Tuesday, August 16, 2011

კალათბურთელები "პლავკებით" და ისრაელი ფაჩულიას წინააღმდეგ

დღეს კალათბურთზე ვიყავი...
როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში ვერც მე გავიგე და ვერც იმან, ვინც დამპატიჟა.
ჩვენს ნაკრებს რაღაც მოუგია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდაო. ახლა კიდე ისრაელს ვეთამაშებოდით.
მოვიმარჯვე საქართველოს საშუალო ზომის დროშა და წავედი.

ჩემი ცოდნა კალათბურთის დარგში:
1.მოწინააღმდეგეები ცდილობენ ერთმანეთის კალათებში ბურთის ჩაგდებას.
2. არსებობს 1,2 და 3 ქულიანი "გოლები" (არ ვიცი კალათბურთულად მაგას რა ქვია)
3. კალათბურთს მაღალი ბიჭები თამაშობენ
4. ზაზა ფაჩულია წარმატებული ქართველი კალათბურთელია.

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წამში მივაგენით ჩვენს სკამებს. კიდევ რამდენიმე წამიც იმისთვის დაგვჭირდა, რომ ჩვენს ადგილზე თვითნებურად მოთავსებული მაყურებლები გვერდით გადაგვეწია.
- რა არის ეს, რას დადიხართ, საათი არ გაქვთ თუ რა?! - აბუზღუნდა კან იგში ყოფი ანშიშესული ამაკაცი. რომელიც მერე საბჭოთაკავშირისდროინდელი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა.
მიწის თხილის ამოღებაც ვერ მოვასწარი ჩანთიდან, მაყურებლებმა ტაში დაუკრეს.
- რა ხდება? - გადავიხარე გვერდით და ჩუმად ვკითხე სანდროს.
მხრები აიჩეჩა.

სანდროს ცოდნა კალათბურთის დარგში:
1. კალათბურთი სპორტია.
 (თუ ვაკნინებ, მაპატიოს)

ისევ გავერთე ჩემი თხილით. ამასობაში მეორედაც დაუკრეს ტაში.
- რა ხდება? - ჩუმად მკითხა სანდრომ.
მე მხრები ავიჩეჩე.

ნელ-ნელა გავერკვიეთ სიტუაციაში:
1. ჩვენგან მარცხნივ იყო მოწინააღმდეგის ფარი და იქ რომ წითელმაისურიანი ბიჭები ბურთს აგდებდნენ, გვიხაროდა.
2. მოწინააღმდეგეები ჩვენს ფარს არ აცილებდნენ.
3. თამაში მიდიოდა იზრაელის ნაკრებსა და ფაჩულიას შორის.
4. ლამის ჭერთან გამოკიდებულ ტაბლოზე ანგარიში ეწერა.
5. ზემოთმოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე გაურკვეველი რჩებოდა, რატომ ვიგებდით მთელი თამაშის მანძილზე ორიოდქულიანი სხვაობით.

ჩვენ მარჯვნივ ორი რიგი ეკავათ შუახანს გადაცილებულ ქალბატონებს. ძირითადად საუბრით ირთობდნენ თავს:
-რა ქნა ნიკამ, მოიყვანა ცოლი?
-არა, გოგო, ხო იცი მაგის ამბავი.
-რამდენი ხარ სიმაღლეში ბიჭო შენ? - მიმართავს წინ მჯდომ ფაჩულიასმაისურიან ბიჭს.
-1,74
- დედააა... მეტი არაა??

კიდევ უფრო წინ ორი მელოტი ისრაელელი იჯდა და მედგრად ცდილობდა მთელ დარბაზში ატეხილი "უუუუუუუ"-ს ძახილი ტაშით ჩაეხშო.

კან იგში ჯდომი ანშიშესული ამაკაცი - ახლა გინდა უუუ იძახე და რაც გინდა ის! ჩაგიგდეს ჯარიმა!
ჩვენებმა დაკარგეს ბურთი.
ურმხმ - მალადეც!! (ნიშნისმოგებით)
მოწინააღმდეგემ ჩაგვიგდო ორქულიანი.
ურმხმ - ამ უბედურს ხო შარვლის ჩაცმა ვერ ვასწავლე. გაიხადა იმ დღეს პიჟამა და დარბოდა მარტო პლავკებით.
ჩემი ფიქრები ამ დროს: რად უნდოდა კალათბურთელს მოედანზე "პიჟამა" და "პლავკები" O_o
ჩვენებმა ჩააგდეს სამქულიანი.
ურმხმ - დაუკარით ტაში ხო დაუკარით... ზაზა რო ამოაცალო მაგათ დარჩება 0!!!
ჩემი ფიქრები: ეს კაცი ამათ სალანძღავადაა მოსული? O_o
ურმხმ - რას ჩამოიყვანეს ეს ამერიკელი. ჩამოწერილი ამერიკელია ეგ. წესიერი ვერავინ იშოვეს??!
ჩემი ფიქრები: არადა თითქოს კარგად თამაშობს.
ურმხმ - ნახე ერთი, იმ დაბალს ხო ხედავ. (მიმართავს გვერდით მყოფს) მაგას რო გამოიყვანს მოედანზე უკვე წააგებ. ნახე, ერთს თავი არ აქვს, მეორეს ტანი.
ჩემი ფიქრები: O_o

შესვენებაზე უეცრად ნაცნობი ხმა მომესმა (თუმცა, ნეტა, რას ველოდი):
- აქაც ეეეეს???
- ხო, ხო, აქაც მე ვარ - ჩაიცინა დუტამ.
როგორც ჩანს, მარტო მე არ აღმომხდა მსგავსი შინაარსის გმინვა.
იისფერი ბურთი უნდა "დაგვემუხტა" ჩვენი ენერგიით და მერე ევროპის ჩემპიონატზე გაგვეტანებინა ნაკრებისთვის. ბურთმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, კალათბურთში ცოტა გავერკვიე. საერთო მღელვარებაც გადმომედო. დროშაც ვიქნიე. მოგებაც გამიხარდა (97:91)
ბევრი რომ არ ვილაპარაკო - მე მომეწონა ^_^

P.S. ქალი მსაჯი გვყოლია. როგორც ურმხმ (უკან რიგში მჯდომი ხანშიშესული მამაკაცი) ირონიით ამბობდა - მანდილოსანი. აი, დაახლოებით ასეთი.

Saturday, July 16, 2011

მე მხატვარი ვარ

მე მხატვარი ვარ. ყოველ დილით ვხატავ ჯერ ცას, მერე მზეს, მერე ჩემს გაღვიძებას. სანამ ყავას დავხატავდე, ხშირად ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ წინა ღამეს ნახატი სიზმრები წავშალო. საშლელის გათავებამდე ვშლი სურათებს სიზმრებიდან, შეგრძნებებს კი ნელ-ნელა თვითონ გასდით ფერი.
თითქმის ყოველ დღე ყვითლად ვაფერადებ მოსახვევში გამოჩენილ ავტობუსს და მივდივარ სადმე - ან ქაღალდის უნივერსიტეტში, ან წარმოსახვით მთაზე, რომელიც არ არსებობს, ან ძალიან რეალურ მეგობართან. მეგობარი იმდენად რეალურია, რომ ნამდვილი სიმშვიდე გოგება, არანახატი.
ყველა მხატვარივით მეც ზოგი ნახატი-დღე ლამაზი, გამორჩეული და შესამჩნევი გამომდის. ზოგი კი ისეთი, რომ როცა შემდეგი ნახატის თვალიერებაზე გადახვალ აღარც კი გაგახსენდება.
ცაზე ხან ლურჯი საღებავი მექცევა, ხან მუქი მელანი, ხან კი ყველაფერი მედღაბნება და ქარი იწყებს ქროლას.
ფერების გამოყენება მიყვარს უხვად და ჭრელად. ჰაერში გავლებული ფერების უმეტესობა ფერადია. ოღონდ ყოველ საღამოს გასდის ფერი და ყოველ დილით თავიდან მიწევს გაფერადება. ძალიან მიყვარს გასაფერადებლები, მაგრამ ხან მეზარება ან მავიწყდება, ან ვერ ვასწრებ. იმ დღის ნახატები შავ-თეთრია ხოლმე და წვიმიანი, მოჟამული.
შავი და თეთრი ფერები არ არიან. თეთრი ის ადგილია, სადაც ჯერ არცერთი ფერი არ მოხვედრილა, შავი კი ის - სადაც ყველა ერთად მოხვდა.
იისფერი მიყვარს.
იისფერია ია, იისფერია სითბო, იისფერია ჩემი დახატული ბუშტები და ჩემი თმა, იისფერია მეშვიდე ხაზი ცისარტყელაზე, იისფერია ქოლგები.
შემიძლია ყველა ნახატი იისფერი იყოს... რეალური მეგობრის გარდა... რეალური მეგობარი ყველა ფერია, ყველაფერია, ყველა ფერიაა.
სანამ მე წარმოსახვით მთამდე მისასვლელ ტროტუარებს ვხატავ, სანამ მე ქაღალდისფერ უნივერსიტეტამდე მისასვლელ ავტობუსებს ყვითლად ვაფერადებ, სანამ მე სუნს და შეგრძნებებს ვხატავ, სხვა ადამიანები, რომლებისთვისაც მე მხოლოდ ნახატი ვარ და მეტი არაფერი, ხატავენ თავიანთ კაფეებს, მეგობრებს, წიგნებს, ზღვას, ხეებს, ტანსაცმელს, ქუჩებს. ზოგი ფერადს, ზოგი უფეროს. ზოგი აცნობიერებს, რომ მხატვარია, ზოგი არა... მაგრამ ყველა კი ხატავს. და ეს ყველა ნახატი, ყველა ოცნება, ყველა ფანტაზია რეალობაა... იმიტომ, რომ არსებობს. 

Wednesday, May 11, 2011

"იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც"

დღეს უნივერსიტეტის მშობლიური მეექვსე კორპუსის წინ სტუდენტებმა თვითორგანიზებული ჯგუფის "ლაბორატორია 1918"-ის მანიფესტი გაგვაცნეს.
ძალიან კარგი, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარმა ამბებმა ერთი აქციით არ გადაიარა.
ძალიან კარგი, რომ სტუდენტების ნაწილი გამოფხიზლდა.
ძალიან კარგი, რომ გვექნება ჯგუფი, სადაც შეგვეძლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი პრობლემების შესახებ და რაიმე ქმედებაც მოვაყოლოთ.
ძალიან კარგი, რომ ამ ამბავში ლექტორების ჩართვის მცდელობა არის.
ძალიან კარგი, რომ პრინციპით "სხვამ იყვიროს და მეც ვიყვირებ", ის "სხვა" გამოჩნდა.
და საერთოდაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით უამრავი "ძალიან კარგი"-ს ჩამოთვლა შეიძლება.
(თქვენთან მიგულეთ, ბავშვებო)


მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც, რაც დღეს დიდად არ მომეწონა . არც პატარად. და საერთოდ არ მომეწონა.
მანიფესტის წარდგენის შემდეგ ყველანი მეორე კორპუსისკენ დავიძარით. უნდა გაგვეგო პასუხი ჩვენ მიერ მოთხოვნილი ოთახის შესახებ.
ვუახლოვდებით მეორე კორპუსს და უცებ ჩვენს მცირე მანიფესტაციას სათავეში რატომღაც შალვა რამიშვილი უდგება. განკარგულებას გასცემს, წინ მიგვიძღვის. შესასვლელში დაცვა გვხვდება და შიგნით არ გვიშვებს. წინ ისევ შალვა რამიშვილი მიდის და უნივერსიტეტში შეშვებას ითხოვს...
ეს კიდევ არაფერი...
შევდივართ. გვეუბნებიან, რომ კანცელარიაში მხოლოდ ორ კაცს შეუშვებენ, კამერების გარეშე.
კანცელარიაში შესულ ორ ადამიანს შორის ერთი შალვა რამიშვილია.
რატომ?
მე მგონია, რომ უნივერსიტეტში უამრავი პრობლემაა. მე მიხარია, რომ სტუდენტები ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ (პერსპექტივაში მაინც). მე ვერ ვხვდები, რატომ ერევა ამ პროცესში ის, ვინც არაა სტუდენტი.
მე არ ვითხოვ ვიღაცების გადადგომა-გადმოდგომას, ჯანყს და რევოლუციას.
მე ვითხოვ, რომ თავისუფლად გამოვხატო ჩემი აზრი პრობლემების შესახებ და დავინახო შედეგი.
მე მინდა, რომ ვსწავლობდე კარგ უნივერსიტეტში, სადაც რაღაცის შეცვლა შემიძლია.
ამისთვის ბრძოლა, აქციები, მანიფესტები, შეკრებები და დისკუსიები სრულიად გამართლებულად და სწორად მიმაჩნია.
მე არ მინდა, შალვა რამიშვილის მოწოდებებს აყოლილ შტერ სტუდენტეს ვგავდე.
მგონი, ჩვენ თვითონ შეგვიძლია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

P.S. თუკი ვინმე დამისაბუთებს, რომ შალვა რამიშვილის უშუალო ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "ლაბორატორია 1918"-სთვის და კონკრეტულ შედეგს მოგვიტანს, მზად ვარ ჩემი სიტყვები უკან წავიღო.

Thursday, May 5, 2011

ალოჰომორა ანუ როგორ გავემგზავრე ჰოგვორტში

2003 წელი. 15 იანვარი. 11 წლის ვარ. მაღალი სიცხე მაქვს და ვწევარ. ჩემი ბუ 4 თვის დაგვიანებით მოფრინდა.
სამი დღე ვკითხულობდი შეუწყვეტლივ. თავიდან არ მჯეროდა, რომ ჯადოქარი ვიყავი (გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ მაინც...) პირველ დღეს არ მჯეროდა, მეორე დღეს ეჭვი შემეპარა, მესამე დღეს კი უკვე ვეღარავინ გადამარწმუნებდა.
მე ჰოგვორტსში წავედი.

- გრიფინდორიიი - იყვირა გამანაწილებელმა ქუდმა ჩემს თავზე და იმ დღიდან ვეღარავინ დამავიწყებდა მის არსებობას. ჯადოსნურ ჯოხს, მანტიებს, დიდ დარბაზს, პროფესორებს და სანდომიან დირექტორს.
წლების მანძილზე ვსწავლობდი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში. ვისწავლე შხამ-წამლების მომზადება, ტრანსფიგურაცია, აპარაცია, ცოცხზე ფრენა, პატრონუსის გაჩენა...
ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ჯადოქარია. (თუმცა მაგლების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს)
15 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ განსაკუთრებული უნარი მქონია - მეტამორფოზმაგია. იმის მერე აღარ ვიცი, ჩემი თმის ბუნებრივი ფერი რომელია.

რაღაც პერიოდის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მანტია მოვირგე და ”დილის მისანში” ვწერდი. ფენიქსის ორდენის წევრი ვიყავი და მაგიის სამინისტროშიც კი ვმუშაობდი.
ჰოგვორტსის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის მაგიურ განყოფილებაში გავაგრძელე სწავლა, ჟურნალისტიკაზე. მაგლმა სტუდენტებმა არაფერი იციან რაიმე სხვა განყოფილების და საერთოდ ჩვენი არსებობის შესახებ. მათ ჩვენ ჩვეულებრივი ბავშვები ვგონივართ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვიცნობთ ერთმანეთს. საიდუმლო გასასვლელები და აუდიტორიებიც ვიცით. თავიდან მიწისქვეშა მომწვანო დერეფანმა ძალიან გამაკვირვა მეორე კორპუსში. იმ პატარა ოთახმაც, კოშკში. მაგრამ რაც საიდუმლო ოთახის შესასვლელიც ვიპოვე, აღარაფერი მაკვირვებს. იმის მერე პროფესორი სნეიპის გამოსვლასაც კი ველი იმ კოლბებით სავსე ოთახიდან რომელსაც მაგლების თვალის ასახვევად ”ქიმიის აუდიტორია” აწერია.
მაგლურ სამყაროში რთულია ერთმანეთის პოვნა და გაცნობა, მაგრამ მაინც ვახერხებთ. უკვე ვისწავლე ჯადოქრების ქცევებით ამოცნობა. შეიძლება ამას აურაც დაერქვას.
მაგლები უარყოფენ ჩვენს არსებობას.. მაგრამ ჩვენ მაინც ყველგან ვართ..


P.S. ვინც ჯადოქარია, ბევრი ექნება ჩემსავით მოსაყოლი. ვინც მაგლია და - ობლივიატე!! 

Wednesday, April 20, 2011

ოთახი 133 - თვითმხილველის მონაყოლი

თსუ-ში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე არაერთი პოსტი დაიწერა და იწერება. მართალია არც ისე დიდმა ნაწილმა, მაგრამ სტუდენტების გარკვეულმა რაოდენობამ გამოიღვიძა, ხმა ამოიღო, არ შეეგუა. ეს კარგია.
სწორედ სტუდენტების მიერ გამართულ მშვიდობიან აქციაზე ჩემმა ერთ-ერთმა ჯგუფელმა, ნიცა ბუხნიკაშვილმა მითხრა, რომ "თარგმნეს" პრეზენტაციის მეორე დღეს თვითმმართველობის ოთახში იმყოფებოდა ასევე ჯგუფელ გოგონასთან ერთად და საინტერესო რაღაცის მომსწრე გახდა, შემომთავაზა/მთხოვა, რომ მისი სტატია აქ დამედო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ნიცას ნაწერს უცვლელად გთავაზობთ:

"ოთახი 133 - თვითმმართველობა

16 აპრილს, შაბათს, მე და თაკო ლონდარიძე (ასევე თსუ-ს სტუდენტი) თვითმართველობის ოთახში ვიყავით. მე მინდა ზუსტად მოგიყვეთ, რაც იქ ხდებოდა, სანამ თქვენც ამოხვიდოდით. არ ვიცი, რამდენად გადმოქცემთ იმ ემოციას, რაც მაშინ გამიჩნდა, გულწრფელად გეტყვით, თვითმმართველობის პრეზიდენტს რომ შევხედე და წამიერად დავაფიქსირე, როგორ ნერვიულობდა მომინდა ჩავხუტებოდი.

მე და თაკოს გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ მათი წევრი იყო ერთ-ერთი პირი, (პირობითად მოვიხსენიებ, როგორც “ჯანო”) რომელმაც სტუდენტები სცემა. თვითმმართველობის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ "ჯანო" არ არის მათი წევრი უკვე 5-6 თვეა, მაგრამ იყო. დამადასტურებელი დოკუმენტი ან თვითმმართველობის წევრების სია მოვითხოვეთ. პრეზიდენტმა მიმართა იქ მყოფ კიდევ ერთ წევრს, რომელმაც თქვა, რომ თვითმმართველობის წევრების სიის ელექტრონული ვერისა “ფლეშაკაზე” ჰქონდა შენახული, “ფლეშკა” მის ძმასთან იყო, მისი ძმა კი - სახლში. ზღაპარს გავს არა? მანვე თქვა, კანცელარია დაკეტილია, მაგრამ გავაღებინებთ და ბრძანებას მოგიტანთ, რომ "ჯანო" აღარ არის ჩვენი წევრი. პრეზიდენტიც მას გაჰყვა ბრძანების მოსატანად.


ამასობაში მოვიდა ვიცეპრეზიდენტი. იგი გვიმტკიცებდა, "ჯანო" თვითმმართველობის წევრი არასდროს ყოფილაო. მიხვდით, ალბათ, ხო? პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი სადღაც აცდნენ.
- როგორ თუ არ ყოფილა, სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში თათბირებს მიტარებდა, მერე კი მონიტორინგის სამსახურში გადაიყვანეს.
- არ არის თვითმართველობის წევრი.
- იყო?
- არ არის თვითმართველობის წევრი.
-იყო?
- არ არის თვითმართველობის წევრი.

სანამ სიტუაცია ასე გამწვავდებოდა, თქვა, რომ თვითმართველობასთან დაახლოებული პირი იყო.
სამწუხაროდ, მე და თაკომ არ ვიცოდით, რომ ეს ვაჟკაცი სწორედ ის იყო, პირველი რომ გავარდა სტუდენტების საცემად. ეს, რომ გვცოდნოდა, იქნებ საკუთარ თავზე მაინც არ ეთქვა, რომ არ არის და არც ყოფილა თვითმართველობის წევრი. (ბოლოსდაბოლოს კაცი ვიცეპრეზიდენტია)



ლამის იყო ის ვიფიქრეთ, მგონი ისიც არ იცის, სტუდენტები რომ სცემესო, ამიტომ თაკომ სთხოვა, მოეყოლა, რა მოხდა გუშინ პრეზენტაციაზე. მან თანმიმდევრობით დაიწყო მოყოლა. თხრობისას იქამდეც მივიდა, სადაც თქვა, რომ ჩვენ (თვითმმართველობა) და პირადად მეც ძალიან მოვიშალეთ ნერვებზე, როდესაც ტაშფანდურები და კომკავშირელები გვიწოდესო. მერე რამდენიმე სტუდენტი გარეთ გავიდაო. საკუთარ თავზე განსაკუთრებით აღნიშნა, რომ იგი დარჩა დარბაზში. ვინც გავიდა, არ ვიცი ვინ იყვნენო.


დოკუმენტის ლოდინში აღმოვაჩინე თვითმმართველობის წევრების კედელზე გაკრული სია, სადაც "ჯანო" არ ეწერა. მეორე კედელზე იგივენაირი სია იყო გაკრული, სადაც "ჯანოს" სახელი და გვარი ეწერა მონიტორინგის მეორე მოადგილის პოზიციაზე.. ამ სიაზე გვითხრეს, რომ ძველი სიაა. (ე.ი. თვითმართველობის ყიფილი წევრი ნამდვილად არის, რასაც ვიცეპრეზიდენტი უარყოფს) იმ სიაში კი სადაც "ჯანო" არ ეწერა მის ადგილზე გრაფა ცარიელი იყო. როგორც ჩანს, უკეთესი “ჯანო” ვერ ეპოვათ.

ძველი და ახალი სიის ასლების გადაღება მოვითხოვეთ, მაგრამ ოთახში ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა (?), ამიტომ ფოტოს გადაღება მოვინდომეთ. ამ დროს ერთ-ერთი წევრი წინ გადამიდგა და გაიძახდა “რატომ უნდა გადაუღო?”. ამ დროს ხელი მოკიდა თაკომ და ამბობს: ”ამას უყურე, რა დღეში ხარ?”. ”სხეული ისეთი დაჭიმული ჰქონდა, რომ ვიფიქრე მკვდარს შევეხე”_თაკო. მერე გამოფხიზლდა და გაგვეცლა - “აჰაა და გადუღეთ, მაგრამ ეს ძველი სიაა”. ვუთხარით, რომ ძველსაც გადავუღებთ და ახალსაც და იმასაც ვიტვით, რომ ეს ძველია. (რეალურად კაცმა არ იცოდა ძველი სია იყო თუ არა) იმდენად ძველი იყო, ჯერ არც ჩამოუხსნიათ. შევთავაზეთ მიეწერა, რომ ძველია, მაგრამ გვითხრა: ”თქვენც ეგ გინდათ, რომ დავაწეროთ, მერე იტყვით მიაწერეს რაღაცებიო”.
ფოტო გადავუღეთ ორივეს და შემდეგ მოხდა ეს: ბრძანება მოგვიტანეს კანცელარიიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ "ჯანო" მოხსნილი იყო მინიტორინგის მეორე მოადგილეობიდან. ამ ბრძანების ქსეროქსის გადასაღებად გავედით. უკან დაბრუნებულებს (დაახლოებით 3 წუთი იქნებოდა გასული) სია, სადაც "ჯანოს" სახელი და გავრი ეწერა ჩამოხეული დაგვხვდა. როგორც ჩანს, ლურსმების მოხსნა ვერ მოასწერეს, კედელზე კვადრატული ფორმით იყო დარჩენილი. ვეკითხები: “სად გააქრე სია? რატო ჩამოხიე?”. მპასუხობს - “მე რა ვიცი” (სულ გამოიშტერა თავი, თითქოს ციდან ჩამოფრიდა) თაკომ იქვე მყოფ ასევე თვითმმართველობის წევრ გოგონებს კითხა: “ვერ დაინახეთ, ვინ ჩამოხია?” პასუხი: “არა, ჩვენ ჟურნასლ ვათვალიერებიდით, არაფერი დაგვინახავს”.

ყველა დაბლა მყოფი სტუდენტი რომ ამოვიდა მახსოვს, მარიამ უგრეხელიძე ჩამოხეულ სიას ფურცლების ნაგავში ეძებდა. მეც ამოვიღე რამდენიმე ფურცელი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ იმას ექნებოდა ჯიბეში, ვინც ჩამოხია.

პ.ს. მე არ გამოვდივარ დაზარალებული სტუდენტების დამცველად, არც ის გრძნობა მაქვს ჩემს კურსელებზე ხელი როგორ აწიეს-მეთქი. ეს არის ფაქტი, რომ თვითმმართველობამ მოაზროვნე სტუდენტებს სცემა, იმის მაგივრად, რომ თანამოაზრეები ყოფილიყვნენ პრობლემის გადასაჭრელად. ადამინისტრაციის მხრიდან წინააღმდეგობა რაღა გასაკვირია? გასაკვირი კი არა მე თუ მკითხავ მომხდარ ანომალიასთან შედარებით ზედმეტად ნორმალურია."






Saturday, April 16, 2011

თვითმმართველობის "კარგაზრი"

აზრადაც არასდროს მომსვლია, რომ მე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგითი სტუდენტი, ჟურნალისტი, ოდესმე ჩემი თვალით ვნახავდი (უფრო სწორად კი ყურით მოვისმენდი) ისეთ რამეს, რაც მოვისმინე.
როცა ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ ლექციაზე თქვა, რომ თუ რაიმე შეკრებაზე ან შეხვედრაზე ხმას ამოიღებ, მეორეს უკან გაყავხართ და "საქმეს გირჩევენო", ვიფიქრე, რომ ის უბრალოდ კონტექსტისთვის ამძაფრებდა წინადადებას.
როცა, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემმა მეორე მეგობარმა თვითმმართველობასთან შეხვედრაზე, რამდენიმე წევრი დამანახა და და თქვა - ნახე, როგორ უყურებენ ჩვენს ბიჭებს, მგონი რაღაც ცუდი მოხდებაო, ვიფიქრე, რომ უბრალოდ ნერვიულობდა. მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან, მთავარს რამდენიმე წინადადების მერე მოვყვები...
როცა მომავალ ჟურნალისტებს სტუდენტური ინიციატივის პრეზენტაციის ჩატარება საკუთარი უნივერსიტეტის საკუთარ კორპუსში აგვიკრძალეს, ჩემმა მეგობრებმა სხვა კორპუსში მოძებნეს დარბაზი.
ვიცოდი, რომ ამ შეკრებას გართულებები მოყვებოდა, ვიცოდი, რომ ყველაფერი ისე უბრალოდ არ ჩაივლიდა (აკრძალვის მერე რთული არ იყო ამის მიხვედრა). მაგრამ ამდენს არ ველოდი.
სტუდენტები საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ და მათ გადაჭრას ცდილობენ... რას შვება ამ დროს თვითმმართველობა (ადმინისტრაციას რომ თავი დავანებოთ)? რას და საკუთარ კურსელებს, თანაფაკულტეტელებს, თანაუნივერსიტეტელებს ფიზიკურად უსწორდება.
ხო, ზუსტად ის თვითმმართველობა, რომლის კანონით გათვალისწინებული მოვალეობაც ექსკურსიების და ტურნირების მოწყობის გარდა სტუდენტური პრობლემების მოსმენა და ადმინისტრაციამდე, დეკანატამდე ან რექტორამდე მიტანაა.
- პირადი ანგარიშსწორება ყველას, ვინც შეხვედრაზე ხმას ამოიღებს! - ეს ჩემი დასკვნა არ გეგონოთ. სწორედ იმ ერთი თვის წინ გამართული შეხვედრიდან დროზე ადრე გამოსულმა სრულიად შემთხვევით მოვისმინე ჩვენი ძვირფასი თვითმმართველობის რამდენიმე წევრის საუბარი (თუ ამას საუბარი შეიძლება ერქვას). ვეცდები მაქსიმალურად ზუსტად აღვადგინო აზრი:
-ცხოველებს იცი როგორ წრთვნიან? თან ურტყამენ და თან ეუბნებიან რაღაცას და ისინი სწავლობენ, აზე ხარ? და თუ მაინც არ ისწავლიან მერე უკვე სხვანაირად უსწორდებიან რა, დაავიწყდათ ამათ, თავებს რო ვაჩაჩქუნებინებდით გაჩერებაზე?! გამოვლენ და ყველა მეორეს უკან გაგვყავს. დედას ........ ამათ ბიჭო!..
აღნიშნული "საუბრის" შემდეგ რამდენიმეგან გადარეკეს და შემდეგ ისევ იმ დარბაზში შევიდნენ, ორიოდ დღის წინ ჩვენ რომ არ დაგვითმეს.
ამ ინფორმაციის ნაწილობრივ გავრცელების და თვითმმართველობის თავმჯდომარის (და არა მარტო მისი) გაფრთხილების შემდეგ, რომ ყველაფერი ვიცოდით, რასაც აპირებდნენ, იმ დღემ (რამდენადაც მე ვიცი) მშვიდად ჩაიარა. მაგრამ, აი, არ გასულა ერთი თვე და იგივე მეორდება.. (თუ უარესი არა).
ჩემს მეგობრებს ისე მოუნდომეს გაწრთვნა, როგორც ცხოველებს (c) თვითმმართველობა.
გუშინ ზუსტად ერთ-ერთი ამ მეგობრის ბლოგზე წავიკითხე "1984" გამახსენდაო. გეთანხმები, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არის - შეიძლება გვცემონ, თუმცა თავიანთ "კარგაზრზე" მაინც ვერ მოგვაქცევენ.
მარტო თვითმმართველობიდან მოსახსნელები და უნივერსიტეტიდან გასარიცხები კი არა, დასაჭერები არიან.

P.S. ისე თუ იცით, გოგოებსაც ცემენ ხოლმე? :D

Sunday, April 3, 2011

ვაჟთა სახეები lady gaga-ს შემოქმედებაში

lady gaga XXI საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია. მისი შემოქმედება გამოირჩევა უცნაური ჩაცმულობით, სიმღერის არაორდინალური სტილით და ასეთივე ვიდეოკლიპებით, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში მკვეთრად გამოკვეთილი, თანმიმდევრული შინაარსი აქვთ.
არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ lady gaga-ს პირად ცხოვრებაში ძალიან დიდი და ბევრი უბედურება გადაუტანია.. ეს მის ზემოთ ნახსენებ ვიდეოკლიპებზეც ნათლად აისახება. მათი მეშვეობით მე შევეცადე გამეგო მომღერლის პირადი ტრაგედია და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. 

თუ კლიპების შინაარსს დავაკვირდებით, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ ეს ტრაგედია ახლობელი მამაკაცის წყალობით დატრიალდა. ვიდეოების უმეტესობაში lady gaga კლავს თავის პარტნიორს… მკვლელობის ხერხები სხვადასხვაგვარია და სინანულიც არსად ვლინდება. ჩვენ ვხვდებით დიდი სიამაყით მოწამლულ პაპარაცის და ფრაზას იმის შესახებ, რომ მან just მოკლა თავის boyfriend. ვხვდებით ასევე დამწვარ-დაშაშხულ “მეგობარ ბიჭს” რომლის ნეშტიც (უფრო ზუსტად კი გაჭვარტლული ჩონჩხი) მშვიდად განისვენებს თავის მხრივ დამწვარ საწოლზე… გამურულ-შეტრუსული lady gaga-ს გვერდით. გულნატკენმა მომღერალმა ესეც არ აკმარა ბიჭებს და ციხიდან გამოსულმა, beyonce-სთან ერთად, მთელი კაფე ამოწყვიტა (საწყალი ძაღლიც კი მოკლა, რომელსაც არ გაუმართლა და მამალ ლეკვად მოევლინა ქვეყანას). 

უფრო მეტიც, თავისუფლად შეგვიძლია გავიგოთ იმ მამაკაცის სახელი, რომელმაც გაბედა და საწყალ გაგას აწყენინა.. ალეხანდრო, ჩვენებურად კი ალექსანდრე (ale alejandrooo). აი, ზუსტად ის მზაკვარი არის, ჩემი აზრით, მთელი შემოქმედების მთავარი გმირი, რომელიც აღნიშნულ კლიპში იმთავითვე მკვდარია და უფრო მეტიც, უკვე კუბოშიც კი წევს. გაგა მხოლოდ მას კი არა, ფერნანდოს და რობერტოსაც კი უკრძალავს მისი სახელის ხსენებას… (ეგენიც მზაკვრები აღმოჩდნენ),
                  “Don't call my name.
                    Don't call my name, Alejandro.
                    I'm not your babe.
                    I'm not your babe, Fernando.

                    Don't wanna kiss, don't wanna touch.
                    Just smoke my cigarrette and hush.
                    Don't call my name.
                    Don't call my name, Roberto.”
თუმცა იმ კლიპში იმდენი გადასარევი აღნაგობის ბიჭი მონაწილეობს, რომ ვის რად უნდა ალეხანდრო, ფერნანდო და რობერტო.

lady gaga-ს აქტუალობა და არაორდინალურობა კი სიმღერიდან-სიმღერამდე იზრდება. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?




P.S. პოსტში იყო კიდევ ერთი აბზაცი, რომელიც შემდგომ თვითცენზურის გამო ამოვიღე :D