წიგნის მაღაზია
„სანტა ესპერანსას“ პროექტი „ანოტაცია“. მესამე დავალება.
„ადამიანები პირუტყვებივით
ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით და მხოლოდ იმას თუ ახერხებენ, რომ ხანდახან ერთად გამოტყვრენ
ხოლმე.“
არის მომენტები,
როდესაც სამყარო ძალიან უსახური და ნაცრისფერი გვეჩვენება. ცივი და უმნიშვნელო ურთიერთობები.
არაფერი ხდება. დღეები უბრალოდ გადის და მორჩა. შეიძლება, ეს ახალი საუკუნის სენადაც
მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში „სენი“ თუ არა, ახალი რეალობა კი ნამდვილად არის. არც
არის გასაკვირი, რომ ეს სენი თუ რეალობა თანამედროვე ლიტერატურას გადაედო.
მიშელ უელბეკის
(მიშელ ტომა) „პლატფორმა“ ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, სადაც მკითხველი მკაცრი და უსახური
რეალობის წინაშე დგება. აქ ვერსად ნახავთ ისტორიას
ამაღელვებელ სიყვარულზე, მეგობრობაზე. არ შეგხვდებათ თავგანწირვა, გმირობა, განსაკუთრებული
ერთგულება. ყველაფერი უფრო ჩვეულებრივია, ყოველდღიური. ოფისში მომუშავე მარტოსული ადამიანი უფრო მეტი ცხოვრობს ამქვეყნად,
ვიდრე პირველი სიყვარულის ერთგული გმირი, რომელიც განსაკუთრებული უნარებით, თვისებებით და სილამაზით გამოირჩევა.
ეს იმას არ ნიშნავს,
რომ მარტოსული და უაზრო ცხოვრების მქონე ადამიანს არ შეიძლება, რომ სიყვარული ეწვიოს.
ჰოდა, მიშელმაც გაიცნო ვალერი - „გრძელი, შავი თმა ჰქონდა, რაღაცნაირი სახე - არ ვიცი,
რა ვთქვა - ისეთი, რომელზეც იტყოდით, ჩვეულებრივიაო: არც ლამაზი, არც უშნო.“
არც სიყვარულის
გამოჩენის შემდეგ იქცევა წიგნი განსაკუთრებულ და გამორჩეულ თავგადასავლად. უფრო იმ ჩვეულებრივ
ამბად რჩება, რომელიც ყველა ჩვენგანს ადვილად შეიძლება გადახდეს.
ტერორიზმით, პროსტიტუციით
და საერთოდ აბსურდულობით სავსე სამყაროს პერსონაჟის თვალიდან ისე უყურებ, როგორც შენ
- ჩვეულებრივი ადამიანი. აცნობიერებ, რომ ამქვეყნად არსებული ამაზრზენი რეალობა შენც ისევე გეხება, როგორც შუახნის ფრანგ მამაკაცს.
მწერლის ტექნიკა
ძალიან მძაფრია. იგი დეტალურად აღწერს სექსის და ძალადობის შემცველ სცენებს. შეიძლება მკითხველს
ხშირად ზიზღის გრძნობაც კი გაუჩნდეს. იქნებ, სწორედ იმიტომაც, რომ კარგად
ვიცით - ეს რეალობაა.
საერთო ჯამში, ავტორი
თითქოს სილას აწნის მკითხველს - გაახილე თვალები! შეხედე, სად ცხოვრობ!
ალბათ, ზუსტად ამიტომ არის მიშელ უელბეკი სკანდალური ავტორი. 2002 წელს იგი ისლამოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულეს.
ამ ბრალდებებმა კი მას სკანდალურობა და პოპულარობა კიდევ უფრო შემატა.
უსუსურობა - ეს
ის ცნებაა, რომლის წინაშეც ავტორი გვაყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ გარშემო მიმდინარე
მნიშვნელოვანი მოვლენების კონტროლი. არ შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ სიკვდილს. გულის სიღრმეში
ყველამ ვიცით, რომ სიკვდილის შემდეგ „დაგვივიწყებენ. სწრაფად დაგვივიწყებენ“.
No comments:
Post a Comment