Sunday, October 20, 2013

რომანივით საკითხავი

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია". მეხუთე დავალება.


„სწორედ მაშინ, ჩვენდა უნებურად, აღმოვაჩინეთ ზღაპრების და, ზოგადად, ხელოვნების მთავარი დანიშნულება: სული მოითქვა ცხოვრებასთან გამართულ ორთაბრძოლაში“

პოსტი წიგნის შესახებ, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიკითხოთ წიგნები, თანაც ისე, რომ გვესიამოვნოს. გვესიამოვნოს და არა მოვალეობა მოვიხადოთ. გვესიამოვნოს და არა სხვის თვალში გამოვჩნდეთ უკეთესები. გვესიამოვნოს და არა მოდას ავყვეთ.

მეც და თქვენც ბევრს ვიცნობთ ისეთს, იმიტომ რომ კითხულობს, რომ უნდა იკითხოს. ისეთ მშობლებსაც ბევრს ვიცნობთ, თავიანთი კითხვისმოყვარე შვილებით რომ ამაყობენ. მაგრამ მათი რაოდენობა რა მოსატანია იმათთან, ვინც საკუთარ არაკითხვისმოყვარე შვილს ისეთად ასაღებს, თითქოს წიგნს ვერ აგდებინებდეს ხელიდან და ამით ამაყობს.

„რას ფიქრობთ იმ რჩევაზე, რომელიც გუსტავ ფლობერმა მისცა თავის მეგობარს, ლუიზა კოლეს: იკითხეთ, რათა იცხოვროთ!“
ბიჭი ეთანხმება. ბიჭიც და ყველა მისი მეგობარიც... „ფლობერი მართალი იყო!“ ოცდათხუთმეტი ნაშრომი ერთად მოგვიწოდებს: უნდა ვიკითხოთ.“

მასწავლებელს კი მშვენივრად ახსოვს, როგორ იწერდა ერთი მოსწავლე მეორისგან ამ დავალებას. ხვდება, რომ დავალებაში გამოყენებული ყველა ფრაზა ლიტერატურული ლექსიკონიდანაა გადმოწერილი და არც მაგალითებია საკუთარი პრაქტიკიდან მოყვანილი.

კითხვის ვალდებულება სოციალური დოგმაა, რომელსაც მშობლები და მასწავლებლები აქტიურად უნერგავენ შვილებს. აძალებენ. მოუწოდებენ. ვალდებულებამდე დაჰყავთ.
მათ ავიწყდებათ, რომ მკითხველს საკუთარი უფლებები აქვს. 10 უფლება, რომელიც დანიელ პენაკმა ჩამოაყალიბა „რომანივით საკითხავში“.

„რომანივით საკითხავი“ არ არის რომანი. არც ის გეგონოთ, რომ წიგნია, რომელიც რომანივით იკითხება. მსგავსი არაფერი. აქ ვერ შეხვდებით გამორჩეული თვისებებით დაჯილდოვებულ გმირ პერსონაჟებს. ვერც ჩვეულებრივ პერსონაჟებს. ამ წიგნის შესახებ ვერ „დაასპოილერებთ“ ერთმანეთს. თუ უკვე წაიკითხეთ „რომანივით საკითხავი“, რა თქმა უნდა, ვერც იმას იტყვით ნიშნისმოგებით აღსავსე ღიმილით „ბოლოს ეგ კვდებაო“.
სამაგიეროდ თუ დედა ან მამა ხართ გეცოდინებათ, როგორ შეაყვაროთ თქვენს შვილებს კითხვა. შეაყვაროთ და არა შეაძულოთ, თავი მოაბეზროთ და ჩაუხშოთ ის ფანტაზია, რომელიც პატარაობისას ჰქონდა.
თუ მასწავლებელი ხართ და გყავთ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც თავის მხრივ ჰყავთ ისეთი მშობლები, რომლებიც თავს აბეზრებენ თავიანთ შვილებს კითხვის დაძალებით, გეცოდინებათ, როგორ დააინტერესოთ ისინი წიგნით. დააინტერესოთ და არა დააძალოთ და მშობლებზე მეტად შეაწუხოთ. თქვენ ხომ იძულების უფრო მეტი ბერკეტი და ლეგიტიმური უფლება გაქვთ.
ხოლო თუ ის „ჩაგრული“ შვილი ხართ, მაშინ გაიგებთ, რომ გაქვთ მკითხველის ხელშეუხებელი უფლებები, რომლებიც ამცირებს ვალდებულებას და ზრდის კითხვის პროცესის სიამოვნებას. დიახ, დიახ, სიამოვნებას.
ხოლო თუ თქვენ კითხულობთ იმიტომ, რომ გსიამოვნებთ და არა იმიტომ, რომ უნდა იკითხოთ, მაინც არ გაწყენთ თქვენი უფლებებისთვის თვალის კიდევ ერთხელ გადავლება.


თუმცა, მკითხველის ათი უფლებიდან პირველი გვეუბნება, რომ უფლება გაქვთ არ წაიკითხოთ, არც ზოგადად წიგნები, არც „რომანივით საკითხავი“, და არც ეს პოსტი, რა თქმა უნდა. 




Tuesday, October 15, 2013

გაუჩინარების შემთხვევა თბილისში

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით 15 დღისით კი 20˚. მზიანი ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში დღისით 25 ღამით კი 20˚ გრადუსი ტემპერატურა.
ახლა კი დღის სხვა სიახლეები. გუშინ ღამით საკუთარი წიგნის მაღაზიიდან გაუჩინარდა 23 წლის ლილიენ ა. დილით 10 საათზე სამსახურში მისულმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ მაღაზია ღია და სრულიად ცარიელი იყო.
„ჩევეულებრივ მივედი სამსახურში. კარი ღია დამხვდა. ლილი ხშირად მიდიოდა ხოლმე ჩემზე ადრე და მაღაზიას აღებდა. პირველად ანთებულმა ნათურებმა დამაეჭვა. მალევე მივხვდი, რომ ლილი მაღაზიაში არ იყო. დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ მისი ტელეფონი პერსონალის ოთახში ვიპოვე. დაახლოებით ერთ საათს ვიცადე, ვფიქრობდი, იქნებ აქვე გავიდა და დაბრუნდეს მეთქი. მერე პატრულში დავრეკე. გუშინ სამსახურიდან მალე წავედი და მითხრა, რომ მაღაზიას თვითონ დაკეტავდა. ვერც კი ვხვდები, რა შეიძლება მომხდარიყო.“
წიგნის მაღაზიის მეზობლად არსებული ბანკის თანამშრომელმა თქვა, რომ გუშინ იგი მორიგე იყო, თუმცა რაიმე უცნაური არ შეუნიშნავს. არც ხმაური გაუგონია. პატრულის თანამშრომელმა ჩვენთან საუბრისას კი განაცხადა, რომ მაღაზია გაქურდული არაა, სალაროში ხელუხლებლად დევს ფული, პერსონალის ოთახში ნაპოვნია დაკარგულის მობილური და ჩანთა, ნივთები და ავეჯი არეული არაა. მაგიდაზე დევს  თაროებიდან გადმოღებული გასაყიდი წიგნი. შემთხვევაზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შეგახსენებთ რომ, 23 წლის, საშუალო სიმაღლის წითურთმიანი ლილიენ ა. გუშინ ღამით საკუთარი მაღაზიიდან გაუჩინარდა. მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაციას ჩვენს შემდეგ გამოშვებებში მოგაწვდით.

*   *   *

იმ დღეს სამსახურში ჩვეულებრივ 10 საათზე მივედი. მაღაზია უნივერსიტეტთან ახლოს მაქვს გახსნილი და კლიენტსაც (ხოლო როგორც მე ვეძახი - მკითხველის)  არ ვუჩივით. მაინცდამაინც ბევრი თანამშრომელი არ ამიყვანია, უფრო სწორად კი მხოლოდ ერთი ავიყვანე - ანა. ასე რომ, ჩვენ ვართ კონსულტანტებიც, მოლარეებიც, ბუღალტრებიც, მენეჯერებიც, დამლაგებლებიც, დაცვაც. შედეგად კი მთელი დღის მანძილზე საქმე თავზე გვაყრია ხოლმე - თითქმის პირდაპირი გაგებით.
სამუშაოს ისე ვინაწილებთ, რომ ერთმანეთს შევენაცვლოთ - როცა ერთი თაროებთანაა და კლიენტს (ანუ მკითხველს) წიგნის არჩევაში ეხმარება, მეორე პერსონალის ოთახში რაიმე სხვა საქმეს აკეთებს ან ისვენებს.
ოთახში არის სამი სავარძელი, პატარა მაგიდა, დიდი მაგიდაც, ყავის მადუღარა და ფანჯარა. ჰო, კიდევ რამდენიმე თარო არაგასაყიდი წიგნებისთვისა და საქაღალდეებისთვის.
საღამოს რვაზე ანამ მალე წასვლის ნებართვა მთხოვა და მეც დავთანხმდი. მთელი საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი კლიენტი (ანუ მკითხველი) შემოვიდა. უფრო სწორად კი ორი - ახალგაზრდა ქალი პატარა ქერა გოგონასთან ერთად.
ჩვენ ძალიან გვინდა, რომ „ელისი საოცრებათა სამყაროში“ ვიყიდოთ. - ღიმილით მითხრა ქალმა.
სანამ მე საბავშვო ლიტერატურის თაროებისკენ მივუძღვოდი დედა-შვილს, გოგონამ მოულოდნელად მე მკითხა:
იცი, რა მოუვიდა ალისას?
- კი, ვიცი. საოცრებათა სამყაროში იმოგზაურა. - გავუღიმე მე.
- მართლა არსებობს საოცრებათა სამყარო?
- აბა რა, შენ თვითონ ნახავ. - კიდევ უფრო მეტად გავუღიმე მე.
გოგონას არაფერი უთქვამს. მანაც ღიმილით მიპასუხა და წიგნის ილუსტრირებული გამოცემა აარჩია.
მათი წასვლის შემდეგ მაღაზიის დაკეტვა გადავწყვიტე და ჩემი ნივთების ასაღებად პერსონალის ოთახში შევედი. ალბათ, ბევრი მოულოდნელი რამ შეიძლება დაგხვდეს ოთახში შესულს, მაგრამ სამი მოხუცი მამაკაცი ნამდვილად მეტისმეტია.
ლილი, ძვირფასო - გამიღიმა ერთ-ერთმა და თვალები აუციმციმდა. გრძელი წვერი და უცნაური ჩაცმულობა ჰქონდა. - მოდი, ჩვენთან დაჯექი. უკვე ვამთავრებთ საუბარს და ერთად დავბრუნდეთ უკან.
- რაა?
- სწორედ ახლა ვეკითხებოდი ალბუსს, რატომ ემალებით ადამიანებს. ვერაფერი გამიგია. ჩვენ არ ვემალებით. - თქვა ასევე გრძელთეთრწვერიანმა მამაკაცმა და შეფიქრიანებული სახით ჩაიდო ჩიბუხი პირში.
 რაა? - ამოვიკვნესე მე. - აქ რას აკეთებთ?
მინდოდა მეკითხა - ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ მეთქი, მაგრამ ჩემდაგასაკვირად უკვე ვიცოდი, ვინც იყვნენ.
- არაფერს. რაღაც საკითხებზე გვინდოდა მოლაპარაკება. - ისევ გამიღიმა პირველმა.
რატომღაც მთელი მონდომებით ვცდილობდი საკუთარი სახის დამორჩილებას და  გაკვირვების დამალვას.
თქვენ რა, აქ ხშირად მოდიხართ ხოლმე?
- კი, როცა მოლაპარაკება გვჭირდება. როგორც კი მაღაზიის პატრონი მიდის, შეგიძლია დაჯდე და მშვიდად ისაუბრო.
უნებურად თვალი კედლის საათისკენ გამექცა. თურმე უკვე 10:30 იყო.
არ ვიცი, შენ სად დადიხარ ხოლმე, ლილი, მაგრამ აქ ძალიან ადვილია, სხვა წიგნებიდან მოსულ ხალხს შეხვდე. - ამიხსნა ისევ პირველმა და თვალი ჩამიკრა. - ჩვენი წასვლის დროა.
სამივე ადგა და მშვიდად ჩამიარა გვერდით. თითქოს არც არაფერი იყო უცნაური. სამივემ გადმოიღო თაროებიდან თითო წიგნი.
რომ დაბრუნდებით, ჩვენი კვალის წაშლა არ დაგავიწყდეთ, ახალგაზრდავ. - თქვა მესამემ და სახე გადაშლილ „კამელოტს“ დაადო.
მგონი ოდნავადაც არ გამკვირვებია, რომ სამივე საკუთარ წიგნებში გაქრდნენ. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. იმასაც მივხვდი, რას ნიშნავდა „კვალის წაშლა“. ბუნებრივია.  დილით რომ ანა დაბრუნდება და ამდენ ძირს დაყრილ წიგნს დაინახავს, რაღაცას იეჭვებს. თუმცა, არ მგონია, ეგრევე ასე იფიქროს - ალბათ, წიგნებიდან გადმოსული პერსონაჟები დაბოდიალობდნენ დაკეტილ მაღაზიაში და მათ დარჩათო.

გაბრუებულმა ავიღე სამივე წიგნი. ორი თაროზე დავაბრუნე კუთვნილ ადგილას. ერთი თან წავიღე, სავარძელში ჩავჯექი, ალალ ბედზე გადავშალე, ღრმად ჩავისუნთქე ფურცლების სუნი და ფრთხილად შევახე სახე. 

Sunday, October 13, 2013

სიყვარულსა და სხვა დემონებზე

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ პროექტი „ანოტაცია“. მეოთხე დავალება.


გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობა სიერა მარია დე ტოდოს ლოს ანხელესზე.
ეს არის მოთხრობა 12 წლის გოგოზე, რომელიც არ უყვარდა დედას და მამას.
მოთხრობა შვილზე, რომელიც აშინებდა საკუთარ დედას.
მოთხრობა დედაზე, რომელმაც შვილს პირველად მოაწოვა ძუძუ და მას შემდეგ მსგავსი აღარაფერი უქნია.
მოთხრობა შვილზე, რომლის მეთორმეტე დაბადების დღე მამას არ გახსენებია
მოთხრობა მაარტოობაზე.
მოთხრობა სიძულვილზე.
მოთხრობა სიცოცხლეზე, რომელიც არ არის ცხოვრება.
ეს არის მოთხრობა უბედურ მარკიზზე, რომელსაც მამამ აუკრძალა იმ ქალის შერთვა, რომელიც უყვარდა. უყვარდა სიცოცხლის ბოლომდე. სანამ არ მიატოვა მამისეული სახლი.
მოთხრობა შეყვარებულ ქალზე, რომლის სატრფოსაც მამამ აუკრძალა მისი შერთვა. უყვარდა სიცოცხლის ბოლომდე. სანამ არ იქცა მიტოვებული სახლის აჩრდილ დიასახლისად.
მოთხრობა ქალზე, რომელიც მოთმინებით ელოდა ქმრისგან სიყვარულის გამოვლენას. 
ეს არის მოთხრობა უბედურ ქალზე, რომელიც მოტყუებით და იძულებით დაქორწინდა მარკიზზე. 
მოთხრობა იმაზე, თუ როგორ ერევიან მშობლები შვილების ცხოვრებაში და ანგრევენ მას.
მოთხრობა წმინდა ინკვიზიციაზე, რომელსაც ხელაღებით შეუძლია დაუნგრიოს ადამიანებს ცხოვრება.
მოთხრობა რელიგიაზე, რომელიც განიკითხავს და სჯის.
მოთხრობა ეპისკოპოსებზე, რომლებიც ძალით აქრისტიანებენ ინდიელებს.
მოთხრობა მორწმუნეებსა და ურწმუნოებზე.
მოთხრობა აკრძალულ და ლეგალურ ურთიერთობებზე.
მოთხრობა ერთდროულად ყოვლისმცოდნე და უცოდინარ ექიმებსა და ექიმბაშებზე.
მოთხრობა მონებზე.
მოთხრობა გიჟებზე.
მოთხრობა მკვლელებზე.
ეს არის მოთხრობა ისეთ მკვლელებზე, რომლებისთვისაც თავისუფლება რწმენასავით ძვირფასია. მკვლელებზე, რომლებიც თავისუფლებისთვის ყველაფერზე წავლენ.
მოთხრობა ტყუილზე. ტყუილის ოსტატობაზე. ტყუილის ხელოვნებაზე.
მოთხრობა იმ მისტიკაზე, რომელიც ადამიანებს უსიტყვოდ ჯერათ.
მოთხრობა იმაზე, თუ როგორ გამოიგონებენ ადამიანები ამაზრზენ ამბებს. როგორ გაამძაფრებენ, გააბუქებენ.
მოთხრობა ჭორებზე, რომელიც ჭორიკანადან ჭორიკანამდე სულ უფროდაუფრო იცვლის ფორმებს და საშინელ ცილისწამებამდე მიდის.
მოთხხრობა ეგზორცისტზე.
მოთხრობა ეგზორციზმზე.
მოთხრობა სასულიერო პირებზე, რომლებიც ბავშვის სიმღერის მომაჯადოვებლობასაც კი ეშმაკს მიაწერენ.
ეს არის მოთხრობა უცხოსადმი შიშზე.
მოთხრობა განსხვავებულისადმი შიშზე.
მოთხრობა ქაღალდის ჩიტებზე დაწერილ წერილებზე. 
მოთხრობა ჭექა-ქუხილზე.
მოთხრობა ბრინჯაოსფერ თმაზე, რომელსაც მაკრატელი არასოდეს მიჰკარებია.
მოთხრობა სიყვარულით შეპყრობილ მღვდელზე.
მოთხრობა არაფრის გამო გაწირულ ბავშვზე.
მოთხრობა ცოფზე. არაარსებულ ცოფზე. უსაფუძვლო ნერვიულობაზე. შფოთზე.
მოთხრობა ნაკაწრის გამო დაღუპულ არსებაზე.
მოთხრობა აკრძალულ სიყვარულზე.
მოთხრობა ნებადართულ სიყვარულზე.
მოთხრობა ერთი ნახვით სიყვარულზე.
მოთხრობა სამუდამო სიყვარულზე.


ეს არის მოთხრობა სიყვარულსა და სხვა დემონებზე.

Sunday, October 6, 2013

პლატფორმა

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ პროექტი „ანოტაცია“. მესამე დავალება.


„ადამიანები პირუტყვებივით ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით და მხოლოდ იმას თუ ახერხებენ, რომ ხანდახან ერთად გამოტყვრენ ხოლმე.“

არის მომენტები, როდესაც სამყარო ძალიან უსახური და ნაცრისფერი გვეჩვენება. ცივი და უმნიშვნელო ურთიერთობები. არაფერი ხდება. დღეები უბრალოდ გადის და მორჩა. შეიძლება, ეს ახალი საუკუნის სენადაც მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში „სენი“ თუ არა, ახალი რეალობა კი ნამდვილად არის. არც არის გასაკვირი, რომ ეს სენი თუ რეალობა თანამედროვე ლიტერატურას გადაედო. 

მიშელ უელბეკის (მიშელ ტომა) „პლატფორმა“ ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, სადაც მკითხველი მკაცრი და უსახური რეალობის წინაშე დგება. აქ ვერსად ნახავთ  ისტორიას ამაღელვებელ სიყვარულზე, მეგობრობაზე. არ შეგხვდებათ თავგანწირვა, გმირობა, განსაკუთრებული ერთგულება. ყველაფერი უფრო ჩვეულებრივია, ყოველდღიური. ოფისში მომუშავე  მარტოსული ადამიანი უფრო მეტი ცხოვრობს ამქვეყნად, ვიდრე პირველი სიყვარულის ერთგული გმირი, რომელიც განსაკუთრებული უნარებით, თვისებებით და სილამაზით გამოირჩევა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტოსული და უაზრო ცხოვრების მქონე ადამიანს არ შეიძლება, რომ სიყვარული ეწვიოს. ჰოდა, მიშელმაც გაიცნო ვალერი - „გრძელი, შავი თმა ჰქონდა, რაღაცნაირი სახე - არ ვიცი, რა ვთქვა - ისეთი, რომელზეც იტყოდით, ჩვეულებრივიაო: არც ლამაზი, არც უშნო.“

არც სიყვარულის გამოჩენის შემდეგ იქცევა წიგნი განსაკუთრებულ და გამორჩეულ თავგადასავლად. უფრო იმ ჩვეულებრივ ამბად რჩება, რომელიც ყველა ჩვენგანს ადვილად შეიძლება გადახდეს.

ტერორიზმით, პროსტიტუციით და საერთოდ აბსურდულობით სავსე სამყაროს პერსონაჟის თვალიდან ისე უყურებ, როგორც შენ - ჩვეულებრივი ადამიანი. აცნობიერებ, რომ ამქვეყნად არსებული ამაზრზენი რეალობა შენც  ისევე გეხება, როგორც შუახნის ფრანგ მამაკაცს.

მწერლის ტექნიკა ძალიან მძაფრია. იგი დეტალურად აღწერს სექსის და ძალადობის შემცველ სცენებს. შეიძლება მკითხველს ხშირად ზიზღის გრძნობაც კი გაუჩნდეს. იქნებ, სწორედ იმიტომაც, რომ კარგად ვიცით - ეს რეალობაა.
საერთო ჯამში, ავტორი თითქოს სილას აწნის მკითხველს - გაახილე თვალები! შეხედე, სად ცხოვრობ!

ალბათ, ზუსტად ამიტომ არის მიშელ უელბეკი სკანდალური ავტორი. 2002 წელს იგი ისლამოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულეს. ამ ბრალდებებმა კი მას სკანდალურობა და პოპულარობა კიდევ უფრო შემატა.


უსუსურობა - ეს ის ცნებაა, რომლის წინაშეც ავტორი გვაყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების კონტროლი. არ შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ სიკვდილს. გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ სიკვდილის შემდეგ „დაგვივიწყებენ. სწრაფად დაგვივიწყებენ“.