Thursday, September 26, 2013

მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი

წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ პროექტი „ანოტაცია“. მეორე დავალება.


თუ თქვენ სანტა ესპერანსა მხოლოდამხოლოდ წიგნების მაღაზია გგონიათ, ძალიანაც ცდებით. სანტა ესპერანსა კუნძულოვანი ქვეყანაა შავ ზღვაში, საქართველოსთან ახლოს.

საკმაოდ პატარა და მშვიდ ქალაქ სანტა სიტიში მკვლელობა მოხდა. ამბობენ,  ასეთ ისტორიებში ან ქალი ურევია, ან ფულიო. ჰოდა, თუ ოდესმე მაგალითად შერლოკ ჰოლმსს გაყოლილებს ღამე გაგითენებიათ და გამომძიებლობაზე გიოცნებიათ, „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი“ ზუსტად თქვენთვისაა.

აკა მორჩილაძის დეტექტივი „მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთიბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2005 წელს გამოსცა. მისტერ დიქსლი ქალაქ სანტა სიტის დეტექტივია და მკვლელობას იძიებს. თუმცა წიგნში იგი უმნიშვნელო პერსონაჟია - თითქმის არც არის. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მისტერ დიქსლი თვითონ მკითხველია, რომელსაც ხელთ აქვს საქაღალდეებში შეგროვილი ჩვენებები, დღიურები, წერილები, ღია ბარათები და გაზეთიდან ამოჭრილი სტატიები. მან თავად უნდა გახსნას მკვლელობა.

არ არის ადვილი, რომ აკა მორჩილაძის ამ წიგნს უბრალოდ და მარტივად სიტყვა „წიგნი“ ვუწოდოთ.  ასეთი ფორმის გამოცემა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში შეიძლება, ნამდვილ ექსპერიმენტად ჩაითვალოს. ერთი მთლიანი ამბავი მხოლოდ ყველა დეტალის კარგად შესწავლის შემდეგ იკვრება. მანამდე კი ეს დეტალები ხელიდან სხლტება და იფანტება (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით). მკითხველს ხშირად უწევს უკან მიბრუნება, ფიქრი და კავშირების დანახვა მოვლენებს შორის.

კითხულობ ერთ საქაღლდეში მოთავსებულ ღია ბარათებს, რომლებიც არაფერს გეუბნება. იმავე საქაღალდიდან ამოღებული წერილების ან დღიურის წაკითხვის შემდეგ კი სულ პატარა ღია ბარათიც დიდ მნიშვნელობას იძენს. 
თითოეული ჩანაწერის ან ბროშურის წაკითხვის შემდეგ თითო პატარა დეტალი ემატება ერთ დიდ პაზლს, რომელიც ნელ-ნელა ივსება და ერთიან სურათს ემსგავსება. თუმცა შეუძლებელია მთლიანად დაინახო, სანამ ყველა ნაწილს არ შეაგროვებ და თავის ადგილას არ დაამაგრებ.

თავად აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) თავს მწერლად არ მიიჩნევს, თუმცა უკვე არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული. სანტა ესპერანსა მის მიერ გამოგონილი ქვეყანაა, რომელიშიც მოქმედება „მისტერ დიქსლის საიდუმლო ყუთის“ შექმნამდე სხვა, ასევე ნაწილებისგან შემდგარ წიგნში მიმდინარეობს.

ავტორი დეტექტივის როლში მყოფ მკითხველს არაერთ ლიტერატურულ ალუზიას სთავაზობს. სხვადასხვა პერსონაჟთან პარალელები და მინიშნებები საკმაოდ დიდ შინაარსობრივ დატვირთვასაც ატარებს და დამატებით სასიამოვნო მომენტებსაც ქმნის მკითხველისთვის.

ლიტერატურული პერსონაჟების გარდა საკმაოდ ნათელი მინიშნებაა ერთერთ რეალურად არსებულ  ადამიანზე, რომელსაც ყველა ქართველი კარგად იცნობს.


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავად შეძვერით მისტერ დიქსლის სეიფში, ამოქექეთ შეგროვილი მასალა და  თავად ამოხსენით ჯესიკა დე რაიდერის, ამირბარის, გიგისა და სიდონია სამარია პოლოს ამბავი. 

Saturday, September 21, 2013

სიყვარულის ორმოცი წესი

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია". პირველი დავალება. 



-  აჰა, ისმინე წესი პირველი: „ღმერთის შენეული აღქმა ზუსტად შენი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშითა და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ.“

თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ თხრობით იწყება.  ელა ლიტერატურულ სააგენტოში იწყებს მუშაობას და უცნობი მწერლის, აზიზ ზაჰარას ხელნაწერის წაკითხვა უწევს. წიგნის პერსონაჟს, მოხეტიალე დავრიშს აყოლილი ელა ავტორითაც ინტერესდება და აზიზთან მისთვის მოულოდნელ, ვირტუალურ ურთიერთობას აბამს.
ასე რომ, ელიფ შაფაქი  საკუთარ მკითხველს ორ, სივრცესა და დროში განსხვავებულ სამყაროს სთავაზობს - ერთი მხრივ თვალს ვადევნებთ ამერიკელ დიასახლისს თავისი პრობლემებით, წესებით, რუტინით, ქმრის ღალატის ატანით. რომანის განმავლობაში ელა ნელ-ნელა ხვდება, რომ ქმრის მიმართ გრძნობები არ აქვს და მთლიანად ერთფეროვნებაშია ჩაფლული. ამის პარალელურად კი უცნობი ავტორი უყვარდება. რომანის ბოლოს არაფრით გამორჩეული, წესრიგისმოყვარული ელასგან გამბედავ, ძლიერ და დამოუკიდებელ ელას ვიღებთ. მეორე მხრივ კი თან დავყვებით  მოხეტიალე დავრიშს, შამს თებრიზს.


შამსის მოგზაურობის აღწერისას ელიფ შაფაქი მთელი სიმძაფრითა და ამაზრზენობით გვანახებს საზოგადოების იმ ნაწილის ქცევას, რომელიც თავს მორწმუნედ მიიჩნევს და თან ღვთის სახელით ჩასაქოლად წირავს მეძავს, კეთროვანს, ლოთს... ავტორი ნათლად აღწერს ხალხში არსებულ ბოროტებასა და სიბრმავეს, რომელსაც საბოლოოდ სიყვარულის ორმოცი წესის მქადაგებელი შამსიც ეწირება.

ეპოქისა და რელიგიის სხვაობის მიუხედავად რთულია,  რომანის ამ ნაწილში არ ამოვიცნოთ ჩვენ გარშემო არსებული რეალობა. მე, როგორც მკითხველმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ წიგნში მითითებულ წლებს, ქალაქებსა და რელიგიას შევცვლით, ზუსტად იგივე სიტუაციასა და საზოგადოებას მივიღებთ, რაც დღეს, 2013 წელს არის ჩვენ გარშემო.
იგივე შეიძლება ითქვას  თანამედროვე ამერიკაში მცხოვრებ  ელაზე - დიასახლისის რუტინულ ცხოვრებაში ყველამ შეგვიძლია ამოვიცნოთ საკუთარი თავი, დედა, ბებია, მეზობელი, მეგობარი... სხვაობა მხოლოდ გამბედაობაშია - ელას გამბედაობა ეყო, უარი ეთქვა შეჩვეულ და აწყობილ ცხოვრებაზე და აჰყოლოდა სიყვარულს.
საერთო ჯამში მწერალი აშკარად დაგვანახებს - ღმერთი ყოველთვის ღმერთია, ბრმა საზოგადოება ყოველთვის ბრმა საზოგადოებაა და სიყვარული ყოველთვის სიყვარულია - რელიგიას, საუკუნეს და კონტინენტს მნიშვნელობა არ აქვს.

რომანის ერთ მომენტში ელა ნახულობს ვირტუალურად გაცნობილი აზიზ ზაჰარას ფოტოს და ხვდება, რომ „აზიზი, ეს იგივე შამსია“. იგი დიდხანს ფიქრობს, განგებ დაიმსგავსა აზიზმა საკუთარი პერსონაჟი გარეგნულად თუ ეს გაუცნობიერებლად მოხდა.

სანამ პოსტის წერას დავიწყებდი წიგნის ყდაზე მითითებულ საიტზე შევედი elifshafak.com. პირველივე გვერდზე ავტორის სურათი დავინახე და გავოცდი - ელიფ, ეს იგივე ელაა.