა ხნის წინ.
მგონი ჯერ ერთი თვეც არაა, რაც ბლოგი გავაკეთე (გადაწყვეტით დიდი ხანია გადავწყვიტე, მაგრამ თავის მობმა უნდა ყველაფერს). ერთი შეხედვით უადვილესია ბლოგზე წერა. გაქვს სივრცე, სადაც ჟურნალისტიც ხარ და რედაქტორიც. თემის შერჩევა ერთ პრინციპს ექვემდებარება - რაც ბლოგის მფლობელს (გინდ ავტორს) მოესურვება. შეგიძლია წერო ყველაფერი, რაც შენი აზრით აქტუალურია, და მკითხველს დააინტერესებს, ან შეიძლება არ დააინტერესოს, მაგრამ შენ ასე მოგინდა. მოკლედ, შენი როიალია და სადაც გინდა იქ დადგამ :) ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი (თუ როგორც არის)
ეს ერთი შეხედვით. ორი (ან მეტი) შეხედვით კი რა მოხდა? დავწერე ერთი სტატია (დიახ, სტატია და არა პოსტი) მერე მეორე, მესამე და ასე… ერთ დღესაც, როცა მეგობარს გამოქვეყნებამდე წავაკითხე, მითხრა, რომ სერიოზული ჟურნალისტივით ვწერ და ბლოგისთვის ცოტა სხვა რამეა საჭირო.
მართალია და მგონი ამას ვერც ვამჩნევდი, სანამ პირადად არ გადავაწყდი (უფრო სწორად კი, ვერ ვაცნობიერებდი).
ბლოგზე საგაზეთო სტატიის წერა, მგონი, ისევე სასაცილო გამოვა, როგორც ის, რომ ერთ დღესაც დიკო ჯოჯუამ (ან რომელიმე მსგავსმა) ეთერში გვითხრას, დღეს პარლამენტში ძალიან საინტერესო სხდომა გაიმართა , დიდი ხნის უნახავი ბევრი მეგობარი ვნახე და კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდებაო. P.S.-ად კი დათო კიკალიშვილმა დაამატოს, ყველაზე ძაან ბაქრაძის გამოსვლა მომეწონა, დღეს რაღაც საყვარელი იყო და ჯონდიზეც მაგარი ვიხალისეო.
ხო, სოციალური მედია, კერძოდ კი ე.წ. ბლოგინგი ის მოვლენაა, რომელმაც გვაიძულა მანამდე არსებულ მედიას “ტრადიციული ჟურნალისტიკა” ვუწოდოთ.
წერე შენი აზრი მოვლენების, პრობლემების და საერთოდ რის შესახებაც გინდა

P.S. მგონი მოვახერხე სისხლში გამჯდარი ტრადიციის დარღვევა (რომელმაც კინაღამ დეპრესიში ჩამაგდო) და “გავიხსენი” :)


როიალის მფლობელი კიარადა ბლოგის ავტორი :)