- აჰა,
ისმინე წესი პირველი: „ღმერთის შენეული აღქმა ზუსტად შენი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ
საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშითა და ღვარძლით
გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც
ასეთივე ხარ.“
თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის რომანი „სიყვარულის ორმოცი
წესი“ თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ თხრობით იწყება. ელა ლიტერატურულ სააგენტოში იწყებს მუშაობას და
უცნობი მწერლის, აზიზ ზაჰარას ხელნაწერის წაკითხვა უწევს. წიგნის პერსონაჟს, მოხეტიალე
დავრიშს აყოლილი ელა ავტორითაც ინტერესდება და აზიზთან მისთვის მოულოდნელ, ვირტუალურ
ურთიერთობას აბამს.
ასე რომ, ელიფ შაფაქი საკუთარ მკითხველს ორ, სივრცესა და დროში განსხვავებულ
სამყაროს სთავაზობს - ერთი მხრივ თვალს ვადევნებთ ამერიკელ დიასახლისს თავისი პრობლემებით,
წესებით, რუტინით, ქმრის ღალატის ატანით. რომანის განმავლობაში ელა ნელ-ნელა ხვდება,
რომ ქმრის მიმართ გრძნობები არ აქვს და მთლიანად ერთფეროვნებაშია ჩაფლული. ამის პარალელურად
კი უცნობი ავტორი უყვარდება. რომანის ბოლოს არაფრით გამორჩეული, წესრიგისმოყვარული
ელასგან გამბედავ, ძლიერ და დამოუკიდებელ ელას ვიღებთ. მეორე მხრივ კი თან დავყვებით მოხეტიალე დავრიშს, შამს თებრიზს.
შამსის მოგზაურობის აღწერისას ელიფ შაფაქი მთელი სიმძაფრითა
და ამაზრზენობით გვანახებს საზოგადოების იმ ნაწილის ქცევას, რომელიც თავს მორწმუნედ
მიიჩნევს და თან ღვთის სახელით ჩასაქოლად წირავს მეძავს, კეთროვანს, ლოთს... ავტორი
ნათლად აღწერს ხალხში არსებულ ბოროტებასა და სიბრმავეს, რომელსაც საბოლოოდ სიყვარულის
ორმოცი წესის მქადაგებელი შამსიც ეწირება.
ეპოქისა და რელიგიის სხვაობის მიუხედავად რთულია, რომანის ამ ნაწილში არ ამოვიცნოთ ჩვენ გარშემო არსებული რეალობა. მე, როგორც მკითხველმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ წიგნში მითითებულ წლებს, ქალაქებსა და რელიგიას შევცვლით, ზუსტად იგივე სიტუაციასა და საზოგადოებას მივიღებთ, რაც დღეს, 2013 წელს არის ჩვენ
გარშემო.
იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე ამერიკაში მცხოვრებ ელაზე - დიასახლისის რუტინულ ცხოვრებაში ყველამ
შეგვიძლია ამოვიცნოთ საკუთარი თავი, დედა, ბებია, მეზობელი, მეგობარი... სხვაობა მხოლოდ
გამბედაობაშია - ელას გამბედაობა ეყო, უარი ეთქვა შეჩვეულ და აწყობილ ცხოვრებაზე და
აჰყოლოდა სიყვარულს.
საერთო ჯამში მწერალი აშკარად დაგვანახებს
- ღმერთი ყოველთვის ღმერთია, ბრმა საზოგადოება ყოველთვის ბრმა საზოგადოებაა და სიყვარული
ყოველთვის სიყვარულია - რელიგიას, საუკუნეს და კონტინენტს მნიშვნელობა არ აქვს.
რომანის ერთ მომენტში ელა ნახულობს ვირტუალურად გაცნობილი
აზიზ ზაჰარას ფოტოს და ხვდება, რომ „აზიზი, ეს იგივე შამსია“. იგი დიდხანს ფიქრობს,
განგებ დაიმსგავსა აზიზმა საკუთარი პერსონაჟი გარეგნულად თუ ეს გაუცნობიერებლად მოხდა.
სანამ პოსტის წერას დავიწყებდი წიგნის ყდაზე მითითებულ
საიტზე შევედი elifshafak.com.
პირველივე გვერდზე ავტორის სურათი დავინახე და გავოცდი - ელიფ, ეს იგივე ელაა.
No comments:
Post a Comment