Tuesday, November 1, 2011

ჟურნალისტებმა ბიძინა დატროლეს

ბიძინა ივანიშვილმა ნანატრი პრესკონფერენცია ჩაატარა. მივიდნენ ჟურნალისტები. დაისვა უამრავი კითხვა. ერთი შეხედვით ყველაფერი ბუნებრივია. მაგრამ....




ანი ჩახნაშვილის კომენტარი facebook-ზე:


აჰა, ჩავკალი ბიძინას პრესკონფერენცია (თუ საერთოდ ეგ ერქვა მაგას) დასკვნა:
1) ჟურნალისტიკა საქართველოში არ არსებობს.
2) ჟურნალისტები საქართველოში არ არსებობენ.
3) ბიძინას პრესმდივანი მაგარი საკაიფო კაცია :დ
4) იმედის ჟურნალისტს რაღაც დამამშვიდებელი აქვს საშოვნელი.. საწყალი გოგო.
5) საქართველოში ელემენტალური კულტურაც არ არსებობს.. :(
6) რეალ თV-ში ტროლები მუშაობენ.. (თან არც მალავენ.. ცოტა ხანში ლაშას მამას მკვლელობასაც ბიძინას დააბრალებენ..)
7) ამ საოცრებაში ვერაფერიც ვერ გავიგე ბიძინას გეგმებზე.. ისევ.. :დ




და არ შემიძლია, არ დავეთანხმო


წესით - ჟურნალისტი როცა მიდის პრესკონფერენციაზე დგება მომენტი, როცა მას კითხვის დასმის საშუალება ეძლევა. ჟურნალისტი დგება. ამბობს საკუთარ სახელს და გვარს, მედიასაშუალებას, ვისი წარმომადგენელიც არის. სვამს კითხვას. ჯდება. ისმენს პასუხს. თუ რესპონდენტმა გაურკვეველად უპასუხა, ჟურნალისტი კიდევ ერთხელ ცდილობს კითხვის დასმის უფლების მოპოვებას. თუ მოიპოვა ატრიალებს თავის შეკითხვას სხვა მხრიდან და ისე იმეორებს. ხოლო თუ ვერ მოიპოვა, იმას  უნდა დასჯერდეს, რომ თავის მაყურებელს აჩვენოს, როგორ აუარა რესპონდენტმა მის შეკითხვას გვერდი.

რა ხდება რეალურად - ჟურნალისტები აჟიტირებულები არიან. იბრძვიან მიკროფონისთვის. თავის მხრივ დაცვის წევრები (თუ ვინც არიან)  ეჯაჯგურებიან აღნიშნულ მიკროფონებს და ცდილობენ, მალე გამოსტაცონ ხელიდან ჟურნალისტებს. ჟურნალისტები აღშფოთებულები არიან, რომ არ ეძლევათ თავისივე დასმული კითხვის დაზუსტების საშუალება. დისკუსიაში შედიან რესპონდენტთან. ეჩრებიან ლაპარაკში.

წესით, ვიმეორებ - წესით, ჟურნალისტი, ერთი მხრივ, არის ამბის მიმტანი ერთი ადგილიდან მეორეზე. და მეორე მხრივ, საზოგადოექბისთვის საინტერესო კითხვების დამსმელი მნიშვნელოვანი პირებისთვის.

ამ დროს მიდის რეალტივის ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე, და მაშინ, როცა - 

1. ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობს
2.ხალხს უამრავი კითხვა აქვს
3.ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე კონკრეტული არაფერია ცნობილი
სვამს კითხვას, თუ რატომ არ უყვარს ბეღურები. და თან იქვე სავარაუდო პასუხებსაც სთავაზობს რაღაც მეცხლებზე და პინგვინებზე. 


უკაცრავად, მაგრამ რაში მაინტერესებს მე, საქართველოს რიგით მოქალაქეს, თუ რატომ არ უყვარს ბიძინას ბეღურები. არ უყვარს და ნუ უყვარს. მე ობობები არ მიყვარს. მერე რა... (თუ ოდესმე პრეზიდენტი გავხდები, ყველა ობობას გავწყვეტ ქვეყანაში O_o )


ჟურნალისტური ისტერიკების ფონზე არც ივანიშვილის (ალბათ) პრესმდივანი დამვიწყებია, რომელმაც პრესკონფერენცია გაკვირვების გამოხატვით დაიწყო. თურმე ნუ იტყვით და 15 წელია მედიასთან შეხება არ ჰქონია და ახალი სახეები დახვდა. ჯულიეტა ვაშაყმაძის მისვლას ხომ არ ელოდა პრესკომფერენციაზე? (თუმცა შეიძლება ისევ ჯულიეტას ეჯობნა ამათთვის) 


სამწუხაროდ, ისეთი ფრაზებს, როგორებიცაა "ჟურნალისტი ცოტა თავხედი უნდა იყოს", " კარს რომ მოგიხურავენ, ფანჯრიდან უნდა გადაძვრე" და  "სიტყვის თავისფლება", ზედმეტად პირდაპირ იგებენ. 


შედეგად კი ბიძინას გეგმებზე ისევ არავინ არაფერი იცის წესიერად... ნუ, არც არაწესიერად, პრინციპში.. 


P.S. მგონი მართლა დატროლეს 


Monday, October 31, 2011

დრაკონი გოგონას ტატუთი

- რა იდიოტურად დამთავრდა - გავიფიქრე და წიგნის უკანა ყდას დავაჩერდი. ანოტაციაში თვალი მოვკარი, რომ „გოგონა დრაკონის ტატუთი“ სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველი წიგნი ყოფილა...
-   მაშინ ხო... ალბათ, გაგრძელდება.

უკანასკნელ აბზაცის წაკითხვამდე, მეგონა, რომ სხვანაირად დასრულდებოდა. თითქმის ყველა ფურცელი ახერხებდა ჩემს გაკვირვებას და მანამდე ნავარაუდევი ვერსიების გაფანტვას. საერთოდ კი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სანამ პირველ გვერდს გადავშლიდი სულ სხვა წარმოდგენა მქონდა წიგნზე. „დრაკონის ტატუმ“ შეცდომაში შემიყვანა. ვიფიქრე, რომ მოვლენები ჩინეთში განვითარდებოდა, ან მინიმუმ აღნიშნული „გოგონა“ მაინც იქნებოდა ჩინელი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან წამოსული მეტროში ჩავედი და დაჯდომისთანავე წიგნი გადავშალე და თავი შვედეთში ამოვყავი. ჩინელი გოგონა შესახებ დაწერილი რომანტიკული ისტორიის მაგივრად კი ხელში (მეტად უცნაური) დეტექტივი შემრჩა.


რამდენიმე ადამიანის ისტორია, დანაშაული, მაქინაციები და საიდუმლოებები
ერთმანეთშია გადახლართული. ჟურნალისტ ბლუმკვისტს თავისდაუნებურად დაუჯერებელი დანაშაულის დაუჯერებელ კვალზე გავყავარ. ლიზბეთ სალანდერი კი აღმაფრთოვანებს ჰაკერული შესაძლებლობებით, უცნაური ქცევით და, რა თქმა უნდა, გარეგნობით. 

როცა ბლუმკვისტის გამოძიება ერთგვარი happy end-ით დამთავრდა, წასაკითხი დაახლოებით კიდევ 100 გვერდი მქონდა. სანამ კითხვას გავაგრძელებდი /ყავა და სენდვიჩები/ მოვიმზადე და დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლება მომხდარიყო ამ 100 გვერდზე. ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ, თვითონ ნახეთ.

და მაინც, რა იდიოტურად დამთავრდა... იმედია, „მილენიუმის“ ტრილოგიის მეორე წიგნი პირველი ისტორიის გაგრძელება იქნება. 

P.S. ხო მართლა, წიგნის შვედური ეკრანიზაცია უკვე არსებობს. სულ მალე კი ჰოლივუდურ ვარიანტსაც ვიხილავთ... 


P.P.S. ამ წიგნმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაყოლისკენ მიბიძგა :D 

Saturday, October 1, 2011

მენტალიტეტგაზარმაცებულები


ეროვნული გამოცდებით აღსავსე ზაფხული დასრულდა. სწავლა იწყება (ზოგან უკვე დაიწყო). 
კითხვები “სად აბარებ?” “რა გიწერია პირველი?” “მეოთხეს რას აბარებ?” ეტაპობრივად ჩაანაცვლა შეკითხვებმა “რა ქენი?” “როგორ დაწერე?” “რომელი ვარიანტი იყავი?” რა თქმა უნდა, მშობლებისმიერი თანმხლები შეფასებებით – “რთული ყოფილა ძალიან” “შეუცვლიათ შემოსახაზები” “შეამცირეს დრო და რას მოასწრებდა” ზაფხულის ბოლოსთვის კი, ბუნებრივია, სახლში, გარეთ, ტელეფონზე, ფეისბუქზე, ავტობუსსა თუ გაჩერებებზე ასეთ გადაძახილებს გაიგონებ – “რა ქნა, მოხვდა?” “ეყო ქულები?” “კი, მოვხვდი სადაც მინდოდა” “მთავარია ერთი მოხვდე, თორე მერე გადახვალ სადაც გინდა” 


“სადაც გინდა” გადაცვლის პერსპექტივა საქართველოში დიდი გვაქვს. Aამის და ამის სახელობის სახელმწიფო (ან ეროვნულ) უნივერსიტეტებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუ არა, ყოველ კუთხეში მაინც შეხვდებით. ეს აკრედიტებულები, თორემ აკრედიტაციის გარეშე დარჩენილებს ვინ მოთვლის. ამ ყველაფრის მერე პირდაპირ მიკვირს, როგორ ახერხებენ აბიტურიენტები “გარეთ დარჩენას”, როგორც მათი მშობლები ამბობენ. ანდა რატომ აქვს უკლებლივ ყველა აღნიშნულ მშობელს უნივერსიტეტდამთავრებული შვილების ყოლის პრეტენზია. 


რამდენიმე დღის წინ ერთგვარ ნათესაურ შეკრებაზე ამოვყავი თავი. ერთ-ერთმა ბიცოლამ (რომელმაც, ალბათ, ბოლოს ბაღის ასაკში თუ მნახა) ზრდილობიანად მოიკითხა ჩემი “მოხვედრის” და სტუდენტობის ამბები. მერე კი უკმაყოფილებაც კი გამოთქვა, მაინც ვერ იმუშავებ შენი პროფესიითო და მაგალითად თავის ორი შვილი მოიყვანა. ეროვნულგამოცდებამდელი სტუდენტები არიან. დიპლომიც აქვთ, ყველაფერიცო, მაგრამ მაინც ვერ მუშაობენო, ამ ქვეყანაში რას იმუშავებო. რაღას სწავლობ წადი სამსახური იშოვეო – ეს აღარ უთქვამს, მაგრამ, მგონი, იგულისხმა.

მართლაც საინტერესოა რა შანსი შეიძლება ჰქონდეს ყოველ წელს უამრავი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს რომელიმე საერთაშორისო პროფესიით. მგონი უფრო, სამუშაოს მოლოდინში მყოფი დაუსაქმებელი თუ დასასაქმებელი მოქალაქეების არმიას ემატებიან და თანაც ყველაფერში სხვას ადანაშაულებენ. სასწავლო კურსების მომატებასთან ერთად დედაჩემი სულ უფროდაუფრო მეტი ინტენსივობით ჩამჩიჩინებს საზღვარგარეთ თუ არ წახვედი სასწავლებლად, არაფერი გამოგივაო. მართალია, საზღვარგარეთ სწავლა შემდგომში დასაქმების შანსს ერთიორად ზრდის (თუ მეტად არა) მაგრამ პრობლემა მაინც რჩება – გამოდის, რომ საქართველოში სტუდენტს არ შეუძლია არჩეული პროფესიისთვის შესაბამისი განათლება მიიღოს. და არც არაფერი კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად – შეძლებული ან წარჩინებული სტუდენტები მიდიან საზღვარგარეთ. არც ისე შეძლებულები ან არც ისე წარჩინებულები კი რჩებიან აქ და უკეთეს შემთხვევაში ჩვენშიპრესტიჟულ უნივერსიტეტებს ამთავრებენ. ისე, წარჩინებაზე მეტად მოხერხებულობაა საჭირო, ბევრი ნიჭიერი სტუდენტი ვიცი, სხვა ქვეყნებისკენ რომ არც გაუხედავს (ჯერჯერობით მაინც). 


მეორე და უფრო დიდი თუ არა არც არაფრით ნაკლები პრობლემა ქართული სიზარმაცეა. “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო” ამაზე იმდენი ილაპარაკეს და იმდენიც იხუმრეს, რომ უკვე ერთ ბანალურ ფრაზად იქცა. რავიცი, მთლიანად ერის ნიჭიერების რა გითხრათ, მაგრამ მისი დიდი ნაწილის სიზარმაცეში დარწმუნება კი არც ისე ძნელია. ორიოდ წლის წინ, როცა მეც ეროვნულგამოცდებიანი ზაფხული მიახლოვდებოდა ჩემმა ერთმა “პროფესორმა” ლექტორად მომუშავე ნათესავმა მირჩია (უნივერსიტეტის სახელობას არ დავასახელებ) ჩვენთან ჩააბარე და ოთხი წელი ნიშნებზე პრობლემა არ გექნებაო. რაც მართალია, მართალია. აბიტურიენტებისა და მათი მშობლების უმრავლესობას მხოლოდ ის უნდა, რომ ბავშვი სადმე მოხვდეს, მოვალეობის მოხდის მიზნით იაროს ლექციებზე, ზოგჯერ არც იაროს. გაერთოს. უნივერსიტეტის ეზოში “დააბირჟაოს” და როგორც კი საკუთარი ცოდნის ტაძრიდან (?!) ხელდიპლომიანი გამოდგამს ფეხს, ეგრევე დამსაქმებლები მიესიონ და აქეთ წამობრძანდით ბატონო, აი, თქვენი კაბინეტი და ხელფასსაც თვის ბოლოს მოგართმევთო უთხრან. დიპლომი აიღო და, აბა, როგორ გინდათ. კი, კი, ვიცი, რთულია ცხოვრება, და მითუმეტეს სამუშაოს შოვნა. (ეს ორი რაღაცნაირად ერთმანეთზეა დამოკიდებული). ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა (რომელმაც თავის დროზე ამერიკაში ისწავლა) იქაც ისეთივე უნივერსიტეტები და ლექტორები არიან როგორც აქ, თუ თქვენ თვითონ არ იმუშავეთ თქვენი თავის დახვეწაზე სრულ განათლებას ვერავინ მოგცემთო. ეს კიდევ მენტალიტეტგაზარმაცებული ხალხისთვის ხანდახან ცხოვრებაზე და სამსახურის შოვნაზე უფრო რთულიც კია. აი, სადაა ძაღლის თავი დამარხული. ოღონდ ახლა იმის მოყოლას ნუ მომთხოვთ, თუ რამ გააზარმაცა ჩვენი მენტალიტეტი, დიდ პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა. :)



Tuesday, August 16, 2011

კალათბურთელები "პლავკებით" და ისრაელი ფაჩულიას წინააღმდეგ

დღეს კალათბურთზე ვიყავი...
როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში ვერც მე გავიგე და ვერც იმან, ვინც დამპატიჟა.
ჩვენს ნაკრებს რაღაც მოუგია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდაო. ახლა კიდე ისრაელს ვეთამაშებოდით.
მოვიმარჯვე საქართველოს საშუალო ზომის დროშა და წავედი.

ჩემი ცოდნა კალათბურთის დარგში:
1.მოწინააღმდეგეები ცდილობენ ერთმანეთის კალათებში ბურთის ჩაგდებას.
2. არსებობს 1,2 და 3 ქულიანი "გოლები" (არ ვიცი კალათბურთულად მაგას რა ქვია)
3. კალათბურთს მაღალი ბიჭები თამაშობენ
4. ზაზა ფაჩულია წარმატებული ქართველი კალათბურთელია.

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წამში მივაგენით ჩვენს სკამებს. კიდევ რამდენიმე წამიც იმისთვის დაგვჭირდა, რომ ჩვენს ადგილზე თვითნებურად მოთავსებული მაყურებლები გვერდით გადაგვეწია.
- რა არის ეს, რას დადიხართ, საათი არ გაქვთ თუ რა?! - აბუზღუნდა კან იგში ყოფი ანშიშესული ამაკაცი. რომელიც მერე საბჭოთაკავშირისდროინდელი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა.
მიწის თხილის ამოღებაც ვერ მოვასწარი ჩანთიდან, მაყურებლებმა ტაში დაუკრეს.
- რა ხდება? - გადავიხარე გვერდით და ჩუმად ვკითხე სანდროს.
მხრები აიჩეჩა.

სანდროს ცოდნა კალათბურთის დარგში:
1. კალათბურთი სპორტია.
 (თუ ვაკნინებ, მაპატიოს)

ისევ გავერთე ჩემი თხილით. ამასობაში მეორედაც დაუკრეს ტაში.
- რა ხდება? - ჩუმად მკითხა სანდრომ.
მე მხრები ავიჩეჩე.

ნელ-ნელა გავერკვიეთ სიტუაციაში:
1. ჩვენგან მარცხნივ იყო მოწინააღმდეგის ფარი და იქ რომ წითელმაისურიანი ბიჭები ბურთს აგდებდნენ, გვიხაროდა.
2. მოწინააღმდეგეები ჩვენს ფარს არ აცილებდნენ.
3. თამაში მიდიოდა იზრაელის ნაკრებსა და ფაჩულიას შორის.
4. ლამის ჭერთან გამოკიდებულ ტაბლოზე ანგარიში ეწერა.
5. ზემოთმოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე გაურკვეველი რჩებოდა, რატომ ვიგებდით მთელი თამაშის მანძილზე ორიოდქულიანი სხვაობით.

ჩვენ მარჯვნივ ორი რიგი ეკავათ შუახანს გადაცილებულ ქალბატონებს. ძირითადად საუბრით ირთობდნენ თავს:
-რა ქნა ნიკამ, მოიყვანა ცოლი?
-არა, გოგო, ხო იცი მაგის ამბავი.
-რამდენი ხარ სიმაღლეში ბიჭო შენ? - მიმართავს წინ მჯდომ ფაჩულიასმაისურიან ბიჭს.
-1,74
- დედააა... მეტი არაა??

კიდევ უფრო წინ ორი მელოტი ისრაელელი იჯდა და მედგრად ცდილობდა მთელ დარბაზში ატეხილი "უუუუუუუ"-ს ძახილი ტაშით ჩაეხშო.

კან იგში ჯდომი ანშიშესული ამაკაცი - ახლა გინდა უუუ იძახე და რაც გინდა ის! ჩაგიგდეს ჯარიმა!
ჩვენებმა დაკარგეს ბურთი.
ურმხმ - მალადეც!! (ნიშნისმოგებით)
მოწინააღმდეგემ ჩაგვიგდო ორქულიანი.
ურმხმ - ამ უბედურს ხო შარვლის ჩაცმა ვერ ვასწავლე. გაიხადა იმ დღეს პიჟამა და დარბოდა მარტო პლავკებით.
ჩემი ფიქრები ამ დროს: რად უნდოდა კალათბურთელს მოედანზე "პიჟამა" და "პლავკები" O_o
ჩვენებმა ჩააგდეს სამქულიანი.
ურმხმ - დაუკარით ტაში ხო დაუკარით... ზაზა რო ამოაცალო მაგათ დარჩება 0!!!
ჩემი ფიქრები: ეს კაცი ამათ სალანძღავადაა მოსული? O_o
ურმხმ - რას ჩამოიყვანეს ეს ამერიკელი. ჩამოწერილი ამერიკელია ეგ. წესიერი ვერავინ იშოვეს??!
ჩემი ფიქრები: არადა თითქოს კარგად თამაშობს.
ურმხმ - ნახე ერთი, იმ დაბალს ხო ხედავ. (მიმართავს გვერდით მყოფს) მაგას რო გამოიყვანს მოედანზე უკვე წააგებ. ნახე, ერთს თავი არ აქვს, მეორეს ტანი.
ჩემი ფიქრები: O_o

შესვენებაზე უეცრად ნაცნობი ხმა მომესმა (თუმცა, ნეტა, რას ველოდი):
- აქაც ეეეეს???
- ხო, ხო, აქაც მე ვარ - ჩაიცინა დუტამ.
როგორც ჩანს, მარტო მე არ აღმომხდა მსგავსი შინაარსის გმინვა.
იისფერი ბურთი უნდა "დაგვემუხტა" ჩვენი ენერგიით და მერე ევროპის ჩემპიონატზე გაგვეტანებინა ნაკრებისთვის. ბურთმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, კალათბურთში ცოტა გავერკვიე. საერთო მღელვარებაც გადმომედო. დროშაც ვიქნიე. მოგებაც გამიხარდა (97:91)
ბევრი რომ არ ვილაპარაკო - მე მომეწონა ^_^

P.S. ქალი მსაჯი გვყოლია. როგორც ურმხმ (უკან რიგში მჯდომი ხანშიშესული მამაკაცი) ირონიით ამბობდა - მანდილოსანი. აი, დაახლოებით ასეთი.

Saturday, July 16, 2011

მე მხატვარი ვარ

მე მხატვარი ვარ. ყოველ დილით ვხატავ ჯერ ცას, მერე მზეს, მერე ჩემს გაღვიძებას. სანამ ყავას დავხატავდე, ხშირად ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ წინა ღამეს ნახატი სიზმრები წავშალო. საშლელის გათავებამდე ვშლი სურათებს სიზმრებიდან, შეგრძნებებს კი ნელ-ნელა თვითონ გასდით ფერი.
თითქმის ყოველ დღე ყვითლად ვაფერადებ მოსახვევში გამოჩენილ ავტობუსს და მივდივარ სადმე - ან ქაღალდის უნივერსიტეტში, ან წარმოსახვით მთაზე, რომელიც არ არსებობს, ან ძალიან რეალურ მეგობართან. მეგობარი იმდენად რეალურია, რომ ნამდვილი სიმშვიდე გოგება, არანახატი.
ყველა მხატვარივით მეც ზოგი ნახატი-დღე ლამაზი, გამორჩეული და შესამჩნევი გამომდის. ზოგი კი ისეთი, რომ როცა შემდეგი ნახატის თვალიერებაზე გადახვალ აღარც კი გაგახსენდება.
ცაზე ხან ლურჯი საღებავი მექცევა, ხან მუქი მელანი, ხან კი ყველაფერი მედღაბნება და ქარი იწყებს ქროლას.
ფერების გამოყენება მიყვარს უხვად და ჭრელად. ჰაერში გავლებული ფერების უმეტესობა ფერადია. ოღონდ ყოველ საღამოს გასდის ფერი და ყოველ დილით თავიდან მიწევს გაფერადება. ძალიან მიყვარს გასაფერადებლები, მაგრამ ხან მეზარება ან მავიწყდება, ან ვერ ვასწრებ. იმ დღის ნახატები შავ-თეთრია ხოლმე და წვიმიანი, მოჟამული.
შავი და თეთრი ფერები არ არიან. თეთრი ის ადგილია, სადაც ჯერ არცერთი ფერი არ მოხვედრილა, შავი კი ის - სადაც ყველა ერთად მოხვდა.
იისფერი მიყვარს.
იისფერია ია, იისფერია სითბო, იისფერია ჩემი დახატული ბუშტები და ჩემი თმა, იისფერია მეშვიდე ხაზი ცისარტყელაზე, იისფერია ქოლგები.
შემიძლია ყველა ნახატი იისფერი იყოს... რეალური მეგობრის გარდა... რეალური მეგობარი ყველა ფერია, ყველაფერია, ყველა ფერიაა.
სანამ მე წარმოსახვით მთამდე მისასვლელ ტროტუარებს ვხატავ, სანამ მე ქაღალდისფერ უნივერსიტეტამდე მისასვლელ ავტობუსებს ყვითლად ვაფერადებ, სანამ მე სუნს და შეგრძნებებს ვხატავ, სხვა ადამიანები, რომლებისთვისაც მე მხოლოდ ნახატი ვარ და მეტი არაფერი, ხატავენ თავიანთ კაფეებს, მეგობრებს, წიგნებს, ზღვას, ხეებს, ტანსაცმელს, ქუჩებს. ზოგი ფერადს, ზოგი უფეროს. ზოგი აცნობიერებს, რომ მხატვარია, ზოგი არა... მაგრამ ყველა კი ხატავს. და ეს ყველა ნახატი, ყველა ოცნება, ყველა ფანტაზია რეალობაა... იმიტომ, რომ არსებობს. 

Wednesday, May 11, 2011

"იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც"

დღეს უნივერსიტეტის მშობლიური მეექვსე კორპუსის წინ სტუდენტებმა თვითორგანიზებული ჯგუფის "ლაბორატორია 1918"-ის მანიფესტი გაგვაცნეს.
ძალიან კარგი, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარმა ამბებმა ერთი აქციით არ გადაიარა.
ძალიან კარგი, რომ სტუდენტების ნაწილი გამოფხიზლდა.
ძალიან კარგი, რომ გვექნება ჯგუფი, სადაც შეგვეძლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი პრობლემების შესახებ და რაიმე ქმედებაც მოვაყოლოთ.
ძალიან კარგი, რომ ამ ამბავში ლექტორების ჩართვის მცდელობა არის.
ძალიან კარგი, რომ პრინციპით "სხვამ იყვიროს და მეც ვიყვირებ", ის "სხვა" გამოჩნდა.
და საერთოდაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით უამრავი "ძალიან კარგი"-ს ჩამოთვლა შეიძლება.
(თქვენთან მიგულეთ, ბავშვებო)


მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც, რაც დღეს დიდად არ მომეწონა . არც პატარად. და საერთოდ არ მომეწონა.
მანიფესტის წარდგენის შემდეგ ყველანი მეორე კორპუსისკენ დავიძარით. უნდა გაგვეგო პასუხი ჩვენ მიერ მოთხოვნილი ოთახის შესახებ.
ვუახლოვდებით მეორე კორპუსს და უცებ ჩვენს მცირე მანიფესტაციას სათავეში რატომღაც შალვა რამიშვილი უდგება. განკარგულებას გასცემს, წინ მიგვიძღვის. შესასვლელში დაცვა გვხვდება და შიგნით არ გვიშვებს. წინ ისევ შალვა რამიშვილი მიდის და უნივერსიტეტში შეშვებას ითხოვს...
ეს კიდევ არაფერი...
შევდივართ. გვეუბნებიან, რომ კანცელარიაში მხოლოდ ორ კაცს შეუშვებენ, კამერების გარეშე.
კანცელარიაში შესულ ორ ადამიანს შორის ერთი შალვა რამიშვილია.
რატომ?
მე მგონია, რომ უნივერსიტეტში უამრავი პრობლემაა. მე მიხარია, რომ სტუდენტები ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ (პერსპექტივაში მაინც). მე ვერ ვხვდები, რატომ ერევა ამ პროცესში ის, ვინც არაა სტუდენტი.
მე არ ვითხოვ ვიღაცების გადადგომა-გადმოდგომას, ჯანყს და რევოლუციას.
მე ვითხოვ, რომ თავისუფლად გამოვხატო ჩემი აზრი პრობლემების შესახებ და დავინახო შედეგი.
მე მინდა, რომ ვსწავლობდე კარგ უნივერსიტეტში, სადაც რაღაცის შეცვლა შემიძლია.
ამისთვის ბრძოლა, აქციები, მანიფესტები, შეკრებები და დისკუსიები სრულიად გამართლებულად და სწორად მიმაჩნია.
მე არ მინდა, შალვა რამიშვილის მოწოდებებს აყოლილ შტერ სტუდენტეს ვგავდე.
მგონი, ჩვენ თვითონ შეგვიძლია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

P.S. თუკი ვინმე დამისაბუთებს, რომ შალვა რამიშვილის უშუალო ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "ლაბორატორია 1918"-სთვის და კონკრეტულ შედეგს მოგვიტანს, მზად ვარ ჩემი სიტყვები უკან წავიღო.

Thursday, May 5, 2011

ალოჰომორა ანუ როგორ გავემგზავრე ჰოგვორტში

2003 წელი. 15 იანვარი. 11 წლის ვარ. მაღალი სიცხე მაქვს და ვწევარ. ჩემი ბუ 4 თვის დაგვიანებით მოფრინდა.
სამი დღე ვკითხულობდი შეუწყვეტლივ. თავიდან არ მჯეროდა, რომ ჯადოქარი ვიყავი (გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ მაინც...) პირველ დღეს არ მჯეროდა, მეორე დღეს ეჭვი შემეპარა, მესამე დღეს კი უკვე ვეღარავინ გადამარწმუნებდა.
მე ჰოგვორტსში წავედი.

- გრიფინდორიიი - იყვირა გამანაწილებელმა ქუდმა ჩემს თავზე და იმ დღიდან ვეღარავინ დამავიწყებდა მის არსებობას. ჯადოსნურ ჯოხს, მანტიებს, დიდ დარბაზს, პროფესორებს და სანდომიან დირექტორს.
წლების მანძილზე ვსწავლობდი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში. ვისწავლე შხამ-წამლების მომზადება, ტრანსფიგურაცია, აპარაცია, ცოცხზე ფრენა, პატრონუსის გაჩენა...
ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ჯადოქარია. (თუმცა მაგლების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს)
15 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ განსაკუთრებული უნარი მქონია - მეტამორფოზმაგია. იმის მერე აღარ ვიცი, ჩემი თმის ბუნებრივი ფერი რომელია.

რაღაც პერიოდის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მანტია მოვირგე და ”დილის მისანში” ვწერდი. ფენიქსის ორდენის წევრი ვიყავი და მაგიის სამინისტროშიც კი ვმუშაობდი.
ჰოგვორტსის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის მაგიურ განყოფილებაში გავაგრძელე სწავლა, ჟურნალისტიკაზე. მაგლმა სტუდენტებმა არაფერი იციან რაიმე სხვა განყოფილების და საერთოდ ჩვენი არსებობის შესახებ. მათ ჩვენ ჩვეულებრივი ბავშვები ვგონივართ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვიცნობთ ერთმანეთს. საიდუმლო გასასვლელები და აუდიტორიებიც ვიცით. თავიდან მიწისქვეშა მომწვანო დერეფანმა ძალიან გამაკვირვა მეორე კორპუსში. იმ პატარა ოთახმაც, კოშკში. მაგრამ რაც საიდუმლო ოთახის შესასვლელიც ვიპოვე, აღარაფერი მაკვირვებს. იმის მერე პროფესორი სნეიპის გამოსვლასაც კი ველი იმ კოლბებით სავსე ოთახიდან რომელსაც მაგლების თვალის ასახვევად ”ქიმიის აუდიტორია” აწერია.
მაგლურ სამყაროში რთულია ერთმანეთის პოვნა და გაცნობა, მაგრამ მაინც ვახერხებთ. უკვე ვისწავლე ჯადოქრების ქცევებით ამოცნობა. შეიძლება ამას აურაც დაერქვას.
მაგლები უარყოფენ ჩვენს არსებობას.. მაგრამ ჩვენ მაინც ყველგან ვართ..


P.S. ვინც ჯადოქარია, ბევრი ექნება ჩემსავით მოსაყოლი. ვინც მაგლია და - ობლივიატე!!