Tuesday, January 14, 2014

და ბუ მოვიდა

2003 წლის 15 იანვარს მეც მივიღე აი, ასეთი წერილი და წავედი და წავედი. სწორედ მაგ სკოლაში. იმის მერე ჯიბეები სულ გომბეშოების თათებით მაქვს სავსე. ავიღებდი ფინჯანს, გადავაქცევდი ვირთხად. აი, ოღონდ დედაჩემს და მამაჩემს კი დიდად არ ეამაყებოდათ კუდიანი რომ ჰყავდათ სახლში.

 -  გაიზრდება და გადაუვლის. ბავშვია, რა მოხდა - ამბობდა მამა როდესაც 11-12 წლის ვიყავი და ჰარი პოტერის პირველ ნაწილს ზედიზედ მეოთხედ თუ მეხუთედ ვკითხულობდი.
  - დარჩა ბავშვობაში. მობეზრდება მალე - ამბობდა მამა, როდესაც ჰარი პოტერის მეექვსე ნაწილის კითხვისას შემთხვევით დიდი ხნის ჩამქვრალ ბუხართან გავათენე ღამე და კარგადაც დავიტირე დამბლდორი.
  -   სულ გამოჰარიპოტერდა ეს ბავშვი - ამბობდა მამა, როდესაც მე ჰარი პოტერის ფორუმს არ ვცილდებოდი.
 -  აღარ უნდა გაიზარდო, შვილო? - ამბობდა მამა, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ჰარი პოტერის მეშვიდე ფილმის საპრემიერო საღამოს ვაწყობდით, მანტიები გვეცვა, ჯოხები გვქონდა, ჯადოქრის ქუდები გვეხურა და თქვენ წარმოიდგინეთ, ნამდვილი ბუც კი გვყავდა.

ჰოდა, ძვირფასო მამიკო, დიდი მადლობა, რომ ადექი და გადაწყვიტე ჩემთვის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა გეყიდა, შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე.


ჩემი ცხოვრების 22 წლიდან უკვე ზუსტად ნახევარი - 11 წელი გავიდა, რაც პირველად აღმოვჩნდი პრივიტ დრაივის 4 ნომერში.
ამ წიგნმა შემიქმნა ბავშვობა. და დიდობაც. განმივითარა ფანტაზია, შემძინა უახლოესი მეგობრები, შეცვალა ჩემი აზროვნება, შეცვალა ჩემი მიდგომა სამყაროსადმი, კიდევ უფრო შემაყვარა წიგნები, შემაყვარა ფენტეზი ჟანრის ლიტერატურა, და საერთოდ შემაყვარა.  შემაყვარა გამომცემლობა, სადაც ახლა ვმუშაობ, შემაყვარა მუსიკა, რომელიც ახლაც არის ჩემი მობილურის ზარზე.

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მკითხა, რა გავლენა მოახდინა შენზე ჰარი პოტერმაო. ორი წამით დავფიქრდი და მივხვდი, რომ მაგ გავლენას უბრალოდ ვერ აღვწერ და ზემოთ რომ სიაა, იმის გაგრძელებაც უსასრულოდ შემიძლია.

და საერთოდაც - ჰარი პოტერი არ არის საბავშვო ზღაპარი. ჰარი პოტერი არის წიგნი დიდებისთვის, რომელიც ბავშვებისთვისაც ძალიან კარგია.


მე მთელი სამყარო მაქვს, რომელიც უფროდაუფრო იზრდება. მართალია ეს მხოლოდ ჩემს თავშია, მაგრამ ვინ გითხრათ, რომ რეალობა არაა?

და ეს ყველაფერი შენი წყალობით, ძვირფასო ჯოან

პ.ს. ამ ღიმილის დანახვა ყოველთვის სიმშვიდის გრძნობას მიჩენს, ისე, თითქოს წიგნი გადავშალე და დავიწყე – "ვინ წარმოიდგენდა, რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს, პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობდნენ, ოდესმე უცნაური, თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს."

Sunday, October 20, 2013

რომანივით საკითხავი

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია". მეხუთე დავალება.


„სწორედ მაშინ, ჩვენდა უნებურად, აღმოვაჩინეთ ზღაპრების და, ზოგადად, ხელოვნების მთავარი დანიშნულება: სული მოითქვა ცხოვრებასთან გამართულ ორთაბრძოლაში“

პოსტი წიგნის შესახებ, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიკითხოთ წიგნები, თანაც ისე, რომ გვესიამოვნოს. გვესიამოვნოს და არა მოვალეობა მოვიხადოთ. გვესიამოვნოს და არა სხვის თვალში გამოვჩნდეთ უკეთესები. გვესიამოვნოს და არა მოდას ავყვეთ.

მეც და თქვენც ბევრს ვიცნობთ ისეთს, იმიტომ რომ კითხულობს, რომ უნდა იკითხოს. ისეთ მშობლებსაც ბევრს ვიცნობთ, თავიანთი კითხვისმოყვარე შვილებით რომ ამაყობენ. მაგრამ მათი რაოდენობა რა მოსატანია იმათთან, ვინც საკუთარ არაკითხვისმოყვარე შვილს ისეთად ასაღებს, თითქოს წიგნს ვერ აგდებინებდეს ხელიდან და ამით ამაყობს.

„რას ფიქრობთ იმ რჩევაზე, რომელიც გუსტავ ფლობერმა მისცა თავის მეგობარს, ლუიზა კოლეს: იკითხეთ, რათა იცხოვროთ!“
ბიჭი ეთანხმება. ბიჭიც და ყველა მისი მეგობარიც... „ფლობერი მართალი იყო!“ ოცდათხუთმეტი ნაშრომი ერთად მოგვიწოდებს: უნდა ვიკითხოთ.“

მასწავლებელს კი მშვენივრად ახსოვს, როგორ იწერდა ერთი მოსწავლე მეორისგან ამ დავალებას. ხვდება, რომ დავალებაში გამოყენებული ყველა ფრაზა ლიტერატურული ლექსიკონიდანაა გადმოწერილი და არც მაგალითებია საკუთარი პრაქტიკიდან მოყვანილი.

კითხვის ვალდებულება სოციალური დოგმაა, რომელსაც მშობლები და მასწავლებლები აქტიურად უნერგავენ შვილებს. აძალებენ. მოუწოდებენ. ვალდებულებამდე დაჰყავთ.
მათ ავიწყდებათ, რომ მკითხველს საკუთარი უფლებები აქვს. 10 უფლება, რომელიც დანიელ პენაკმა ჩამოაყალიბა „რომანივით საკითხავში“.

„რომანივით საკითხავი“ არ არის რომანი. არც ის გეგონოთ, რომ წიგნია, რომელიც რომანივით იკითხება. მსგავსი არაფერი. აქ ვერ შეხვდებით გამორჩეული თვისებებით დაჯილდოვებულ გმირ პერსონაჟებს. ვერც ჩვეულებრივ პერსონაჟებს. ამ წიგნის შესახებ ვერ „დაასპოილერებთ“ ერთმანეთს. თუ უკვე წაიკითხეთ „რომანივით საკითხავი“, რა თქმა უნდა, ვერც იმას იტყვით ნიშნისმოგებით აღსავსე ღიმილით „ბოლოს ეგ კვდებაო“.
სამაგიეროდ თუ დედა ან მამა ხართ გეცოდინებათ, როგორ შეაყვაროთ თქვენს შვილებს კითხვა. შეაყვაროთ და არა შეაძულოთ, თავი მოაბეზროთ და ჩაუხშოთ ის ფანტაზია, რომელიც პატარაობისას ჰქონდა.
თუ მასწავლებელი ხართ და გყავთ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც თავის მხრივ ჰყავთ ისეთი მშობლები, რომლებიც თავს აბეზრებენ თავიანთ შვილებს კითხვის დაძალებით, გეცოდინებათ, როგორ დააინტერესოთ ისინი წიგნით. დააინტერესოთ და არა დააძალოთ და მშობლებზე მეტად შეაწუხოთ. თქვენ ხომ იძულების უფრო მეტი ბერკეტი და ლეგიტიმური უფლება გაქვთ.
ხოლო თუ ის „ჩაგრული“ შვილი ხართ, მაშინ გაიგებთ, რომ გაქვთ მკითხველის ხელშეუხებელი უფლებები, რომლებიც ამცირებს ვალდებულებას და ზრდის კითხვის პროცესის სიამოვნებას. დიახ, დიახ, სიამოვნებას.
ხოლო თუ თქვენ კითხულობთ იმიტომ, რომ გსიამოვნებთ და არა იმიტომ, რომ უნდა იკითხოთ, მაინც არ გაწყენთ თქვენი უფლებებისთვის თვალის კიდევ ერთხელ გადავლება.


თუმცა, მკითხველის ათი უფლებიდან პირველი გვეუბნება, რომ უფლება გაქვთ არ წაიკითხოთ, არც ზოგადად წიგნები, არც „რომანივით საკითხავი“, და არც ეს პოსტი, რა თქმა უნდა. 




Tuesday, October 15, 2013

გაუჩინარების შემთხვევა თბილისში

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით 15 დღისით კი 20˚. მზიანი ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში დღისით 25 ღამით კი 20˚ გრადუსი ტემპერატურა.
ახლა კი დღის სხვა სიახლეები. გუშინ ღამით საკუთარი წიგნის მაღაზიიდან გაუჩინარდა 23 წლის ლილიენ ა. დილით 10 საათზე სამსახურში მისულმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ მაღაზია ღია და სრულიად ცარიელი იყო.
„ჩევეულებრივ მივედი სამსახურში. კარი ღია დამხვდა. ლილი ხშირად მიდიოდა ხოლმე ჩემზე ადრე და მაღაზიას აღებდა. პირველად ანთებულმა ნათურებმა დამაეჭვა. მალევე მივხვდი, რომ ლილი მაღაზიაში არ იყო. დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ მისი ტელეფონი პერსონალის ოთახში ვიპოვე. დაახლოებით ერთ საათს ვიცადე, ვფიქრობდი, იქნებ აქვე გავიდა და დაბრუნდეს მეთქი. მერე პატრულში დავრეკე. გუშინ სამსახურიდან მალე წავედი და მითხრა, რომ მაღაზიას თვითონ დაკეტავდა. ვერც კი ვხვდები, რა შეიძლება მომხდარიყო.“
წიგნის მაღაზიის მეზობლად არსებული ბანკის თანამშრომელმა თქვა, რომ გუშინ იგი მორიგე იყო, თუმცა რაიმე უცნაური არ შეუნიშნავს. არც ხმაური გაუგონია. პატრულის თანამშრომელმა ჩვენთან საუბრისას კი განაცხადა, რომ მაღაზია გაქურდული არაა, სალაროში ხელუხლებლად დევს ფული, პერსონალის ოთახში ნაპოვნია დაკარგულის მობილური და ჩანთა, ნივთები და ავეჯი არეული არაა. მაგიდაზე დევს  თაროებიდან გადმოღებული გასაყიდი წიგნი. შემთხვევაზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შეგახსენებთ რომ, 23 წლის, საშუალო სიმაღლის წითურთმიანი ლილიენ ა. გუშინ ღამით საკუთარი მაღაზიიდან გაუჩინარდა. მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაციას ჩვენს შემდეგ გამოშვებებში მოგაწვდით.

*   *   *

იმ დღეს სამსახურში ჩვეულებრივ 10 საათზე მივედი. მაღაზია უნივერსიტეტთან ახლოს მაქვს გახსნილი და კლიენტსაც (ხოლო როგორც მე ვეძახი - მკითხველის)  არ ვუჩივით. მაინცდამაინც ბევრი თანამშრომელი არ ამიყვანია, უფრო სწორად კი მხოლოდ ერთი ავიყვანე - ანა. ასე რომ, ჩვენ ვართ კონსულტანტებიც, მოლარეებიც, ბუღალტრებიც, მენეჯერებიც, დამლაგებლებიც, დაცვაც. შედეგად კი მთელი დღის მანძილზე საქმე თავზე გვაყრია ხოლმე - თითქმის პირდაპირი გაგებით.
სამუშაოს ისე ვინაწილებთ, რომ ერთმანეთს შევენაცვლოთ - როცა ერთი თაროებთანაა და კლიენტს (ანუ მკითხველს) წიგნის არჩევაში ეხმარება, მეორე პერსონალის ოთახში რაიმე სხვა საქმეს აკეთებს ან ისვენებს.
ოთახში არის სამი სავარძელი, პატარა მაგიდა, დიდი მაგიდაც, ყავის მადუღარა და ფანჯარა. ჰო, კიდევ რამდენიმე თარო არაგასაყიდი წიგნებისთვისა და საქაღალდეებისთვის.
საღამოს რვაზე ანამ მალე წასვლის ნებართვა მთხოვა და მეც დავთანხმდი. მთელი საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი კლიენტი (ანუ მკითხველი) შემოვიდა. უფრო სწორად კი ორი - ახალგაზრდა ქალი პატარა ქერა გოგონასთან ერთად.
ჩვენ ძალიან გვინდა, რომ „ელისი საოცრებათა სამყაროში“ ვიყიდოთ. - ღიმილით მითხრა ქალმა.
სანამ მე საბავშვო ლიტერატურის თაროებისკენ მივუძღვოდი დედა-შვილს, გოგონამ მოულოდნელად მე მკითხა:
იცი, რა მოუვიდა ალისას?
- კი, ვიცი. საოცრებათა სამყაროში იმოგზაურა. - გავუღიმე მე.
- მართლა არსებობს საოცრებათა სამყარო?
- აბა რა, შენ თვითონ ნახავ. - კიდევ უფრო მეტად გავუღიმე მე.
გოგონას არაფერი უთქვამს. მანაც ღიმილით მიპასუხა და წიგნის ილუსტრირებული გამოცემა აარჩია.
მათი წასვლის შემდეგ მაღაზიის დაკეტვა გადავწყვიტე და ჩემი ნივთების ასაღებად პერსონალის ოთახში შევედი. ალბათ, ბევრი მოულოდნელი რამ შეიძლება დაგხვდეს ოთახში შესულს, მაგრამ სამი მოხუცი მამაკაცი ნამდვილად მეტისმეტია.
ლილი, ძვირფასო - გამიღიმა ერთ-ერთმა და თვალები აუციმციმდა. გრძელი წვერი და უცნაური ჩაცმულობა ჰქონდა. - მოდი, ჩვენთან დაჯექი. უკვე ვამთავრებთ საუბარს და ერთად დავბრუნდეთ უკან.
- რაა?
- სწორედ ახლა ვეკითხებოდი ალბუსს, რატომ ემალებით ადამიანებს. ვერაფერი გამიგია. ჩვენ არ ვემალებით. - თქვა ასევე გრძელთეთრწვერიანმა მამაკაცმა და შეფიქრიანებული სახით ჩაიდო ჩიბუხი პირში.
 რაა? - ამოვიკვნესე მე. - აქ რას აკეთებთ?
მინდოდა მეკითხა - ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ მეთქი, მაგრამ ჩემდაგასაკვირად უკვე ვიცოდი, ვინც იყვნენ.
- არაფერს. რაღაც საკითხებზე გვინდოდა მოლაპარაკება. - ისევ გამიღიმა პირველმა.
რატომღაც მთელი მონდომებით ვცდილობდი საკუთარი სახის დამორჩილებას და  გაკვირვების დამალვას.
თქვენ რა, აქ ხშირად მოდიხართ ხოლმე?
- კი, როცა მოლაპარაკება გვჭირდება. როგორც კი მაღაზიის პატრონი მიდის, შეგიძლია დაჯდე და მშვიდად ისაუბრო.
უნებურად თვალი კედლის საათისკენ გამექცა. თურმე უკვე 10:30 იყო.
არ ვიცი, შენ სად დადიხარ ხოლმე, ლილი, მაგრამ აქ ძალიან ადვილია, სხვა წიგნებიდან მოსულ ხალხს შეხვდე. - ამიხსნა ისევ პირველმა და თვალი ჩამიკრა. - ჩვენი წასვლის დროა.
სამივე ადგა და მშვიდად ჩამიარა გვერდით. თითქოს არც არაფერი იყო უცნაური. სამივემ გადმოიღო თაროებიდან თითო წიგნი.
რომ დაბრუნდებით, ჩვენი კვალის წაშლა არ დაგავიწყდეთ, ახალგაზრდავ. - თქვა მესამემ და სახე გადაშლილ „კამელოტს“ დაადო.
მგონი ოდნავადაც არ გამკვირვებია, რომ სამივე საკუთარ წიგნებში გაქრდნენ. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. იმასაც მივხვდი, რას ნიშნავდა „კვალის წაშლა“. ბუნებრივია.  დილით რომ ანა დაბრუნდება და ამდენ ძირს დაყრილ წიგნს დაინახავს, რაღაცას იეჭვებს. თუმცა, არ მგონია, ეგრევე ასე იფიქროს - ალბათ, წიგნებიდან გადმოსული პერსონაჟები დაბოდიალობდნენ დაკეტილ მაღაზიაში და მათ დარჩათო.

გაბრუებულმა ავიღე სამივე წიგნი. ორი თაროზე დავაბრუნე კუთვნილ ადგილას. ერთი თან წავიღე, სავარძელში ჩავჯექი, ალალ ბედზე გადავშალე, ღრმად ჩავისუნთქე ფურცლების სუნი და ფრთხილად შევახე სახე. 

Sunday, October 13, 2013

სიყვარულსა და სხვა დემონებზე

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ პროექტი „ანოტაცია“. მეოთხე დავალება.


გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობა სიერა მარია დე ტოდოს ლოს ანხელესზე.
ეს არის მოთხრობა 12 წლის გოგოზე, რომელიც არ უყვარდა დედას და მამას.
მოთხრობა შვილზე, რომელიც აშინებდა საკუთარ დედას.
მოთხრობა დედაზე, რომელმაც შვილს პირველად მოაწოვა ძუძუ და მას შემდეგ მსგავსი აღარაფერი უქნია.
მოთხრობა შვილზე, რომლის მეთორმეტე დაბადების დღე მამას არ გახსენებია
მოთხრობა მაარტოობაზე.
მოთხრობა სიძულვილზე.
მოთხრობა სიცოცხლეზე, რომელიც არ არის ცხოვრება.
ეს არის მოთხრობა უბედურ მარკიზზე, რომელსაც მამამ აუკრძალა იმ ქალის შერთვა, რომელიც უყვარდა. უყვარდა სიცოცხლის ბოლომდე. სანამ არ მიატოვა მამისეული სახლი.
მოთხრობა შეყვარებულ ქალზე, რომლის სატრფოსაც მამამ აუკრძალა მისი შერთვა. უყვარდა სიცოცხლის ბოლომდე. სანამ არ იქცა მიტოვებული სახლის აჩრდილ დიასახლისად.
მოთხრობა ქალზე, რომელიც მოთმინებით ელოდა ქმრისგან სიყვარულის გამოვლენას. 
ეს არის მოთხრობა უბედურ ქალზე, რომელიც მოტყუებით და იძულებით დაქორწინდა მარკიზზე. 
მოთხრობა იმაზე, თუ როგორ ერევიან მშობლები შვილების ცხოვრებაში და ანგრევენ მას.
მოთხრობა წმინდა ინკვიზიციაზე, რომელსაც ხელაღებით შეუძლია დაუნგრიოს ადამიანებს ცხოვრება.
მოთხრობა რელიგიაზე, რომელიც განიკითხავს და სჯის.
მოთხრობა ეპისკოპოსებზე, რომლებიც ძალით აქრისტიანებენ ინდიელებს.
მოთხრობა მორწმუნეებსა და ურწმუნოებზე.
მოთხრობა აკრძალულ და ლეგალურ ურთიერთობებზე.
მოთხრობა ერთდროულად ყოვლისმცოდნე და უცოდინარ ექიმებსა და ექიმბაშებზე.
მოთხრობა მონებზე.
მოთხრობა გიჟებზე.
მოთხრობა მკვლელებზე.
ეს არის მოთხრობა ისეთ მკვლელებზე, რომლებისთვისაც თავისუფლება რწმენასავით ძვირფასია. მკვლელებზე, რომლებიც თავისუფლებისთვის ყველაფერზე წავლენ.
მოთხრობა ტყუილზე. ტყუილის ოსტატობაზე. ტყუილის ხელოვნებაზე.
მოთხრობა იმ მისტიკაზე, რომელიც ადამიანებს უსიტყვოდ ჯერათ.
მოთხრობა იმაზე, თუ როგორ გამოიგონებენ ადამიანები ამაზრზენ ამბებს. როგორ გაამძაფრებენ, გააბუქებენ.
მოთხრობა ჭორებზე, რომელიც ჭორიკანადან ჭორიკანამდე სულ უფროდაუფრო იცვლის ფორმებს და საშინელ ცილისწამებამდე მიდის.
მოთხხრობა ეგზორცისტზე.
მოთხრობა ეგზორციზმზე.
მოთხრობა სასულიერო პირებზე, რომლებიც ბავშვის სიმღერის მომაჯადოვებლობასაც კი ეშმაკს მიაწერენ.
ეს არის მოთხრობა უცხოსადმი შიშზე.
მოთხრობა განსხვავებულისადმი შიშზე.
მოთხრობა ქაღალდის ჩიტებზე დაწერილ წერილებზე. 
მოთხრობა ჭექა-ქუხილზე.
მოთხრობა ბრინჯაოსფერ თმაზე, რომელსაც მაკრატელი არასოდეს მიჰკარებია.
მოთხრობა სიყვარულით შეპყრობილ მღვდელზე.
მოთხრობა არაფრის გამო გაწირულ ბავშვზე.
მოთხრობა ცოფზე. არაარსებულ ცოფზე. უსაფუძვლო ნერვიულობაზე. შფოთზე.
მოთხრობა ნაკაწრის გამო დაღუპულ არსებაზე.
მოთხრობა აკრძალულ სიყვარულზე.
მოთხრობა ნებადართულ სიყვარულზე.
მოთხრობა ერთი ნახვით სიყვარულზე.
მოთხრობა სამუდამო სიყვარულზე.


ეს არის მოთხრობა სიყვარულსა და სხვა დემონებზე.

Sunday, October 6, 2013

პლატფორმა

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ პროექტი „ანოტაცია“. მესამე დავალება.


„ადამიანები პირუტყვებივით ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით და მხოლოდ იმას თუ ახერხებენ, რომ ხანდახან ერთად გამოტყვრენ ხოლმე.“

არის მომენტები, როდესაც სამყარო ძალიან უსახური და ნაცრისფერი გვეჩვენება. ცივი და უმნიშვნელო ურთიერთობები. არაფერი ხდება. დღეები უბრალოდ გადის და მორჩა. შეიძლება, ეს ახალი საუკუნის სენადაც მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში „სენი“ თუ არა, ახალი რეალობა კი ნამდვილად არის. არც არის გასაკვირი, რომ ეს სენი თუ რეალობა თანამედროვე ლიტერატურას გადაედო. 

მიშელ უელბეკის (მიშელ ტომა) „პლატფორმა“ ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, სადაც მკითხველი მკაცრი და უსახური რეალობის წინაშე დგება. აქ ვერსად ნახავთ  ისტორიას ამაღელვებელ სიყვარულზე, მეგობრობაზე. არ შეგხვდებათ თავგანწირვა, გმირობა, განსაკუთრებული ერთგულება. ყველაფერი უფრო ჩვეულებრივია, ყოველდღიური. ოფისში მომუშავე  მარტოსული ადამიანი უფრო მეტი ცხოვრობს ამქვეყნად, ვიდრე პირველი სიყვარულის ერთგული გმირი, რომელიც განსაკუთრებული უნარებით, თვისებებით და სილამაზით გამოირჩევა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტოსული და უაზრო ცხოვრების მქონე ადამიანს არ შეიძლება, რომ სიყვარული ეწვიოს. ჰოდა, მიშელმაც გაიცნო ვალერი - „გრძელი, შავი თმა ჰქონდა, რაღაცნაირი სახე - არ ვიცი, რა ვთქვა - ისეთი, რომელზეც იტყოდით, ჩვეულებრივიაო: არც ლამაზი, არც უშნო.“

არც სიყვარულის გამოჩენის შემდეგ იქცევა წიგნი განსაკუთრებულ და გამორჩეულ თავგადასავლად. უფრო იმ ჩვეულებრივ ამბად რჩება, რომელიც ყველა ჩვენგანს ადვილად შეიძლება გადახდეს.

ტერორიზმით, პროსტიტუციით და საერთოდ აბსურდულობით სავსე სამყაროს პერსონაჟის თვალიდან ისე უყურებ, როგორც შენ - ჩვეულებრივი ადამიანი. აცნობიერებ, რომ ამქვეყნად არსებული ამაზრზენი რეალობა შენც  ისევე გეხება, როგორც შუახნის ფრანგ მამაკაცს.

მწერლის ტექნიკა ძალიან მძაფრია. იგი დეტალურად აღწერს სექსის და ძალადობის შემცველ სცენებს. შეიძლება მკითხველს ხშირად ზიზღის გრძნობაც კი გაუჩნდეს. იქნებ, სწორედ იმიტომაც, რომ კარგად ვიცით - ეს რეალობაა.
საერთო ჯამში, ავტორი თითქოს სილას აწნის მკითხველს - გაახილე თვალები! შეხედე, სად ცხოვრობ!

ალბათ, ზუსტად ამიტომ არის მიშელ უელბეკი სკანდალური ავტორი. 2002 წელს იგი ისლამოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულეს. ამ ბრალდებებმა კი მას სკანდალურობა და პოპულარობა კიდევ უფრო შემატა.


უსუსურობა - ეს ის ცნებაა, რომლის წინაშეც ავტორი გვაყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების კონტროლი. არ შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ სიკვდილს. გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ სიკვდილის შემდეგ „დაგვივიწყებენ. სწრაფად დაგვივიწყებენ“.

Thursday, September 26, 2013

მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ პროექტი „ანოტაცია“. მეორე დავალება.


თუ თქვენ სანტა ესპერანსა მხოლოდამხოლოდ წიგნების მაღაზია გგონიათ, ძალიანაც ცდებით. სანტა ესპერანსა კუნძულოვანი ქვეყანაა შავ ზღვაში, საქართველოსთან ახლოს.

საკმაოდ პატარა და მშვიდ ქალაქ სანტა სიტიში მკვლელობა მოხდა. ამბობენ,  ასეთ ისტორიებში ან ქალი ურევია, ან ფულიო. ჰოდა, თუ ოდესმე მაგალითად შერლოკ ჰოლმსს გაყოლილებს ღამე გაგითენებიათ და გამომძიებლობაზე გიოცნებიათ, „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“ ზუსტად თქვენთვისაა.

აკა მორჩილაძის დეტექტივი „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთიბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2005 წელს გამოსცა. მისტერ დიქსლი ქალაქ სანტა სიტის დეტექტივია და მკვლელობას იძიებს. თუმცა წიგნში იგი უმნიშვნელო პერსონაჟია - თითქმის არც არის. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მისტერ დიქსლი თვითონ მკითხველია, რომელსაც ხელთ აქვს საქაღალდეებში შეგროვილი ჩვენებები, დღიურები, წერილები, ღია ბარათები და გაზეთიდან ამოჭრილი სტატიები. მან თავად უნდა გახსნას მკვლელობა.

არ არის ადვილი, რომ აკა მორჩილაძის ამ წიგნს უბრალოდ და მარტივად სიტყვა „წიგნი“ ვუწოდოთ.  ასეთი ფორმის გამოცემა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში შეიძლება, ნამდვილ ექსპერიმენტად ჩაითვალოს. ერთი მთლიანი ამბავი მხოლოდ ყველა დეტალის კარგად შესწავლის შემდეგ იკვრება. მანამდე კი ეს დეტალები ხელიდან სხლტება და იფანტება (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით). მკითხველს ხშირად უწევს უკან მიბრუნება, ფიქრი და კავშირების დანახვა მოვლენებს შორის.

კითხულობ ერთ საქაღლდეში მოთავსებულ ღია ბარათებს, რომლებიც არაფერს გეუბნება. იმავე საქაღალდიდან ამოღებული წერილების ან დღიურის წაკითხვის შემდეგ კი სულ პატარა ღია ბარათიც დიდ მნიშვნელობას იძენს. 
თითოეული ჩანაწერის ან ბროშურის წაკითხვის შემდეგ თითო პატარა დეტალი ემატება ერთ დიდ პაზლს, რომელიც ნელ-ნელა ივსება და ერთიან სურათს ემსგავსება. თუმცა შეუძლებელია მთლიანად დაინახო, სანამ ყველა ნაწილს არ შეაგროვებ და თავის ადგილას არ დაამაგრებ.

თავად აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) თავს მწერლად არ მიიჩნევს, თუმცა უკვე არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული. სანტა ესპერანსა მის მიერ გამოგონილი ქვეყანაა, რომელიშიც მოქმედება „მისტერ დიქსლის საიდუმლო ყუთის“ შექმნამდე სხვა, ასევე ნაწილებისგან შემდგარ წიგნში მიმდინარეობს.

ავტორი დეტექტივის როლში მყოფ მკითხველს არაერთ ლიტერატურულ ალუზიას სთავაზობს. სხვადასხვა პერსონაჟთან პარალელები და მინიშნებები საკმაოდ დიდ შინაარსობრივ დატვირთვასაც ატარებს და დამატებით სასიამოვნო მომენტებსაც ქმნის მკითხველისთვის.

ლიტერატურული პერსონაჟების გარდა საკმაოდ ნათელი მინიშნებაა ერთერთ რეალურად არსებულ  ადამიანზე, რომელსაც ყველა ქართველი კარგად იცნობს.


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავად შეძვერით მისტერ დიქსლის სეიფში, ამოქექეთ შეგროვილი მასალა და  თავად ამოხსენით ჯესიკა დე რაიდერის, ამირბარის, გიგისა და სიდონია სამარია პოლოს ამბავი. 

Saturday, September 21, 2013

სიყვარულის ორმოცი წესი

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია". პირველი დავალება. 



-  აჰა, ისმინე წესი პირველი: „ღმერთის შენეული აღქმა ზუსტად შენი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშითა და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ.“

თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ თხრობით იწყება.  ელა ლიტერატურულ სააგენტოში იწყებს მუშაობას და უცნობი მწერლის, აზიზ ზაჰარას ხელნაწერის წაკითხვა უწევს. წიგნის პერსონაჟს, მოხეტიალე დავრიშს აყოლილი ელა ავტორითაც ინტერესდება და აზიზთან მისთვის მოულოდნელ, ვირტუალურ ურთიერთობას აბამს.
ასე რომ, ელიფ შაფაქი  საკუთარ მკითხველს ორ, სივრცესა და დროში განსხვავებულ სამყაროს სთავაზობს - ერთი მხრივ თვალს ვადევნებთ ამერიკელ დიასახლისს თავისი პრობლემებით, წესებით, რუტინით, ქმრის ღალატის ატანით. რომანის განმავლობაში ელა ნელ-ნელა ხვდება, რომ ქმრის მიმართ გრძნობები არ აქვს და მთლიანად ერთფეროვნებაშია ჩაფლული. ამის პარალელურად კი უცნობი ავტორი უყვარდება. რომანის ბოლოს არაფრით გამორჩეული, წესრიგისმოყვარული ელასგან გამბედავ, ძლიერ და დამოუკიდებელ ელას ვიღებთ. მეორე მხრივ კი თან დავყვებით  მოხეტიალე დავრიშს, შამს თებრიზს.


შამსის მოგზაურობის აღწერისას ელიფ შაფაქი მთელი სიმძაფრითა და ამაზრზენობით გვანახებს საზოგადოების იმ ნაწილის ქცევას, რომელიც თავს მორწმუნედ მიიჩნევს და თან ღვთის სახელით ჩასაქოლად წირავს მეძავს, კეთროვანს, ლოთს... ავტორი ნათლად აღწერს ხალხში არსებულ ბოროტებასა და სიბრმავეს, რომელსაც საბოლოოდ სიყვარულის ორმოცი წესის მქადაგებელი შამსიც ეწირება.

ეპოქისა და რელიგიის სხვაობის მიუხედავად რთულია,  რომანის ამ ნაწილში არ ამოვიცნოთ ჩვენ გარშემო არსებული რეალობა. მე, როგორც მკითხველმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ წიგნში მითითებულ წლებს, ქალაქებსა და რელიგიას შევცვლით, ზუსტად იგივე სიტუაციასა და საზოგადოებას მივიღებთ, რაც დღეს, 2013 წელს არის ჩვენ გარშემო.
იგივე შეიძლება ითქვას  თანამედროვე ამერიკაში მცხოვრებ  ელაზე - დიასახლისის რუტინულ ცხოვრებაში ყველამ შეგვიძლია ამოვიცნოთ საკუთარი თავი, დედა, ბებია, მეზობელი, მეგობარი... სხვაობა მხოლოდ გამბედაობაშია - ელას გამბედაობა ეყო, უარი ეთქვა შეჩვეულ და აწყობილ ცხოვრებაზე და აჰყოლოდა სიყვარულს.
საერთო ჯამში მწერალი აშკარად დაგვანახებს - ღმერთი ყოველთვის ღმერთია, ბრმა საზოგადოება ყოველთვის ბრმა საზოგადოებაა და სიყვარული ყოველთვის სიყვარულია - რელიგიას, საუკუნეს და კონტინენტს მნიშვნელობა არ აქვს.

რომანის ერთ მომენტში ელა ნახულობს ვირტუალურად გაცნობილი აზიზ ზაჰარას ფოტოს და ხვდება, რომ „აზიზი, ეს იგივე შამსია“. იგი დიდხანს ფიქრობს, განგებ დაიმსგავსა აზიზმა საკუთარი პერსონაჟი გარეგნულად თუ ეს გაუცნობიერებლად მოხდა.

სანამ პოსტის წერას დავიწყებდი წიგნის ყდაზე მითითებულ საიტზე შევედი elifshafak.com. პირველივე გვერდზე ავტორის სურათი დავინახე და გავოცდი - ელიფ, ეს იგივე ელაა.