Saturday, July 16, 2011

მე მხატვარი ვარ

მე მხატვარი ვარ. ყოველ დილით ვხატავ ჯერ ცას, მერე მზეს, მერე ჩემს გაღვიძებას. სანამ ყავას დავხატავდე, ხშირად ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ წინა ღამეს ნახატი სიზმრები წავშალო. საშლელის გათავებამდე ვშლი სურათებს სიზმრებიდან, შეგრძნებებს კი ნელ-ნელა თვითონ გასდით ფერი.
თითქმის ყოველ დღე ყვითლად ვაფერადებ მოსახვევში გამოჩენილ ავტობუსს და მივდივარ სადმე - ან ქაღალდის უნივერსიტეტში, ან წარმოსახვით მთაზე, რომელიც არ არსებობს, ან ძალიან რეალურ მეგობართან. მეგობარი იმდენად რეალურია, რომ ნამდვილი სიმშვიდე გოგება, არანახატი.
ყველა მხატვარივით მეც ზოგი ნახატი-დღე ლამაზი, გამორჩეული და შესამჩნევი გამომდის. ზოგი კი ისეთი, რომ როცა შემდეგი ნახატის თვალიერებაზე გადახვალ აღარც კი გაგახსენდება.
ცაზე ხან ლურჯი საღებავი მექცევა, ხან მუქი მელანი, ხან კი ყველაფერი მედღაბნება და ქარი იწყებს ქროლას.
ფერების გამოყენება მიყვარს უხვად და ჭრელად. ჰაერში გავლებული ფერების უმეტესობა ფერადია. ოღონდ ყოველ საღამოს გასდის ფერი და ყოველ დილით თავიდან მიწევს გაფერადება. ძალიან მიყვარს გასაფერადებლები, მაგრამ ხან მეზარება ან მავიწყდება, ან ვერ ვასწრებ. იმ დღის ნახატები შავ-თეთრია ხოლმე და წვიმიანი, მოჟამული.
შავი და თეთრი ფერები არ არიან. თეთრი ის ადგილია, სადაც ჯერ არცერთი ფერი არ მოხვედრილა, შავი კი ის - სადაც ყველა ერთად მოხვდა.
იისფერი მიყვარს.
იისფერია ია, იისფერია სითბო, იისფერია ჩემი დახატული ბუშტები და ჩემი თმა, იისფერია მეშვიდე ხაზი ცისარტყელაზე, იისფერია ქოლგები.
შემიძლია ყველა ნახატი იისფერი იყოს... რეალური მეგობრის გარდა... რეალური მეგობარი ყველა ფერია, ყველაფერია, ყველა ფერიაა.
სანამ მე წარმოსახვით მთამდე მისასვლელ ტროტუარებს ვხატავ, სანამ მე ქაღალდისფერ უნივერსიტეტამდე მისასვლელ ავტობუსებს ყვითლად ვაფერადებ, სანამ მე სუნს და შეგრძნებებს ვხატავ, სხვა ადამიანები, რომლებისთვისაც მე მხოლოდ ნახატი ვარ და მეტი არაფერი, ხატავენ თავიანთ კაფეებს, მეგობრებს, წიგნებს, ზღვას, ხეებს, ტანსაცმელს, ქუჩებს. ზოგი ფერადს, ზოგი უფეროს. ზოგი აცნობიერებს, რომ მხატვარია, ზოგი არა... მაგრამ ყველა კი ხატავს. და ეს ყველა ნახატი, ყველა ოცნება, ყველა ფანტაზია რეალობაა... იმიტომ, რომ არსებობს.