Friday, March 18, 2011

დრო მშვიდობისა იაპონიას

დღეს შუადღისას შუა ლექციაზე მორიდებით ავიწიე ხელი, ფილმებზე მსჯელობაში გართულ ლექტორს შეძლებისდაგვარად შესაძლებელ მომენტში გადავწყვეტინე სიტყვა და ვთხოვე - შეიძლება წავიდე?
მოწიწებული ღიმილიც არ დამვიწყებია და ჩემმა ლექტორმაც ღიმილითვე დამრთო წასვლის ნება. (სანამ კარს გავიხურავდი, გავიგონე, როგორ განაგრძო ფილმზე მსჯელობა)
უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ გზად აფთიაქში შევირბინე.
-გამარჯობა, პირბადე მინდა თუ გაქვთ.
-რამდენი?
-ერთი.
გაკვირვებული სახე.
-25 თეთრი, ინებეთ.
სასწრაფოდ ჩავჩურთე ჩემი შენაძენი ისედაც ათასი რამით გავსებულ ჩანთაში და ისევ რუსთაველისკენ წავედი. გზაში ვფიქრობდი, რაში დაეხმარება იაპონიას ჩვენ მიერ რამდენიმე წუთში მოსაწყობი ფლეშ-მობი, ან საერთოდაც მსოფლიო სოლიდარობა. კონკრეტულად არაფერში. მაგრამ, ალბათ, ის ფაქტი, რომ მსოფლიო შენ გვერდითაა, თავისთავად სანუგეშოა.
ჩვენ მიერ გამოსახატი სოლიდარობის ფორმა კი საკმაოდ ორიგინალურად მეჩვენება. უნდა დავდგეთ მუხლებზე, პირბადეებით და იაპონურად მივესალმოთ გამვლელებს. ვფიქრობ, ამით სხვებსაც შევახსენებთ იაპონურ ტრაგედიას (მგონი არავის სჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც) და იმასაც დავანახებთ, რომ ჩვენ გვახსოვს და განვიცდით.
დათქმულ დროზე ცოტა ადრე მივედი. ჩემი მეგობრები უკვე იკრიბებოდნენ. ცოტა ხანში კი ორგანიზატორმა, რომელმაც 20-30 მონაწილე facebook-ის საშუალებით შეკრიბა, დაწყების ნიშნად ხმამაღლა დაიძახა "კონიჩიუა".  ყველანი დავდექით მუხლებზე. გაკვირვებულ გამვლელებს თავის დაკვრით ვესალმებოდით (რა თქმა უნდა, იაპონურად). ვცდილობდი თვალებით მომეძებნა ადამიანი, რომელიც მიყურებდა, რომ მეც თავი დამეკრა. (პირბადის შიგნიდან სუნთქვის გამო სათვალე მეორთქლებოდა და მაბნევდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი)

ხალხის რეაქცია განსხვავებული იყო. ზოგმა სურათების გადაღება დაიწყო. რამდენიმე ახალგაზრდა შემოგვიერთდა. ზოგმა გაიკვირვა, ზოგი ვერც მიხვდა რა გვინდოდა, ზოგი მიხვდა. ზოგი გაჩერდა და უბრალოდ ყურება დაგვიწყო (მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდებოდა, ალბათ) ზოგმა თვითონაც სიამოვნებით დაგვიკრა თავი და მოგვესალმა.
რამდენიმე წუთში უბრალოდ ავდექით, მოვიხსენით პირბადეები და გავიფანტეთ.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტების გარეშე არაფერი მომხდარა :) დაგვაკვირდნენ, გადაიღეს, ინტერვიუები ჩაწერეს. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, თავად ეს ფლეშ-მობი ჟურნალ "დრო მშვიდობისას" რედაქციის მიერ დაიგეგმა.


P.S.დრო მშვიდობისა, ეს ისაა, რაც ახლა ნამდვილად სჭირდება იაპონიას.

No comments:

Post a Comment