წიგნის მაღაზია
„სანტა ესპერანსას“ პროექტი „ანოტაცია“. მეორე დავალება.
თუ თქვენ სანტა ესპერანსა მხოლოდამხოლოდ წიგნების მაღაზია გგონიათ, ძალიანაც ცდებით. სანტა ესპერანსა
კუნძულოვანი ქვეყანაა შავ ზღვაში, საქართველოსთან ახლოს.
საკმაოდ პატარა
და მშვიდ ქალაქ სანტა სიტიში მკვლელობა მოხდა. ამბობენ, ასეთ ისტორიებში ან ქალი ურევია, ან ფულიო. ჰოდა,
თუ ოდესმე მაგალითად შერლოკ ჰოლმსს გაყოლილებს ღამე გაგითენებიათ და გამომძიებლობაზე გიოცნებიათ,
„მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“ ზუსტად თქვენთვისაა.
აკა მორჩილაძის
დეტექტივი „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2005 წელს
გამოსცა. მისტერ დიქსლი ქალაქ სანტა სიტის დეტექტივია და მკვლელობას იძიებს. თუმცა
წიგნში იგი უმნიშვნელო პერსონაჟია - თითქმის არც არის. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მისტერ
დიქსლი თვითონ მკითხველია, რომელსაც ხელთ აქვს საქაღალდეებში შეგროვილი ჩვენებები,
დღიურები, წერილები, ღია ბარათები და გაზეთიდან ამოჭრილი სტატიები. მან თავად უნდა
გახსნას მკვლელობა.
არ არის ადვილი,
რომ აკა მორჩილაძის ამ წიგნს უბრალოდ და მარტივად სიტყვა „წიგნი“ ვუწოდოთ. ასეთი ფორმის გამოცემა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში
შეიძლება, ნამდვილ ექსპერიმენტად ჩაითვალოს. ერთი მთლიანი ამბავი მხოლოდ ყველა დეტალის
კარგად შესწავლის შემდეგ იკვრება. მანამდე კი ეს დეტალები ხელიდან სხლტება და იფანტება
(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით). მკითხველს ხშირად უწევს უკან მიბრუნება, ფიქრი და
კავშირების დანახვა მოვლენებს შორის.
კითხულობ ერთ საქაღლდეში
მოთავსებულ ღია ბარათებს, რომლებიც არაფერს გეუბნება. იმავე საქაღალდიდან ამოღებული
წერილების ან დღიურის წაკითხვის შემდეგ კი სულ პატარა ღია ბარათიც დიდ მნიშვნელობას
იძენს.
თითოეული ჩანაწერის
ან ბროშურის წაკითხვის შემდეგ თითო პატარა დეტალი ემატება ერთ დიდ პაზლს, რომელიც ნელ-ნელა
ივსება და ერთიან სურათს ემსგავსება. თუმცა შეუძლებელია მთლიანად დაინახო, სანამ ყველა
ნაწილს არ შეაგროვებ და თავის ადგილას არ დაამაგრებ.
თავად აკა მორჩილაძე
(გიორგი ახვლედიანი) თავს მწერლად არ მიიჩნევს, თუმცა უკვე არაერთი ლიტერატურული პრემია
აქვს მოპოვებული. სანტა ესპერანსა მის მიერ გამოგონილი ქვეყანაა, რომელიშიც მოქმედება
„მისტერ დიქსლის საიდუმლო ყუთის“ შექმნამდე სხვა, ასევე ნაწილებისგან შემდგარ წიგნში
მიმდინარეობს.
ავტორი დეტექტივის
როლში მყოფ მკითხველს არაერთ ლიტერატურულ ალუზიას სთავაზობს. სხვადასხვა პერსონაჟთან
პარალელები და მინიშნებები საკმაოდ დიდ შინაარსობრივ დატვირთვასაც ატარებს და დამატებით
სასიამოვნო მომენტებსაც ქმნის მკითხველისთვის.
ლიტერატურული პერსონაჟების
გარდა საკმაოდ ნათელი მინიშნებაა ერთერთ რეალურად არსებულ ადამიანზე, რომელსაც ყველა ქართველი კარგად იცნობს.
მოკლედ, ბევრი რომ
არ გავაგრძელო, თავად შეძვერით მისტერ დიქსლის სეიფში, ამოქექეთ შეგროვილი მასალა და
თავად ამოხსენით ჯესიკა დე რაიდერის, ამირბარის,
გიგისა და სიდონია სამარია პოლოს ამბავი.
No comments:
Post a Comment