Saturday, February 12, 2011

back to school

ჩემი სკოლა ყველაზე უფრო საჯაროა საჯარო სკოლებს შორის. ფანჯრებგამოცვლილი გახუნებული კედლებით, მერხებგამოცვლილი გასარემონტებელი კლასებით და რადიატორებგამოცვლილი შესაღები დერეფნებით. ეს ყველაფერი სასწავლო რეფორმასთან ერთად შემოიჭრა უსაჯაროეს სკოლაში. მანამდე კი საშუალო იყო, საშუალო ბავშვებით და საშუალო მასწავლებლებით.

სკოლაში პირველი დღე არ მახსოვს. მხოლოდ რამდენიმე კადრი და აზრი შემომრჩა - მესამეკლასელები ზრდასრული ადამიანები მეგონა, პირველი სართული - სამყაროს ცენტრი. ვერ ვხვდებოდი დედაენაში რატომ ვკითხულობდი თოხს და თხას, როდესაც ყოველდღიურობაში უფრო საჭირო სიტყვები არსებობდა, მაგალითად ჭიქა, ქურთუკი ან ტელევიზორი.

2003 წლის ცნობილი მოვლენების დროს, იმით აღშფოთებულმა, რომ ჩვენი სკოლა სხვა სკოლების მსგავსად არ გაიფიცა აჯანყება მოვაწყე, უფროსკლასელებიც ავიყოლიე და მიზეზად ღუმელის გაუმართავობა დავასახელე. მაშინ პირველად მოვხვდი დირექტორის კაბინეტში (უკანასკნელად კი ბოლო ზარზე. “საროჩკაზე” სამახსოვრო წარწერის გაკეთების მიზნით) ურჩობისთვის სკოლიდან გარიცხვას მიპირებდნენ. საბოლოოდ კი ის დირექტორი უფრო მალე წავიდა სკოლიდან, ვიდრე მე.

ამის შემდეგ ნამდვილი ბრძოლა დაიწყო. ზოგი მასწავლებელი მხარს მიჭერდა სკოლაში “ოპოზიციონერობისთვის”, ზოგი კი პირიქით. ყველაფერი ბანკეტით დასრულდა, სადაც შავი კაბით და მოტეხილი ხელით გამოვცხადდი… კლასელებმა მითხრეს, რომ ჩემი ხელი ახალი ცხოვრების სიმბოლური დასაწყისი იყო. ფიზიკის მასწავლებელმა კი (უკვე მერამდენედ) გამიმხილა, რომ მისთვის ასუცნობიან განტოლებად დავრჩებოდი სამუდამოდ.


ორი წლის შემდეგ

ღიმილით შევაბიჯე სკოლის ეზოში. უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ და ლექტორის მიერ მოცემული დავალების შესასრულებლად ვბრუნდები სკოლაში. უნდა გავატარო “ერთი საათი სადმე”. მე გადავწყვიტე, რომ ეს “სადმე” სკოლა ყოფილიყო.
ნაცნობ ყავისფერ კარზე დავაკაკუნე. დარაჯმა ჯერ გაკვირვებულმა შემათვალიერა, შემდეგ კი მანდატურების ოთახისკენ გამიძღვა. არ ვიცოდი დამთანხმდებოდნენ თუ არა ისინი, მაგრამ კარი მაინც შევაღე. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ რაღაცის თხოვნა მინდოდა, ახალგაზრდა სიმპატიურმა მანდატურმა ცალკე დალაპარაკება შემომთავაზა. თუმცა თხოვნის გაგების შემდეგ ოფიციალური სახით მითხრა, რომ მაგის უფლებას თვითონ ვერ მომცემდა და მირჩია დირექტორი მენახა…
დირექტორის მდივანმა ძლივს მიცნო, რატომღაც შეშფოთდა და სასწავლო ნაწილთან გამიშვა. სასწავლო ნაწილი შეყოყმანდა (შევამჩნიე, რომ ჟურნალისტის სახელი აშინებდათ, არადა ცუდი განზრახვით არ მივსულვარ) ბოლოს დირეტქორი მოვიდა და მანდატურთან გამიშვა ნებართვის ასაღებად.. მას შემდეგ რაც მათი ბიუროკრატიული წყობა და ჩემი ზემოთ-ქვემოთ სირბილის ამბავი მთლიანად მოვუყევი ბოლოსდაბოლოს შევაღწიე “აუღებელ ციხე-სიმაგრეში” – VIII კლასში ქართულის გაკვეთილზე… შევასრულე ჩემი მოვალეობა - 45 წუთის მანძილზე აქტიურად აღვწერდი ბავშვებს, საკლასო ოთახს, მასწავლებელს და სასწავლო პროცესს.
შესვენებაზე კარგად დავათვალიერე დერეფნები და ჩემი ყოფილი საკლასო ოთახის კარი. ახლა იქ პატარები არიან. ოდესმე ისინიც იქნებიან სტუდენტები. რაიმე მიზეზით დაბრუნდებიან უკან - სკოლაში, ნახავენ საკუთარ საკლასო ოთახებს და იფიქრებენ “ახლა აქ პატარები არიან”

და თქვენ რას გრძნობთ საკუთარი ყოფილი სკოლების დანახვისას? 

No comments:

Post a Comment