დღეს კალათბურთზე ვიყავი...
როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში ვერც მე გავიგე და ვერც იმან, ვინც დამპატიჟა.
ჩვენს ნაკრებს რაღაც მოუგია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდაო. ახლა კიდე ისრაელს ვეთამაშებოდით.
მოვიმარჯვე საქართველოს საშუალო ზომის დროშა და წავედი.
ჩემი ცოდნა კალათბურთის დარგში:
1.მოწინააღმდეგეები ცდილობენ ერთმანეთის კალათებში ბურთის ჩაგდებას.
2. არსებობს 1,2 და 3 ქულიანი "გოლები" (არ ვიცი კალათბურთულად მაგას რა ქვია)
3. კალათბურთს მაღალი ბიჭები თამაშობენ
4. ზაზა ფაჩულია წარმატებული ქართველი კალათბურთელია.
თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წამში მივაგენით ჩვენს სკამებს. კიდევ რამდენიმე წამიც იმისთვის დაგვჭირდა, რომ ჩვენს ადგილზე თვითნებურად მოთავსებული მაყურებლები გვერდით გადაგვეწია.
- რა არის ეს, რას დადიხართ, საათი არ გაქვთ თუ რა?! - აბუზღუნდა უკან რიგში მყოფი ხანშიშესული მამაკაცი. რომელიც მერე საბჭოთაკავშირისდროინდელი ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა.
მიწის თხილის ამოღებაც ვერ მოვასწარი ჩანთიდან, მაყურებლებმა ტაში დაუკრეს.
- რა ხდება? - გადავიხარე გვერდით და ჩუმად ვკითხე სანდროს.
მხრები აიჩეჩა.
სანდროს ცოდნა კალათბურთის დარგში:
1. კალათბურთი სპორტია.
(თუ ვაკნინებ, მაპატიოს)
ისევ გავერთე ჩემი თხილით. ამასობაში მეორედაც დაუკრეს ტაში.
- რა ხდება? - ჩუმად მკითხა სანდრომ.
მე მხრები ავიჩეჩე.
ნელ-ნელა გავერკვიეთ სიტუაციაში:
1. ჩვენგან მარცხნივ იყო მოწინააღმდეგის ფარი და იქ რომ წითელმაისურიანი ბიჭები ბურთს აგდებდნენ, გვიხაროდა.
2. მოწინააღმდეგეები ჩვენს ფარს არ აცილებდნენ.
3. თამაში მიდიოდა იზრაელის ნაკრებსა და ფაჩულიას შორის.
4. ლამის ჭერთან გამოკიდებულ ტაბლოზე ანგარიში ეწერა.
5. ზემოთმოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე გაურკვეველი რჩებოდა, რატომ ვიგებდით მთელი თამაშის მანძილზე ორიოდქულიანი სხვაობით.
ჩვენ მარჯვნივ ორი რიგი ეკავათ შუახანს გადაცილებულ ქალბატონებს. ძირითადად საუბრით ირთობდნენ თავს:
-რა ქნა ნიკამ, მოიყვანა ცოლი?
-არა, გოგო, ხო იცი მაგის ამბავი.
-რამდენი ხარ სიმაღლეში ბიჭო შენ? - მიმართავს წინ მჯდომ ფაჩულიასმაისურიან ბიჭს.
-1,74
- დედააა... მეტი არაა??
კიდევ უფრო წინ ორი მელოტი ისრაელელი იჯდა და მედგრად ცდილობდა მთელ დარბაზში ატეხილი "უუუუუუუ"-ს ძახილი ტაშით ჩაეხშო.
უკან რიგში მჯდომი ხანშიშესული მამაკაცი - ახლა გინდა უუუ იძახე და რაც გინდა ის! ჩაგიგდეს ჯარიმა!
ჩვენებმა დაკარგეს ბურთი.
ურმხმ - მალადეც!! (ნიშნისმოგებით)
მოწინააღმდეგემ ჩაგვიგდო ორქულიანი.
ურმხმ - ამ უბედურს ხო შარვლის ჩაცმა ვერ ვასწავლე. გაიხადა იმ დღეს პიჟამა და დარბოდა მარტო პლავკებით.
ჩემი ფიქრები ამ დროს: რად უნდოდა კალათბურთელს მოედანზე "პიჟამა" და "პლავკები" O_o
ჩვენებმა ჩააგდეს სამქულიანი.
ურმხმ - დაუკარით ტაში ხო დაუკარით... ზაზა რო ამოაცალო მაგათ დარჩება 0!!!
ჩემი ფიქრები: ეს კაცი ამათ სალანძღავადაა მოსული? O_o
ურმხმ - რას ჩამოიყვანეს ეს ამერიკელი. ჩამოწერილი ამერიკელია ეგ. წესიერი ვერავინ იშოვეს??!
ჩემი ფიქრები: არადა თითქოს კარგად თამაშობს.
ურმხმ - ნახე ერთი, იმ დაბალს ხო ხედავ. (მიმართავს გვერდით მყოფს) მაგას რო გამოიყვანს მოედანზე უკვე წააგებ. ნახე, ერთს თავი არ აქვს, მეორეს ტანი.
ჩემი ფიქრები: O_o
შესვენებაზე უეცრად ნაცნობი ხმა მომესმა (თუმცა, ნეტა, რას ველოდი):
- აქაც ეეეეს???
- ხო, ხო, აქაც მე ვარ - ჩაიცინა დუტამ.
როგორც ჩანს, მარტო მე არ აღმომხდა მსგავსი შინაარსის გმინვა.
იისფერი ბურთი უნდა "დაგვემუხტა" ჩვენი ენერგიით და მერე ევროპის ჩემპიონატზე გაგვეტანებინა ნაკრებისთვის. ბურთმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, კალათბურთში ცოტა გავერკვიე. საერთო მღელვარებაც გადმომედო. დროშაც ვიქნიე. მოგებაც გამიხარდა (97:91)
ბევრი რომ არ ვილაპარაკო - მე მომეწონა ^_^
P.S. ქალი მსაჯი გვყოლია. როგორც ურმხმ (უკან რიგში მჯდომი ხანშიშესული მამაკაცი) ირონიით ამბობდა - მანდილოსანი. აი, დაახლოებით ასეთი.