„სწორედ მაშინ, ჩვენდა უნებურად, აღმოვაჩინეთ ზღაპრების
და, ზოგადად, ხელოვნების მთავარი დანიშნულება: სული მოითქვა ცხოვრებასთან გამართულ
ორთაბრძოლაში“
პოსტი წიგნის შესახებ, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიკითხოთ
წიგნები, თანაც ისე, რომ გვესიამოვნოს. გვესიამოვნოს და არა მოვალეობა მოვიხადოთ. გვესიამოვნოს
და არა სხვის თვალში გამოვჩნდეთ უკეთესები. გვესიამოვნოს და არა მოდას ავყვეთ.
მეც და თქვენც ბევრს ვიცნობთ ისეთს, იმიტომ რომ კითხულობს,
რომ უნდა იკითხოს. ისეთ მშობლებსაც ბევრს ვიცნობთ, თავიანთი კითხვისმოყვარე შვილებით
რომ ამაყობენ. მაგრამ მათი რაოდენობა რა მოსატანია იმათთან, ვინც საკუთარ არაკითხვისმოყვარე
შვილს ისეთად ასაღებს, თითქოს წიგნს ვერ აგდებინებდეს ხელიდან და ამით ამაყობს.
„რას ფიქრობთ იმ რჩევაზე, რომელიც გუსტავ ფლობერმა მისცა
თავის მეგობარს, ლუიზა კოლეს: იკითხეთ, რათა იცხოვროთ!“
ბიჭი ეთანხმება. ბიჭიც და ყველა მისი მეგობარიც... „ფლობერი
მართალი იყო!“ ოცდათხუთმეტი ნაშრომი ერთად მოგვიწოდებს: უნდა ვიკითხოთ.“
მასწავლებელს კი მშვენივრად ახსოვს, როგორ იწერდა ერთი
მოსწავლე მეორისგან ამ დავალებას. ხვდება, რომ დავალებაში გამოყენებული ყველა ფრაზა
ლიტერატურული ლექსიკონიდანაა გადმოწერილი და არც მაგალითებია საკუთარი პრაქტიკიდან
მოყვანილი.
კითხვის ვალდებულება სოციალური დოგმაა, რომელსაც მშობლები
და მასწავლებლები აქტიურად უნერგავენ შვილებს. აძალებენ. მოუწოდებენ. ვალდებულებამდე
დაჰყავთ.
მათ ავიწყდებათ, რომ მკითხველს საკუთარი უფლებები აქვს.
10 უფლება, რომელიც დანიელ პენაკმა ჩამოაყალიბა „რომანივით საკითხავში“.
„რომანივით საკითხავი“ არ არის რომანი. არც ის გეგონოთ, რომ წიგნია, რომელიც რომანივით იკითხება. მსგავსი არაფერი. აქ ვერ შეხვდებით გამორჩეული
თვისებებით დაჯილდოვებულ გმირ პერსონაჟებს. ვერც ჩვეულებრივ პერსონაჟებს. ამ წიგნის
შესახებ ვერ „დაასპოილერებთ“ ერთმანეთს. თუ უკვე წაიკითხეთ „რომანივით საკითხავი“,
რა თქმა უნდა, ვერც იმას იტყვით ნიშნისმოგებით აღსავსე ღიმილით „ბოლოს ეგ კვდებაო“.
სამაგიეროდ თუ დედა ან მამა ხართ გეცოდინებათ, როგორ
შეაყვაროთ თქვენს შვილებს კითხვა. შეაყვაროთ და არა შეაძულოთ, თავი მოაბეზროთ და ჩაუხშოთ
ის ფანტაზია, რომელიც პატარაობისას ჰქონდა.
თუ მასწავლებელი ხართ და გყავთ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც
თავის მხრივ ჰყავთ ისეთი მშობლები, რომლებიც თავს აბეზრებენ თავიანთ შვილებს კითხვის
დაძალებით, გეცოდინებათ, როგორ დააინტერესოთ ისინი წიგნით. დააინტერესოთ და არა დააძალოთ
და მშობლებზე მეტად შეაწუხოთ. თქვენ ხომ იძულების უფრო მეტი ბერკეტი და ლეგიტიმური
უფლება გაქვთ.
ხოლო თუ ის „ჩაგრული“ შვილი ხართ, მაშინ გაიგებთ, რომ
გაქვთ მკითხველის ხელშეუხებელი უფლებები, რომლებიც ამცირებს ვალდებულებას და ზრდის
კითხვის პროცესის სიამოვნებას. დიახ, დიახ, სიამოვნებას.
ხოლო თუ თქვენ კითხულობთ იმიტომ, რომ გსიამოვნებთ და
არა იმიტომ, რომ უნდა იკითხოთ, მაინც არ გაწყენთ თქვენი უფლებებისთვის თვალის კიდევ
ერთხელ გადავლება.
თუმცა, მკითხველის ათი უფლებიდან პირველი გვეუბნება,
რომ უფლება გაქვთ არ წაიკითხოთ, არც ზოგადად წიგნები, არც „რომანივით საკითხავი“, და
არც ეს პოსტი, რა თქმა უნდა.
No comments:
Post a Comment